“შეიცან თავი შენი” - შოთა მუმლაძე

სტუდენტობის წლები, ადამიანის ცხოვრებაში, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე უფრო შთამბეჭდავი პერიოდია. ადამიანი, პიროვნებად საბოლოოდ ამ დროს ყალიბდება; იძენს განათლებასა და გამოცდილებას მომავალი ცხოვრებისათვის. ცხადია, ამ ყველაფერში დიდ როლს ასრულებს უნივერსიტეტი, აძლევს რა, სტუდენტს განათლებას; ეხმარება მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებასა და პრიორიტეტების განსაზღვრაში.

ჰუმანიტარულმა სფერომ ბავშვობიდანვე დამაინტერესა. წიგნიერების თვალსაზრისით საქართველოს მდიდარი ისტორიული წარსული გააჩნია, საკმარისია, გავიხსენოთ მე-4 საუკუნის ფაზისის და განვითარებული შუა საუკუნეების გელათისა და იყალთოს აკადემიები, ასევე უცხოეთში არსებული არაერთი ქართული საგანმანათლებლო კერა.

ამ უნივერსიტეტში ჩაბარებამდე ვსწავლობდი თეოლოგიას, თუმცა გადავწყვიტე, სპეციალობა შემეცვალა და ამ უნივერსიტეტში ისტორიის მიმართულებაზე ჩამებარებინა. აქ გატარებულმა 2 წელმა დამარწმუნა, რომ თავის დროზე სწორი გადაწყვეტილება მივიღე, როცა ეს უნივერსიტეტი ავირჩიე. ვარ სრულიად თავისუფალ გარემოში, სადაც არაერთი ადამიანისაგან ვგრძნობ თანადგომასა და მხარდაჭერას, განვითარებისა და მეტი ცოდნის შეძენისათვის.
ვსწავლობ თითქმის ყველა ძირითად საისტორიო დისციპლინასა და საგანს; ასევე არჩევით საგნებს, რაც საშუალებას მაძლევს მივიღო არა მხოლოდ ისტორიის საფუძვლიანი ცოდნა, არამედ გავიღრმავო ცოდნა სხვა მიმართულებებითაც, რომლებიც მე მაინტერესებს.

ჩემი აზრით, წარმატების მისაღწევად სამი რამ არის საჭირო: პირველი -  პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა; რა საკითხია ან რომელი სამეცნიერო თუ სასწავლო პროგრამაა აქტუალური, რომელიც კარგ ცოდნას მოგცემს და სამომავლოდ შენი წარმატების გარანტიც იქნება. მეორე - სასწავლო გარემო, კარგი უნივერსიტეტი, მაღალი დონის პროფესურით. მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი - თავდაუზოგავი შრომა დასახული მიზნის მისაღწევად.

ვფიქრობ, ამ უნივერსიტეტში სამივე ეს კომპონენტი ჩინებულადაა გაერთიანებული.