მენიუ

ქართულ უნივერსიტეტში “ახალგაზრდული ჩემპიონატი პროგრამირებაში 2019” გაიმართება

ქართული უნივერსიტეტის და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ "მზიური"-ს ორგანიზებით 5 მაისს, 10:00 საათზე, საქართველოში პირველად, ჩატარდება ახალგაზრდული ჩემპიონატი პროგრამირებაში

საინფორმაციო ტექნოლოგიებით დაინტერესებული ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის ხელშეწყობისა და მათი გამოვლენის მიზნით ქართულ უნივერსიტეტს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული საინფორმაციო  ტექნოლოგიების ცენტრ ,,მზიურთან”.  5 მაისს ჩატარდება მათი პირველი ერთობლივი ღონისძიება - ახალგაზრდული ჩემპიონატი პროგრამირებაში - 2019, რომლის დასკვნითი ტური 19 მაისს გაიმართება ქართულ უნივერსიტეტში.
ჩემპიონატის პირობებსა და მიმდნარეობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ გვესაუბრება ცენტრ ,,მზიურის” დირექტორის მოადგილე ამირან მეტრეველი.

- ბატონო ამირან მოგესალმებით.
- მოგესალმებით.

- მოკლედ რომ მოგვითხროთ თქვენი ორგანიზაციის საქმიანობის და მემორანდუმის შესახებ, რას გულისხმობს თქვენი თანამშრომლობა?
- საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი ,,მზიური” დიდი ხანია არსებობს, 1987 წლიდან. ეს არის საკმაოდ დიდი სასწავლო-კომპიუტერული ცენტრი, სადაც ძირითადად ახალგაზრდები, მაგრამ ასევე უფროსი ასაკის მსმენელებიც ეუფლებიან საინფორმაციო ტექნოლოგიების სხვადასხვა მიმართულებებს.  ქართულ უნივერსიტეტთან რამდენიმე წელია ვთანამშრომლობთ. ჩვენი საერთო ინტერესია საინფორმაციო ტექნოლოგიების მიხედვით ახალგაზრდების განათლება. წელს უფრო სერიოზულ სახეს ვაძლევთ ამ თანამშრომლობას და ვაწყობთ ჩემპიონატს, რათა გამოვავლინოთ ახალგაზრდები, რომელთაც არა მხოლოდ აინტერესებთ საინფორმაციო ტექნოლოგიები, არამედ აგრეთვე სათანადო უნარებსაც ფლობენ. 

- ჩემპიონატი პროგრამირებაში წელს პირველად ტარდება, რას გვეტყვით მის შესახებ, ვის შეუძლია მასში მონაწილეობის მიღება? 
- დიახ, პირველად ტარდება, თუმცა ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ ტრადიციულ ყოველწლიურ ჩემპიონატად იქცეს. მოგეხსენებათ ბევრი სხვადასხვა ოლიმპიადა ტარდება ცალკე მოსწავლეებისა და ცალკე სტუდენტებისთვის. ასეა ინფორმატიკაშიც, სტუდენტებს სკოლის ოლიმპიადებში მონაწილეობის უფლება არ აქვთ. დიდი ხანია ვფიქრობდით იმაზე, რომ მოგვეწყო ოლიმპიადა, სადაც ეს შეზღუდვა არ იქნება და ერთნაირად მიიღებენ მონაწილეობას მოსწავლეებიც და სტუდენტებიც.

- ჩემპიონატი არის ახალგაზრდული, რა ასაკის მონაწილეებისათვის ტარდება იგი, როგორია ასაკობრივი ზღვარი?
- ასაკობრივი ზღვარი არის დაწესებული, მასში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისაც 5 მაისამდე არ შეუსრულდება 21 წელი. მნიშვნელობა არა აქვს ის  სტუდენტი იქნება, მოსწავლე თუ ნებისმიერი სხვა სტატუსის ახალგაზრდა. 

- რამდენ ეტაპად გაიმართება ჩემპიონატი და როგორ შეძლებენ მსურველები დარეგისტრირებას?
- წელს ოლიმპიადას ორი ეტაპი ექნება: პირველი დაუსწრებელი ანუ ონლაინ შეჯიბრი, ინტერნეტით მიიღებენ მონაწილეობას და 5 მაისს სწორედ ეს ეტაპი იმართება, ხოლო ორი კვირის შემდეგ, 19-ში დასწრებული, დასკვნითი ტური გაიმართება, მასში მონაწილეობას მიიღებენ ის ახალგაზრდები, რომლებიც პირველ ტურში სათანადო შედეგს აჩვენებენ. შემდეგ წლებში გვინდა, რომ უფრო განვავითაროთ და ერთის ნაცვლად რამდენიმე ონლაინ ტური ჩავატაროთ. ეს მოგვცემს საშუალებას, უფრო მეტი ხალხი ჩავრთოთ, გეოგრაფიაც გავზარდოთ შეჯიბრის, რათა მთელი საქართველოს მასშტაბით გამოვავლინოთ ის ახალგაზრდები, რომელთაც შეუძლიათ ასეთ საქმეში გაიმარჯვონ. ჩემპიონატისთვის შეიქმნა სპეციალური საიტი, geochampion.ge მსურველებს შეუძლიათ ნახონ ეს საიტი, იქვე გაიარონ რეგისტრაცია, რომელიც უფასოა, რადგან გვინდა, რომ უფრო მეტი ხალხი დაინტერესდეს და უფრო მეტმა ახალგაზრდამ მიიღოს მონაწილეობა.

- მონაწილეობის მსურველებს საჩუქრები და პრიზებიც დააინტერესებთ...
- რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მონაწილეები დასაჩუქრდებიან სხვადასხვა ხარისხის დიპლომებით, მაგრამ იქნება ფასიანი საჩუქრებიც, ამისთვის ფონდი არის გამოყოფილი, ჯერჯერობით უნივერსიტეტი აფინანსებს. ჩვენი სტრატეგია ზოგადად, ასეთია, როდესაც ბავშვებს ეხება საქმე, ძვირფასი საჩუქრები არ მიგვაჩნია გამართლებულად, არამედ უფრო ნაკლებფასიანი და ბევრი საჩუქარი გვინდა ხოლმე, რათა რაც შეიძლება მეტ ბავშვს გადავცეთ, მაგრამ ეს ჩემპიონატი სხვანაირია, აქ მაინც უფრო მაღალი ასაკის ადამიანები იღებენ მონაწილეობას, ისინი ერთმანეთის გვერდით გამარჯვებისთვის იბრძოლებენ და ამიტომ გვინდა ფონდი ისე გამოვიყენოთ, რომ რამდენიმე პრიზი დაწესდეს და იყოს ღირებული. 

- გარდა ამ ჩემპიონატისა, კიდევ რა ღონისძიებებია განსაზღვრული მემორანდუმით? 
- ამ ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ვიწყებთ მათემატიკურ კონკურსს - ,,იმედი ხვალის“. რამდენიმე წელია, რაც ეს კონკურსი ტრადიციულად ტარდება ქართულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. წელსაც აუცილებლად ჩატარდება ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით. ეს კონკურსი ეხება მესამედან დან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეებს, ვეძებთ მათემატიკური ნიჭით გამორჩეულ ადრეული ასაკის ბავშვებს და შემდეგ მათ ვთავაზობთ მათი ნიჭის განვითარების სხვადასხვა გზას. მემორანდუმი მოიცავს იმ საქმიანობასაც, რომ მოსწავლეებს გავაცნოთ ყველა ის სიახლე, რაც ამ სფეროში უნივერსიტეტში ხდება და ახალგაზრდობას მივაწოდოთ ინფორმაცია ამის შესახებ.

- დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ.
- გმადლობთ.

მოამზადა ნინო აბრამიშვილმა
 

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

Learn More

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა