მენიუ

„ქართული უნივერსიტეტის სტიპენდიანტები”

წარმოგიდგენთ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის III კურსის სამართლის მიმართულების სტიპენდიანტ სუსანა კაკოსიანს

სუსანა კაკოსიანი სამართალმცოდნეობით სკოლის დამამთავრებელ კლასებში დაინტერესდა, აირჩია პროფესია და დღეს იგი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის III კურსის სამართლის მიმართულების სტიპენდიანტია. ამ გადასახედიდან, როდესაც თვალს ავლებს უნივერსიტეტში მოსვლამდე განვლილ ცხოვრებას, ფიქრობს, რომ სკოლამ დიდი როლი შეასრულა მის პიროვნულ სრულყოფასა და ჩამოყალიბებაში.

სუსანა მოგესალმები.
მოგესალმებით.

მიზნების განხორციელების მთავარი ეტაპი უნივერსიტეტში იწყება. რა იყო მანამდე, სად სწავლობდი და როგორ გაჩნდა ინტერესი შენ მიერ არჩეული სფეროს მიმართ?
სკოლის პერიოდი კახეთში გავატარე, სოფელ ხირსაში, სადაც მე-9 კლასის ჩათვლით ვსწავლობდი. შემდეგ კი სწავლა ქ. წნორის სკოლა "ინტელექტში" გავაგრძელე. ორივე სკოლამ დიდი გავლენა მოახდინა ჩემს აღზრდასა და პიროვნებად ჩამოყალიბებაზე. ჩემ გარშემო ყოველთვის იყვნენ ადამიანები, რომლებიც გვერდით მედგნენ, მახალისებდნენ და ძალას მაძლევდნენ... ჩემი პროფესიით, სამართალმცოდნეობით უშუალოდ უკვე დამამთავრებელ კლასებში დავინტერესდი და გადავწყვიტე კიდეც. სკოლაში კარგად ვსწავლობდი, მაგრამ ყველა საგანში ერთნაირად ბეჯითი და მონდომებული არ ვყოფილვარ. იყო გარკვეული საგნები, რომლებიც გამორჩეულად მომწონდა და მეცადინეობის უდიდეს დროს სწორედ მათ ვუთმობდი. ეს თვისება ცოტა არ იყოს, მაშინებდა, რადგან ვფიქრობდი, რომ ის უნივერსიტეტში სირთულეებს მომიტანდა. თუმცა მინდა ვთქვა, რომ პირველივე კურსიდან მომეწონა, თანდათანობით კი ძალიან შემიყვარდა საგნები, რომლებსაც ვსწავლობ, ამიტომ მყოფნის ნებისყოფა, მათ დიდი დრო დავუთმო. სკოლის პერიოდი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის, რადგანაც ვფიქრობ, რომ სკოლამ ძალიან დიდი სამსახური გამიწია, ძალიან გამზარდა და ჩამომაყალიბა. 

ასევე გაგიმართლა იმედები უნივერსიტეტმაც და შენ უკვე მეორედ გახდი სტიპენდიანტი. რას ნიშნავს შენთვის ეს სტატუსი?
სტიპენდიანტის სტატუსი დიდ და მნიშვნელოვან პასუხისმგებლობას უკავშირდება. არა მხოლოდ სწავლაში, არამედ ბევრ მნიშვნელოვან საკითხში, ყველაზე დიდ პასუხისმგებლობას საკუთარი თავის მიმართ ვგრძნობ. მგონია, რომ ვალდებული საკუთარი თავის, იმ მიზნების მიმართ ვარ, რომლებისთვისაც ვშრომობ. თითოეული წარმატება ადამიანს ზრდის პიროვნულად, მაგრამ ამავე დროს პასუხისმგებლობასაც მეტს აკისრებს. სტიპენდიანტის საპატიო სტატუსს უკვე მეორედ ვატარებ, ეს ჩემთვის სასიხარულო და საამაყოა. როდესაც ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტის სტატუსს ირგებ, ვალდებული ხდები ეს სახელი გაამართლო. ეს არ გულისხმობს მხოლოდ პროფესორ-მასწავლებლების თვალში, არამედ მოიაზრებს პასუხისმგებლობას ოჯახის მიმართ, მეგობრების მიმართ. რომელთა დახმარების გარეშეც, ყველაფერი მეტად რთული იქნებოდა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ხშირად მიწევს ჩემს ქმედებებზე დაფიქრება. შტიპენდიანტობა, ასე ვთქვათ, მუდმივად გაფხიზლებს და უფრო მეტი აქტიურობისკენ მოგიწოდებს.

თუ ახერხებ უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკულად შევსებას და სრულყოფას, რა პრაქტიკულ და სამეცნიერო აქტივობებში ხარ ჩართული?
სამართალი ძალიან მრავალფეროვანი და მდიდარი სამეცნიერო დარგია - მხოლოდ თეორიული ცოდნის მიღება მას ძალიან ზედაპირულს ხდის. ამიტომ თეორიული სალექციო კურსის გარდა, ვცდილობ ცოდნა და გამოცდილება მივიღო სხვადასხვა საჯარო ლექციიდან თუ პრაქტიკული ტრენინგებიდან. აგრეთვე, ვცდილობ, ჩართული ვიყო სხვადასხვა საზაფხულო პროექტში, რომელთა თემატიკა ასევე დამეხმარება კონკრეტული ცოდნის გაღრმავებაში. მოგეხსენებათ, სამართალი, როგორც დარგი, ადამიანებს შორის არსებულ ურთიერთობებზეა აგებული, ამიტომ მსგავსი პროექტები გამოცდილების მიღების მიზნით, ძალიან საჭიროა.

თავისუფალი დრო, ალბათ, ნაკლებად გაქვს, მოკლედ რომ გვიამბო, როგორია სტუდენტური ცხოვრება, რით ერთობით?
ამ ეტაპზე მეექვსე სემესტრის სტუდენტი გახლავართ. თითოეული სემესტრი სპეციფიკურია - განსხვავდება სწავლის სირთულე, ინტერესი კონკრეტულ საგნებთან მიმართებაში. მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის კი ყოველთვის დიდი შრომა და მონდომება არის საჭირო, თანაც ყოველდღიურად. მქონდა პერიოდი, როდესაც მიჭირდა საკუთარი დროის მართვა და ამ მხრივ გარკვეულ პრობლემებსაც ვაწყდებოდი. ბოლო თვეებია აქტიურად ვმუშაობ ამ საკითხზე და შედეგით ჯერჯერობით კმაყოფილი ვარ... 
ძალიან მიყვარს მეგობრებთან ერთად ყოფნა, ამიტომ ყოველთვის ვცდილობ გამოვნახო დრო მათთვის. ვიტყოდი, რომ მეგობრებთან ყოფნა ჩემი ყოველდღიურობის განუყოფელი და შეუცვლელი ნაწილია. უნივერსიტეტში სწავლის გარდა, რამდენიმე თვეა დამატებით დროს ვუთმობ უცხო ენებში მეცადინეობას.ასევე დავდივარ ქართული ცეკვების შემსწავლელ სამოყვარულო სტუდიაში, თავისუფალ დროს ვცდილობ ვესტუმრო სპორტულ დარბაზს, რადგანაც იქ ყოფნა და განტვირთვა ძალიან მიყვარს. თავისუფალი დრო მაქსიმალურად მაქვს განაწილებული ისე, რომ მეყოს როგორც სწავლისთვის, ასევე განტვირთვისა და დასვენებისთვის.

რას ნიშნავს შენთვის უნივერსიტეტში გატარებული დრო?
უნდა ვთქვა, რომ უნივერსიტეტში ყოფნა ძალიან მიყვარს, რადგანაც ამ გარემოცვაში თავს ბედნიერად და კომფორტულად ვგრძნობ. უნივერსიტეტში დროს ძირითადად ვატარებ ლექციებისა და სემინარების პერიოდში და თუ დრო მრჩება, სპორტული დარბაზითაც ვსარგებლობ. უკვე მესამე წელია, რაც უნივერსიტეტი ჩემი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, ამიტომაც აქ დიდი დროის გატარება მიწევს.  თუმცა, ჩემი თითოეული დღე უნივერსიტეტის გარეთაც ძალიან მრავალფეროვანია. როგორც მოგიყევით, ყოველდღიურად არაერთ აქტივობაში ვარ ჩართული. მიყვარს ასევე შემოქმედებითი ღონისძიებები და საღამოები, რომლებსაც ხშირად ვესწრები...

რამდენად ხშირად მიმართავ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას, რომელიც მრავალი სახის სერვისს გთავაზობთ?
ბიბლიოთეკით სარგებლობა როდესაც მჭირდება, ძირითადად მივმართავ უნივერსიტეტს, რადგანაც თითქმის ყოველთვის ვახერხებ საჭირო მასალისა და ინფორმაციის მოპოვებას. ასევე ვსარგებლობ სხვადასხვა ელექტრონული ბიბლიოთეკით.

და ბოლოს, რა რჩევას მისცემდი იმ სტუდენტებს, რომლებიც მიზნად ისახავენ პროფესიონალებად ჩამოყალიბებას?
ძალიან საპასუხისმგებლო და ამავდროულად სასიხარულოა, რომ მაქვს შესაძლებლობა, სტუდენტებს ჩემი პატარა გამოცდილება გავუზიარო. მთავარია, რომ ჩვენ გაგვაჩნდეს მიზანი და მუდმივად მივისწრაფოდეთ მისი რეალიზებისკენ. ჩემი აზრით, რაც უფრო აქტიურია ადამიანი, წარმატების მიღწევის მეტი შანსი აქვს. როდესაც გაქვს მიზანი და მისთვის არ იშურებ დროს, ძალასა და ენერგიას, შენ ამ დროს გადიხარ იმ რთულ გზას, რომელსაც გამარჯვებისკენ მიჰყავხარ.

დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებ.
გმადლობთ.


მოამზადა ნინო აბრამიშვილმა
ფოტოს ავტორი: ნუგზარ შონია

 

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

Learn More

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა