მენიუ

ტურიზმის ბიზნესის სტუდენტების პრაქტიკა გერმანიაში

ტურიზმის ბიზნესის სტუდენტები ვახტანგ ყიფიანი და ზაქარია დავრეშიძე 3-თვიან პრაქტიკას გაივლიან გერმანიაში.

ტურიზმის ბიზნესის სტუდენტები ვახტანგ ყიფიანი და ზაქარია დავრეშიძე 3-თვიან პრაქტიკას გაივლიან გერმანიაში, მეკლენბურგ - წინა პომერანიის მიწაზე არსებულ სასტუმროებში.

როგორ შეირჩა სტუდენტები, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ ისინი, რომ მიეცეთ გერმანიაში პრაქტიკის გავლის შესაძლებლობა?

ზაქარია დავრეშიძე: ამისთვის, პირველ რიგში, სტუდენტი უნდა იყოს ტურიზმის ბიზნესის ბაკალავრი, სადაც საბაკალავრო პროგრამაში გაწერილია სავალდებულო პრაქტიკა სასტუმროში. შემდეგი მოთხოვნაა გერმანული ენის ცოდნა საწყის დონეზე. პროგრამის ხელმძღვანელია პროფესორი ნიკო კვარაცხელია, რომელსაც დიდი დამსახურება მიუძღვის ამ პროგრამის დანერგვაში. ვსარგებლობ შემთხვევით და გამოვხატავ მადლიერებას და პატივისცემას მის მიმართ.
ვახტანგ ყიფიანი: შერჩევის კრიტერიუმები არ ვიცი, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ამ საქმეში ჩართული პირები არიან ძალიან კეთილი და ჰუმანური ადამიანები, რადგან სტუდენტებს განვითარებისა და პროფესიული ზრდის ასეთ არაჩვეულებრივ საშუალებას გვაძლევენ. ჩემი აზრით, აუცილებელია გერმანული ენის ცოდნა და ალბათ, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობაც.

როგორ წარმოგიდგენიათ უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენება გერმანიის სასტუმროებში, რამდენად დაგეხმარებათ ეს ცოდნა და კონკრეტულად რა სახის იქნება პრაქტიკა?

ზაქარია დავრეშიძე: რაც შეეხება თეორიული ცოდნის გამოყენებას, განვლილი საგნები ნამდვილად გამომადგება პრაქტიკულად. მათ შორის გამოვარჩევდი „სასტუმროსა და რესტორნის მენეჯმენტს“, სადაც კონკრეტულად განხილულია სასტუმრო და მისი მუშაობის სპეციფიკა, რაც დამეხმარება სამუშაო პროცესის ათვისებაში. პრაქტიკა მოიცავს სასტუმროში შემდეგ პოზიციებზე მუშაობას: სამზარეულო, სერვისი, housekeeping. თუ სტუდენტი ფლობს გერმანულ ენას საშუალოზე მაღალ დონეზე, მას პრაქტიკის გავლა შეეძლება სასტუმროს მიმღებში.
ვახტანგ ყიფიანი: დარწმუნებული ვარ, ძალიან დამეხმარება გერმანიაში მიღებული პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება. დამეხმარება თუნდაც კომუნიკაციებში, თავდაჯერებას შეგვმატებს. გავეცნობით მომსახურების დონეს, შევადარებთ, შევაფასებთ, გავაანალიზებთ. ეს ყველაფერი კი ძალიან ნაყოფიერი და შედეგიანი იქნება.

რა მოლოდინი გაქვთ, როგორ ფიქრობთ, რა უნარებით დაუბრუნდებით საქართველოს და როგორ გამოიყენებთ მათ?

ზაქარია დავრეშიძე: პირველ რიგში, ვფიქრობ, რომ შევიძენ იმას, რითიც განთქმულია გერმანელი ხალხი - ესაა მათი შრომის კულტურა და პუნქტუალურობა, ასევე, პრაქტიკა დამეხმარება თეორიული ცოდნის გამყარებაში და, საერთო ჯამში, კარგ და საჭირო გამოცდილებას მივიღებ, თუმცა დაბრუნების შემდეგ კონკრეტულად რაში გამოვიყენებ, არ ვიცი, არ მიფიქრია. ჯერჯერობით ვაპირებ მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელებას.
ვახტანგ ყიფიანი: ვფიქრობ, რომ ვიქნები ბევრად უფრო გაზრდილი და ბევრად უფრო შემართული, როცა დავბრუნდები საქართველოში, თუმცა ჯერ არ მიფიქრია, მომავალში როგორ გამოვიყენებ პრაქტიკის შედეგებს.

როგორია თქვენი განწყობა გამგზავრების წინ?

ზაქარია დავრეშიძე: ვარ მოტივირებული და პოზიტიური განწყობით მივემგზავრები.
ვახტანგ ყიფიანი: რასაკვირველია, მიხარია, მაგრამ ჩემი განწყობა გამგზავრების წინ არ არის ერთგვაროვანი. მიძნელდება შეყვარებულის და ოჯახის წევრების დატოვება, თუმცა ვაცნობიერებ, რომ საქმეს ასე სჭირდება, რომ ეს ნაბიჯი მომავალში წარმატებებს მომიტანს.

ვახტანგს და ზაქარის წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი ბედნიერ მგზავრობას და პრაქტიკული სწავლების წარმატებულად წარმართვას უსურვებს.

მოამზადა ნინო აბრამიშვილმა

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

Learn More

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა