ქართული უნივერსიტეტის ფსიქოლოგების ახალი, საერთაშორისო წარმატება

ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანია საერთაშორისო ღონისძიებებში პროფესიული ჩართულობა და ინტერნაციონალიზაცია. უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის მიმართულების პროფესურა, ამ მხრივ მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს.

პროფესორ დიმიტრი ნადირაშვილის ინიციატივით 2018 წელს გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი „პულიის გეშტალტ ინსტიტუტთან“ (იტალია). მისი ხელმძღვანელის, იტალიის გეშტალტთერაპევტთა ფედერაციის პრეზიდენტის, პროფესორ ალექს ლომაჩის ინიციატივით, სამხრეთ იტალიაში ყოველწლიურად ტარდება გეშტალტ ფსიქოთერაპევტთა საერთაშორისო ფორუმი (საზაფხულო სკოლა), სადაც გეშტალტთერაპიასა და ფსიქოლოგიური კონსულტირების სფეროში მოღვაწე სხვადასხვა ქვეყნების პროფესორ-მასწავლებლები და ტრენერები იყრიან თავს, რათა ერთმანეთს გაუზიარონ თავიანთი პროფესიული ცოდნა, გამოცდილება და სამეცნიერო-პრაქტიკული მიგნებები.

სწორედ ამ მიზნით წლევანდელ საერთაშორისო ფორუმზე, რომელიც 28-ივნისიდან 8 ივლისამდე მიმდინარეობდა, თავიანთი საავტორო ტრენინგ-სემინარის ჩასატარებლად მიიწვიეს ქართული უნივერსიტეტის პროფესორები - დიმიტრი ნადირაშვილი და თეა გოგოტიშვილი, რომლებიც ფსიქოთერაპიაში ევროპული EAGT აკრედიატაციის და EAP სერტიფიკატის მფლობელი, ფსიქოთერაპიის კვლევითი საერთაშორისო საზოგადოების SPR ნამდვილი წევრები არიან.

ფორუმი ტარდებოდა სამხრეთ იტალიაში, ქალაქ ლეჩეს მახლობლად მდებარე ისტორიული სალენტოს რეგიონში - „სანტა ჩეზარია ტერმე“, რომელიც ქრისტიანობაში ცნობილ, წმინდა ჩეზარიასთან არის დაკავშირებული და მისი სახელობის ტაძრით არის აღსანიშნავი.

პროფესორებმა დიმიტრი ნადირაშვილმა და თეა გოგოტიშვილმა გეშტალტთერაპევტებს და ფსიქოკონსულტანტებს რომის, ფლორენციის, პულიის, რიო დე ჟანეიროს და სხვა გეშტალტ ისნტიტუტებიდან, წარმოუდგინეს  თავიანთი 4 დღიანი საავტორო ტრენინგ-სემინარი „სხეულის ენა და განწყობის ფსიქოლოგიური მექანიზმები პიროვნული ავთენტობის თვალსაზრისით“. თემამ და მისმა მეთოდურმა მიგნებებმა საერთაშორისო პროფესიულ საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია, რადგან იგი ფსიქოლოგიასა და ფსიქოთერაპიაში სიახლეს წარმოადგენს. იგი ადამიანის პიროვნული ხასიათის ფორმირების და მისი ცვლილების ფსიქოლოგიურ მექანიზმებს ხნის განწყობის თეორიის და გეშტალტ ფსიქოთერაპიის პრაქტიკულ რესურსებზე დაყრდნობით.

აღნიშნული თემა, როგორც ერთ-ერთი „ნოუ ჰაუ“, შევა პროფესორების -  დიმიტრი ნადირაშვილისა და თეა გოგოტიშვილის ახალ მონოგრაფიაში „ცხოვრება, როგორც განწყობათა გეშტალტები“. წიგნი დამთავრების პროცესშია და გამოიცემა 2 ენაზე - ქართულად და ინგლისურად, რაც ქართული ფსიქოლოგიური სკოლის საერთაშორისო აღიარების სრულიად ახალ, თვისობრივად განსხვავებულ პერსპექტივას ქმნის.