მენიუ

სპორტული ცხოვრება და სპორტსმენ სტუდენტთა მიღწევები

ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტების სპორტული მიღწევებისა და ზოგადად, საუნივერსიტეტო სპორტული ცხოვრების შესახებ გვესაუბრება რევაზ ქარჩხაძე

ქართულ უნივერსიტეტში სწავლობენ ისეთი სტუდენტები, რომლებიც არა მარტო ცოდნის მაღალ დონეზე დაუფლებით, არამედ სპორტულ არენაზე გამარჯვებებითაც გამოირჩევიან. უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდმა ახლახან წარმატებით ისაპარეზა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ფუტსალის ჩემპიონატში და გადავიდა მეორე ეტაპზე. ვულოცავთ მათ ამ გამარჯვებას და გთავაზობთ ინტერვიუს სპორტისა და სტუდენტური ცხოვრების ორგანიზების სამსახურის სპორტის მენეჯერ რევაზ ქარჩხაძესთან, რომელიც ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტების სპორტული მიღწევებისა და ზოგადად, საუნივერსიტეტო სპორტული ცხოვრების შესახებ გვესაუბრება.

-    რევაზ მოგესალმები.
-    მოგესალმებით.

-    როგორ შეაფასებდით ჩვენი ბიჭების თამაშს, როდის გაიმართება შემდეგი შეჯიბრი  და როგორია თქვენი მოლოდინი?
-    ჩვენმა გუნდმა მოახერხა მეორე ეტაპზე გადასვლა, რაც უკვე დიდი წარმატებაა, რადგან ამით გუნდმა მოიპოვა მომავალი სეზონისთვის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის უფლება. აქამდე გავმართეთ ექვსი შეხვედრა, მოვახერხეთ სამ მათგანში გამარჯვება, ჩემპიონობისათვის ბრძოლაში ვინარჩუნებთ პოზიციებს. ორშაბათს, 11 ივნისს, ქართული უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდი მნიშვნელოვან და პრინციპულ თამაშს გამართავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან. მატჩი გაიმართება ახალ სპორტის სასახლეში, 16:00 საათზე, ჩვენ დიდი იმედი გვაქვს სტუდენტების მხარდაჭერის და გამარჯვების მოპოვების. გუნდი აქტიურად ემზადება ამ შეხვედრისთვის. ფეხბურთელები ყველაფერს გააკეთებენ წარმატებისათვის,  ყველას ველოდებით სტადიონზე.

-    ქართულ უნივერსიტეტში სწავლობენ პროფესიონალი სპორტსმენები,  რომლებიც საკმაოდ წარმატებული არიან კონკრეტულ სპორტის სახეობებში, მათ შესახებ რას გვეტყვით, ვინ არიან ისინი?
-    დიახ, ჩვენი უნივერსიტეტი გამოირჩევა სპორტსმენი სტუდენტებით. სულ ახლახან ჩვენმა სტუდენტმა, გოჩა სიჭინავამ, რომელიც არის  საქართველოს ნაკრების წევრი მკლავჭიდში, მსოფლიოს, ევროპის და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორი ახალგაზრდებში, პირველად მიიღო მონაწილეობა საქართველოს ჩემპიონატში დიდებს შორის და გახდა ჩემპიონი (მარცხენა ხელი, 70 კილოგრამი). 2019 წლის ივნისში მან ევროპის ჩემპიონატზე საბერძნეთის ქალაქ ლაუთრაკიში ახალგაზრდებს შორის მოიპოვა ორი მედალი, მარცხენა ხელით მკლავჭიდში - ვერცხლის მედალი, მარჯვენა ხელით - ბრინჯაოს მედალი. მეორე დღეს კი მან დიდებს შორის მარცხენა ხელით შეჯიბრში მოახერხა მესამე ადგილზე გასვლა და ევროპის ჩემპიონატი ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ასე რომ, სულ სამი მედალი მოიპოვა, რაც ბრწყინვალე შედეგია ახალგაზრდა სპორტსმენისთვის. მას ნამდვილად დიდი პოტენციალი და მომავალი აქვს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ის არის საკმაოდ მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტი, რაც ორმაგად სასიხარულო და სამაგალითოა სხვა სპორტსმენებისთვისაც.
ასევე სასიხარულოა, რომ გოგონებიც არ ჩამორჩებიან სპორტულ ცხოვრებას, სამართლის პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი ლიკა ტორონჯაძე, პროფესიონალი ტაეკვონდოისტია, 11-გზის საქართველოს ჩემპიონი, გერმანიის ევროპის ჩემპიონატის სალიცენზიო ტურნირის გამარჯვებული. ლიკა არის ერთადერთი ქალი იმ ოთხ ქართველ ტაეკვონდოისტ სპორტსმენს შორის, რომლებიც იბრძვიან 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზიისთვის, ეს კი არის უმაღლესი მასშტაბის ღონისძიება. რაც მთავარია, ლიკა სულ რამდენიმე დღის წინ გაემგზავრა მსოფლიო უნივერსიადაზე ქალაქ ნაპოლიში, სადაც 9 ივლისს ის დაიცავს საქართველოს სახელს ქართული უნივერსიტეტიდან. ეს არის ორმაგად სასიხარულო, მოუთმენლად ველით მის გამოსვლას. მინდა დავამატო, რომ მიუხედავდ დატვირთული გრაფიკისა, გამუდმებული ვარჯიშებისა, ლიკა გამოირჩევა აკადემიური მოსწრებით, რაც, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, დიდი მაგალითი და მოტივაციაა ჩვენი სტუდენტებისთვის. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ სტუდენტების და განსაკუთრებით, სპორტსმენი სტუდენტების მხარდაჭერას, მათ სრულიად უფასოდ შეუძლიათ ისარგებლონ უნივერსიტეტის სპორტული დარბაზით.

-    რა სახის შიდა ტურნირები იმართება ქართულ უნივერსიტეტში და რამდენად არიან სტუდენტები ჩართული მსგავს აქტივობებში?
-    უკვე რამდენიმე წელია ტრადიციად იქცა ფეხბურთის და კალათბურთის ტურნირები. შემოდგომის სემესტრის დაწყებიდან სულ რამდენიმე კვირაში ვატარებთ შეჯიბრებებს, რათა გამოვავლინოთ ჩემპიონი გუნდები, აღმოვაჩინოთ ახალი სპორტსმენები, რომლებიც შემდგომ მოხვდებიან უნივერსიტეტის გუნდებში. ასევე ტრადიციად გვექცა ქართული უნივერსიტეტის მკლავჭიდის ჩემპიონატი, რომელსაც სხვა უნივერსიტეტებშიც აქვს საკმაოდ დიდი გამოხმაურება. რამდენიმე წარმატებული ტურნირის შემდგომ გაჩნდა იდეა, რომ დაწესდეს ქართული უნივერისტეტის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გარდამავლი თასი - მკლავჭიდში, რომელშიც ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტი შეძლებს მონაწილეობის მიღებას. ვფიქრობთ, ეს იქნება საკმაოდ შთამბეჭდავი და მაღალორგანიზებული შეჯიბრი, რითაც, პირველ რიგში, მხარს დავუჭერთ სპორტული, ჯანმრთელი ცხოვრების წესს, მივცემთ დამატებით მოტივაციას სტუდენტებს და ფართო საზოგადოებას გავაცნობთ ჩვენს უნივერსიტეტს და მის ღირებულებებს. ყოველწლიურად ვატარებთ ჭადრაკის, მაგიდის ჩოგბურთის, ფრენბურთის შეჯიბრებებს, ასევე სტუდენტებისგან წამოსულ ინიციატივებს სპორტულ აქტივობებთან დაკავშირებით. ორი წლის განმავლობაში გვყავდა გოგონათა ფრენბურთის გუნდი, ასევე, როგორც იცით, ჩვენს უნივერსიტეტს აქვს თანამედროვე, კომფორტული სპორტული დარბაზი, რომელიც ემსახურება უნივერსიტეტის თანამშრომელებს და, რაც მთავარია, სტუდენტებს. 

-    ქართული უნივერსიტეტის განახლებული სატრენაჟორო დარბაზი რა სიახლეებს სთავაზობს სტუდენტებს?
-    ჩვენს დარბაზში ჩატარდა სარემონტო სამუშაოები, მოწესრიგდა სავენტილაციო სისტემა, დაგვემატა ახალი ტრენაჟორები, დარბაზი წარჩინებულ სტუდენტებს, უნივერსიტეტის ლექტორებს, თანამშრომლებს ემსახურება უფასოდ, ხოლო სხვა დანარჩენს კი სიმბოლურ ფასად. ჩვენ მოხარული ვართ, რომ სულ უფრო მეტი და მეტი ადამიანი მოდის დარბაზში და მოვუწოდებთ ყველას, რომ არ გადადონ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა და დღეიდანვე შეუდგნენ მას. ველოდებით ყველას, ვისაც აქვს ამის სურვილი. ქართული უნივერსიტეტის სპორტისა და სტუდენტური ცხოვრების ორგანიზების სამსახური მუდამ ცდილობს და გააგრძელებს სპორტული და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას და გაძლიერებას.

-    დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ.
-    გმადლობთ.

მოამზადა ნინო აბრამიშვილმა
 

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

Learn More

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა