მენიუ

ქართული უნივერსიტეტის სტიპენდიანტები

წარმოგიდგენთ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ისტორიის მიმართულების სტიპენდიანტს მარიამ მახარაშვილს

განვაგრძობთ რუბრიკას “ქართული უნივერსიტეტის სტიპენდიანტები” და წარმოგიდგენთ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ისტორიის მიმართულების სტიპენდიანტს მარიამ მახარაშვილს. ამბები ჩვენი ქვეყნის ისტორიის შესახებ ბავშვობიდან საინტერესო იყო მისთვის, რომელსაც დედა უყვებოდა, მისი ინტერესი კი სკოლაში გამძაფრდა სადაც ჩართული იყო ყველა ისტორიულ ღონისძიებაში და აქტიურად ამზადებდა თემებს სხვადასხვა ისტორიული ეპოქის შესახებ. რატომ აირჩია პროფესიად ისტორიკოსობა და როგორია მისი დამოკიდებულება სწავლისადმი ინტერვიუდან შევიტყობთ.

-    მარიამ მოგესალმები.
-    მოგესალმებით.

-    ისტორიის მიმართულების არჩევა და შემდეგ სტიპენდიანტის სტატუსის მოპოვება თავისთავად მეტყველებს ისტორიის მიმართ განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე. როდის და როგორ გააცნობიერე ეს ინტერესი, რომელსაც შემდეგ მოჰყვა ისტორიის ფაკულტეტზე ჩაბარების გადაწყვეტილება?
-     ჯერ კიდევ ადრეულ ბავშვობას უკავშირდება ჩემი განსაკუთრებული ინტერესი ისტორიის მიმართ. ძალიან მომწონდა დედის მიერ მონათხრობი გმირული ამბები ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან, რომელთაც ყოველთვის დიდი ინტერესით ვუსმენდი. შემდეგ კი ეს ინტერესი გამიძლიერდა სკოლაში, სადაც აქტიურად ჩავერთე ყველა ისტორიულ ღონისძიებაში, ვამზადებდი თემებს სხვადასხვა ისტორიული ეპოქის შესახებ. როდესაც ისტორიის მასწავლებელმა შეამჩნია ჩემი სიყვარული ისტორიისადმი, ყოველმხრივ მეხმარებოდა ცოდნის გაღრმავებაში, მაწვდიდა დამატებით ლიტერატურას. სწორედ ამ ყველაფერმა იქონია გავლენა ჩემზე და გადამაწყვეტინა ამესრულებინა ბავშვობის ოცნება, გავმხდარიყავი ისტორიკოსი და შემდეგ უკვე ჩემი მასწავლებლის მსგავსად შემეტანა წვლილი სხვა ბავშვების განათლების საქმეში. ქართულმა უნივერსიტეტმა კი ჩემი ოცნების ასრულების შესაძლებლობა მომცა. უკვე მესამე წელია, ყველა პირობა მაქვს ამ უნივერსიტეტში იმისთვის, რომ ვიყო განათლებული და რეალიზებული ისტორიკოსი.

-    სტიპენდიანტობა თავისთავად სასიხარულო მოვლენაა, შრომა გიფასდება, ამასთან, სტიმულიც არის, რომ მეტად მოინდომო, გამოავლინო შენი შესაძლებლობების მაქსიმუმი, თუ მონაწილეობ სამეცნიერო კონფერენციებში ან უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ სხვა აქტივობებში?
-     რაც შეეხება სტიპენდიანტობას, გამიჭირდება იმის გადმოცემა, თუ რა დიდი ბედნიერება იყო ჩემთვის იმის გაგება, რომ რთული სასწავლო პროცესის, დაძაბული გამოცდების შემდეგ, შრომა დამიფასდა. ამით უნივერსიტეტი დიდ მოტივაციას მაძლევს, რომ უფრო განათლებული და წარმატებული ვიყო. ვცდილობ არ გავუცრუო იმედები. ამისთვის კი აუცილებელია ყოველ სემესტრში უფრო მეტად განვითარება, ყურადღების მეტი მობილიზაცია. ჩემი აზრით, დიდი პასუხისმგებლობაა, გერქვას ქართული უნივერსიტეტის სტიპენდიანტი.Aამას, ორი სემესტრია, კარგად ვაცნობიერებ.Eეს ნიშნავს იმას, რომ საუკეთესო სტუდენტის სახე ხარ, რითაც მაგალითის მიმცემი უნდა იყო დანარჩენი სტუდენტებისთვის, ეს კი მოდუნების საშუალებას არ მაძლევს. ვესწრები უნივერსიტეტის მიერ გამართულ კონფერენციებს სხვადასხვა თემებზე. ჩართული ვარ სხვადასხვა აქტივობაში. მაგალითად, ჩემთვის საინტერესოა საზოგადო მოღვაწეების უნივერსიტეტში მოწვევა და მათი საჯარო ლექციების მოსმენა, ასევე, სხვადასხვა მუზეუმის დათვალიერება, რომლებიც ფაკულტეტის დეკანისა და ლექტორების მიერ არის ორგანიზებული. სხვა სტიპენდიანტებთან ერთად ერთ-ერთი ოჯახის მონახულებისა და საახალწლო საჩუქრებით გახარების პროცესშიც ვიყავი ჩართული, რამაც დიდი სიხარული მომანიჭა.

-     მართლაც, როგორც ჩანს, მოდუნების საშუალებას არ აძლევ საკუთარ თავს, მაგრამ განტვირთვაც ხომ აუცილებელია, როგორ ატარებ თავისუფალ დროს?
-    დროის დიდ ნაწილს უნივერსიტეტში ვატარებ, ნაწილს კი სწავლას ვანდომებ. თუმცა ვცდილობ, რომ ცოტა დრო მეგობრებსაც დავუთმო. შაბათ-კვირას იშვიათად, მაგრამ მაინც ვახერხებ განტვირთვას და ქალაქიდან გასვლას, თუმცა ჩემთვის ყველაზე საინტერესო მაინც სწავლის პროცესია. ამიტომ ბედს არ ვუჩივი.

-     ის დრო, რომელსაც უნივერსიტეტში ატარებ, როგორც ჩანს მნიშვნელოვანი ნაწილია შენი ცხოვრების, როგორია შენი ერთი დღე უნივერსიტეტში?
-     ჩემი დღე იწყება უნივერსიტეტში წასვლით, რაც ძალიან მახარებს, რადგან ჩემთვის უნივერსიტეტი, შეიძლება ითქვას, მეორე სახლივითაა. აქ შევიძინე ბევრი მეგობარი, რომლებიც დღეს მილამაზებენ და მიადვილებენ სწავლის პროცესს. მყავს გამორჩეული და საყვარელი ლექტორები, რომელთა ლექციებს დიდი სიხარულით ვესწრები, სწორედ მათი საშუალებით ვსწავლობ და ვიგებ უამრავ სიახლეს. უნივერსიტეტში ძალიან მეგობრული გარემოა. ჩვენი ფაკულტეტის დეკანი კი თითოეული სტუდენტის პრობლემითაა დაინტერესებული, ხელს გვიწყობს ჩვენი თავის რეალიზებაში, ცდილობს აქტიურად ჩაგვრთოს საგანმანათლებლო პროგრამებში, რაც გვეხმარება ცოდნის გაღრმავებაში.

-    უნივერსიტეტში გატარებულ დროში ბიბლიოთეკაში მუშაობაც იგულისხმება?
-    ძალიან ხშირად, თითქმის ყოველდღიურად, მიწევს ბიბლიოთეკით სარგებლობა. ამ კუთხით ქართული უნივერსიტეტი გამორჩეულია. აქვს შესანიშნავი ბიბლიოთეკა, თუმცა, ამასთანავე ხშირად დავდივარ საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკაში, სადაც უამრავ ახალ ინფორმაციას ვეცნობი.

-     დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებ.
-     გმადლობთ.


მოამზადა ნინო აბრამიშვილმა
ფოტოს ავტორი: ნუგზარ შონია

 

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

Learn More

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა