მენიუ

ინტერვიუ გიგა ჩალაურთან

ინტერვიუ კომპიუტერული მეცნიერების სამაგისტრო პროგრამის ახალგაზრდა ლექტორთან.

 

კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულება მუდმივად განვითარებადი დარგია, ამიტომ საკუთარ თავს არასდროს აძლევს მოდუნების უფლებას წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების სამაგისტრო პროგრამის ასისტენტ-პროფესორი, გიგა ჩალაური. საკმაოდ ღრმა თეორიული ცოდნისა და დიდი პრაქტიკული გამოცდილების მქონე ლექტორი SANGU-ში უძღვება სასწავლო კურსებს: არარელაციურ მონაცემთა ბაზები და დიზაინის ნიმუშების გაღრმავებული კურსი. ამასთან, იგი მოქმედი პროგრამისტია და ამჟამად საზღვარგარეთ მუშაობს.რა უნარებია საჭირო აღნიშნულ დარგში პროფესიონალად ჩამოყალიბებისთვის, რა უპირატესობა აქვს SANGU-ს კომპიურეტული მეცნიერების სამაგისტრო პროგრამას, რას შეისწავლიან სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარების მსურველები, ამის შესახებ ინტერვიუდან შეიტყობთ.

გიგა, მოგესალმები.
მოგესალმებით.

როგორი უნდა იყოს აღნიშნული დარგის სპეციალისტი, რომ სათანადო მომავალი თაობა აღზარდოს?
ჩემი აზრით, თუ ვინმე გადაწყვეტს პროგრამისტობას და ზოგადად იმ დარგის სპეციალისტობას, რომელსაც კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულება ჰქვია, გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ ეს დარგი არის მუდმივად განვითარებადი და მოდუნების საშუალება არ ექნება. თითოეულმა ადამიანმა ყოველდღიურად უნდა იმუშაოს საკუთარ თავზე, რომ არ ჩამორჩეს დროს და განვითარებას. რაც შეეხება მომავალი თაობის აღზრდას, მთავარი, ალბათ, სწორი მიმართულების მიცემაა, რადგან ამ მიმართულებაში უამრავი ქვემიმართულებაა და ყველაფრის ცოდნა შეუძლებელია. ამიტომ, ვფიქრობ, რომ გარკვეულ ეტაპზე უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს, რა მიმართულებებია და მას შემდეგ, რაც თითოეული მათგანი აირჩევს იმ ქვემიმართულებას, რომელიც მას უფრო მოსწონს, შეიძლება ვიფიქროთ სიღრმისეული ცოდნის მიცემაზე.

რამდენი წელია, რაც ამ მიმართულებით დაინტერესდით და რატომ, როგორია თქვენი სამუშაო გამოცდილება?
ტექნოლოგიები და მოწყობილობები ბავშვობიდან მაინტერესებდა, მაგრამ პირველი შეხება პროგრამირებასთან 2011 წელს მქონდა, როცა უნივერსიტეტში ჩავაბარე. დამთავრებული მაქვს თსუ-ს ბაკალავრიატი და მაგისტრატურა კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით (ორივე წარჩინებით, წითელ დიპლომზე) და საკმაოდ კარგი თეორიული ცოდნა მივიღე, თუმცა, რაც შეეხება პრაქტიკულ გამოცდილებას, 2013 წლის აგვისტოდან დავიწყე სტაჟიორად მუშაობა ერთ-ერთ სამინისტროში. სამ წელიწად-ნახევარი ვიმუშავე და მას შემდეგ მივიღე შემოთავაზება პოლონეთის ერთ-ერთი კომპანიიდან. ამჟამად ვარ პროგრამული უზრუნველყოფის უფროსი ინჟინრის პოზიციაზე.

ევროპული ცოდნა-გამოცდილების გაზიარება რამდენად მნიშვნელოვანია ქართველი სტუდენტებისთვის, თქვენი საგნის სასწავლო სილაბუსიც, ალბათ, უცხოური უნივერსიტეტების გამოცდილებაზე დაყრდნობით არის შედგენილი?
პირველ რიგში, სილაბუსებზე ვიტყვი, რომ ნამდვილად ეფუძნება ევროპული და ამერიკული წამყვანი უნივერსიტეტების სილაბუსებს, თუმცა არ არის ,,გადმოკოპირებული“ და მაქსიმალურად მოვარგეთ საქართველოს რეალობას. ასევე, ჩვენ ვასწავლით იმ საკითხებს, რომელთაც დამსაქმებლების 99% ითხოვს გასაუბრების პირველივე ეტაპზე და ჩვენი სტუდენტები ამით ძალიან კმაყოფილი არიან. ძალიან ბევრი კარგი და წარმატებული ქართველი პროგრამისტია ისეთ დიდ კომპანიებში, როგორებიცაა Google, Facebook და მრავალი სხვა და მათი გამოცდილების გაზიარება, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია და მეც ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვესწრები ხოლმე მათ მოხსენებებს, როდესაც ამის საშუალება მაქვს.

საჭირო და აუცილებელი უნარები, რომლებიც ამ სფეროში წარმატებული საქმიანობისთვის არის მნიშვნელოვანი?
ალბათ, ყველაზე საჭირო უნარი მაინც არის ის, რომ გქონდეს ნებისყოფა, დაუთმო ძალიან დიდი დრო საკუთარ თავს. ბევრი უშვებს შეცდომას და, როგორც კი სამსახურს იშოვის, ახალი რაღაცეების სწავლას ნელ-ნელა თავს ანებებს. ცუდად შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ ეს ნელი მოქმედების პროფესიულ გარდაცვალებას ჰგავს, რადგან რამდენიმე წელში, შეიძლება ის ტექნოლოგია, რომელზეც ახლა მუშაობს, საერთოდ არ იყოს პოპულარული. გარდა ამისა, ვფიქრობ, ძალიან კარგია კარგი მათემატიკური ცოდნა. ერთ მაგალითს გეტყვით, ამჟამად რომელ კომპანიაშიც ვმუშაობ (Grand Parade), გასაუბრებაზე მქონდა ამოცანა, რომელიც პროგრამირებაზე მეტად მათემატიკას წააგავდა, რადგან საკმაოდ კარგი მათემატიკური ბექგრაუნდი მქონდა სკოლიდანაც და უნივერსიტეტიდანაც, ამოცანასაც მარტივად გავართვი თავი. ამიტომ მოსაზრება, რომ პროგრამისტობა მინდა და რატომ მასწავლიან ამდენ მათემატიკას, ძალიან მცდარია.

რატომ უნდა აირჩიონ, რა უპირატესობა აქვს SANGU-ს კომპიუტერული მეცნიერების სამაგისტრო პროგრამას, რა გამოარჩევს მას, რითია უპირატესი?
SANGU-ს სამაგისტრო პროგრამა, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში, თუ ყველაზე საუკეთესო არა. ამ პროგრამაში გაერთიანებულია ისეთი თემები, როგორებიცაა: ნეირონული ქსელები, კიბერუსაფრთხოება, სხვადასხვა ტიპის მონაცემთა ბაზები, მონაცემთა ვიზუალიზაცია, პარალელური დაპროგრამება და ბევრი სხვა საინტერესო თემა, არ მინდა, უბრალოდ, რამე გამომრჩეს. თუ თქვენ თვალს გადაავლებთ იმ ტემპს, რომლითაც, მაგალითად, ნეირონული ქსელები და ხელოვნური ინტელექტი ვითარდება, ბევრი კითხვა გაგიქრებათ. გარდა ამისა, ამ საგნებს ასწავლიან ისეთი ახალგაზრდები, რომელთა ყოველდღიური საქმიანობაც ამასთანაა დაკავშირებული და ეს იმის გარანტიაა, რომ ისინი მუდმივად მიაწვდიან სტუდენტებს სიახლეების შესახებ ინფორმაციას. ბევრ მათგანს პირადად ვიცნობ და ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს, ნაწილი ჩემი კურსელები არიან, ნაწილი ჩემი ძველი თანამშრომლები და ნამდვილად თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან.

დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებ.
გმადლობთ.

მოამზადა ნინო აბრამიშვილმა



გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

Learn More

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა