მენიუ

“ქართული უნივერსიტეტის სტიპენდიანტები”

წარმოგიდგენთ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ისტორიის მიმართულების IV კურსის სტუდენტ სალომე ქასაბიშვილს.

ჩვენ დღევანდელ რუბრიკაში წარმოგიდგენთ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ისტორიის მიმართულების IV კურსის სტუდენტ სალომე ქასაბიშვილს.

სალომე უნივერსიტეტში ადვილად არ მოსულა. როგორც თვითონ იხსენებს, ამისთვის ბევრი შრომა დასჭირდა. არც ახალ ცხოვრებასთან შეგუება და მისი გათავისება აღმოჩნდა ადვილი. როგორც ამბობს, ცხოვრების ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი დამთავრდა და დაიწყო ახალი უფრო მნიშვნელოვანი პერიოდი, პიროვნების ჩამოყალიბების, პროფესიული სრულყოფის ეტაპი, მაგრამ  გადასასვლელი გზაც რთული გამოდგა. სრულიად ახალი ცხოვრება ახალ,  უცხო გარემოში...

ასე აფასებს იგი ამ პერიოდს: ,,ამ ეტაპზე საკუთარი თავის ძიება, საკუთარი გზის გაგნება, როცა გინდა უკეთ გაიგო, ვინ ხარ, რისთვის მოხვედი და რა გინდა, ძალიან რთულია. საკუთარ თავში ჩაღრმავებით ეძებ, ძიების შემდგომ კი პროფესიაში ავლენ შენს ნამდვილ ცხოვრების გზას“, - ამბობს სალომე ქასაბიშვილი, რომელიც უკვე მეორედ გახდა სტიპენდიანტი. ის თვლის, რომ აქ, უნივერსიტეტში თავისი თავი, თავისი გზა იპოვა. ,,და დავადექი ამ არჩეულ გზას, რომელზედაც ვთვლი, რომ მყარად ვდგავარ და ბოლომდე გავყვები, იქამდე, სანამ მიზანს არ მივაღწევ....“

რა მიზნები აქვს სალომეს და რაზე ოცნებობს იგი? ამას არც მალავს. ეს არის ცოდნის დაუფლება, პროფესიული სრულყოფა, მაგრამ ეს არ არის მისთვის მთავარი, არა პირადული, არამედ საქვეყნო საქმე და თავისი ადგილი ამ ქვეყანაში, საქვეყნო ინტერესები. მოსწონს და უყვარს თავისი პროფესია და სამომავლოდ კონკრეტული მიმართულებაც არჩეული აქვს, მაგრამ, როგორც თვითონ ამბობს, მთავარია, ,,ამ ქვეყნის შვილმა გავაკეთო ის, რითაც გამოვადგები ქვეყანას, სოფელს და ოჯახს.“ - ეს მისი მიზანია, ხოლო ოცნება მშვიდობიან და ნორმალურ, დალაგებულ ქვეყანაში ცხოვრებაა. ,,ვიყო მომავალი წარმტებული ქვეყნისათვის“ - ეს არის ყველაზე ძვირფასი, მისი აზრით, რაც მას უნივერსიტეტმა შესძინა. 

თვლის, რომ უნივერსიტეტმა შრომა დაუფასა. სტიპენდიანტობა მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს, რაც კარგად აქვს შეგნებული და გაცნობიერებული. იცის, რომ უფრო მეტი და მეტი უნდა გააკეთოს, რათა  უფრო მეტად განვითარდეს. სტიპენდიანტობა მისთვის ის სტიმულია, რომელიც აიძულებს საკუთარ თავს მეტი მოსთხოვოს და წარმატებული იყოს მომავალში.

მისთვის მთავარი ქულები არ არის, არამედ იმაზე ფიქრობს, მიღებული ცოდნა როგორ გამოიყენოს ცხოვრებაში, მთავარი ის ქულებია, რომელთაც ცხოვრებაში მიიღებს, ცხოვრების ურთულესი გამოცდების ჩაბარების დროს.  უნივერსიტეტი კი მისთვის მეორე სახლია, მშობლიური სახლი. ფიქრობს, რომ ვერასდროს დაივიწყებს აქ გატარებულ წლებს, ცხოვრების საუკეთესო, ტკბილ დღეებს. კარგად ესმის, რა დამსახურებაც მიუძღვის უნივერსიტეტს არა მარტო მისი, არამედ სტუდენტი-ახალგაზრდობის პიროვნულ ჩამოყალიბებასა და სრულყოფაში. აქ ჩატარებული მნიშვნელოვანი თარიღების აღსანიშნავ ყოველ კონფერენციას, სტუდენტურ შეხვედრას თუ სხვა ღონისძიებებს იგი აღიქვამს, როგორც უდიდეს სტიმულს და მოტივატორს, რომელიც ახალგაზრდობას, სტუდენტობას აძლევს ძალისხმევას, იყოს აქტიური მომავალი თაობა, ქვეყნის კეთილდღეობისთვის მებრძოლი. 

ამისთვის კი თვითონაც აქედანვე ემზადება... როგორც დამწყები მკვლევარი, ცდილობს შეხება ჰქონდეს პირველწყაროებთან, რამდენადაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მომავალი ისტორიკოსებისთვის, მკვლევარებისთვის პირველწყაროებთან მუშაობას. ამ მხრივ შესანიშნავი შესაძლებლობა მიეცა:  საქართველოს ეროვნულ არქივში გაიარა სტაჟირება, იმუშავა წყაროებზე,  უშუალოდ დედნებზე, რამაც ძალიან ბევრი რამ ასწავლა. პირველწყაროებზე დაყრდნობით მოამზადა თემა. სამომავლოდ გეგმავს სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციაზე მის წარდგენას.

ქართული უნივერსიტეტი ულოცავს სალომეს სტიპენდიანტობას და დასახული მიზნების ასრულებას უსურვებს.

მოამზადა ნინო აბრამიშვილმა
ფოტოს ავტორი: ნუგზარ შონია

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

Learn More

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა