მენიუ

საუნივერსიტეტო ბიბლიოთება - სერიოზული სამეცნიერო რგოლი უნივერსიტეტის ცხოვრებაში

ქართული უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ზედმიწევნით კომფორტული გარემო და უნიკალური წიგნთსაცავი საკმარისი მიზეზი და საფუძველია იმისა, რომ ბიბლიოთეკა დიდი დატვირთვით მუშაობდეს
sauniversiteto-biblioteba-serioz

ქართული უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ზედმიწევნით კომფორტული გარემო და უნიკალური წიგნთსაცავი საკმარისი მიზეზი და საფუძველია იმისა, რომ ბიბლიოთეკა დიდი დატვირთვით მუშაობდეს. როგორ ფუნქციონირებს იგი, რა სიახლეებია და რა სამომავლო გეგმები აქვს, გვესაუბრება ბიბლიოთეკის დირექტორი, ქალბატონ თამარ კანტროშვილი.

ქალბატონო თამარ, მოგესალმებით.

მოგესალმებით.

როგორ მიმდინარეობს სამუშაო პროცესი? როგორ და რამდენად აკმაყოფილებს იგი უნივერსიტეტის სტუდენტთა ინფორმაციულ თუ ბიბლიოგრაფიულ მოთხოვნებს?

საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა სერიოზული სამეცნიერო რგოლია უნივერსიტეტის ცხოვრებაში, რომელიც საკუთარი საბიბლიოთეკო რესურსების მაქსიმალური გამოყენებით უზრუნველყოფს სასწავლო პროცესს. ამ მხრივ ბიბლიოთეკა ხელს უწყობს სასწავლო და კვლევით  პროცესს მკითხველს სთავაზობს მრავალფეროვან სამეცნიერო ლიტერატურას. ბიბლიოთეკა თავის საქმიანობას წარმართავს კომპიუტერული სამუშაო პროგრამის მიხედვით; ეს არის ელექტრონული კატალოგი OpenBiblio,  რომელიც განთავსებულია უნივერსიტეტის ვებგვერდზე. ლექტრონული კატალოგი აადვილებს ინფორმაციის სწრაფ მოძიებას, მომხმარებელს და ბიბლიოთეკარს საშუალება აქვთ მოძებნონ ლიტერატურა არა მხოლოდ ავტორისა და სათაურის, არამედ თემატიკის მიხედვით. ელექტრონულ კატალოგს აქვს წიგნის დაჯავშნის სერვისი, ცირკულაციის პროცესი: წიგნების გაცემა-დაბრუნება, სტუდენტს შეუძლია დაჯავშნოს წიგნი არა მარტო სამკითხველო დარბაზში, არამედ სახლიდან გაუსვლელად მოიძიოს საჭირო ლიტერატურა. ამ მხრივ ელექტრონული კატალოგი ძალიან გვიადვილებს სამუშაო პროცესს. ჩვენთან არაჩვეულებრივი გარემოა შექმნილი იმისთვის, რომ სტუდენტმა კარგად ისწავლოს და ჩამოყალიბდეს კვალიფიციურ სპეციალისტად.

თქვენი მკითხველები ძირითადად  უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები არიან, კიდევ ვის შეუძლია ბიბლიოთეკის ფონდით  სარგებლობა?

ძირითადად სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები სარგებლობენ ჩვენი ბიბლიოთეკით, თუმცა გარდა სტუდენტებისა, გარეშე პირსაც შეუძლია გაწევრიანდეს ბიბლიოთეკაში, მაგრამ წიგნს სახლში ვერ გაიტანს, მას მხოლოდ სამკითხველო დარბაზში შეუძლია მუშაობა. 

არის თუ არა ფონდში სასწავლო პროცესისთვის საჭირო სილაბუსებში მითითებული ლიტერატურა და როგორ ივსება იგი ახალი პროგრამების შესაბამისად?

ბიბლიოთეკის მრავალათასიან ფონდში თავმოყრილია სასწავლო-კვლევითი პროცესისათვის  აუცილებელი უახლესი სახელმძღვანელოები და წიგნები ყველა იმ საგანში, რომლებიც უნივერსიტეტის  პროგრამებით იკითხება. ეს სტუდენტს საშუალებას აძლევს შეუფერხებლად მიიღოს სასწავლო ლიტერატურა და გაიღრმავოს ცოდნა უნივერსიტეტის ტერიტორიიდან გაუსვლელად. აქტიურად ვართ ჩართული ახალი საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო საგანმანათლებლი პროგრამების აკრედიტაციის პროცესში. ეს არის  სილაბუსებში მითითებული ლიტერატურის შეჯერება ბიბლიოთეკის ფონდთან და შემდეგ მათი მოპოვება.  ბიბლიოთეკის ფონდი ძირითადად ივსება უნივერსიტეტის მიერ შეძენილი ახალი წიგნებით.

რამდენად არის ბიბლიოთეკა ინტეგრირებული  საბიბლიოთეკო ქსელში?

უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა არის საბიბლიოთეკო კონსორციუმის წევრი, ჩვენი  კონსორციუმი თავის მხრივ არის საერთაშორისო ორგანიზაცია ,,EIFL“-ის წევრი. აღსანიშნავია, რომ ჩვენს ბიბლიოთეკას კონსორციუმთან ხელშეკრულების საფუძველზე აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს უცხოური სამეცნიერო ბაზებით, ეს არის ელექტრონული პლატფორმა, რომელიც მოიცავს უცხოურ სამეცნიერო კვლევებს და მიზნად ისახავს, ქართველმა მეცნიერებმა და სტუდენტებმა შეძლონ ზღვა ინფორმაციის უფასოდ მიღება. მნიშვნელოვანია, რომ ელექტრონული ბაზები ფარავენ თითქმის ყველა სასწავლო მიმართულებას. აღნიშნული სამეცნიერო ელექტრონული ჟურნალები განთავსებულია უნივერსიტეტის ვებგვერდზე და აერთიანებს 100-ზე მეტი განვითარებადი და გარდამავალი ქვეყნების ბიბლიოთეკებს. 

ბიბლიოთეკის საფონდო მასალა ყოველწლიურად ივსება და მდიდრდება,  რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ ფონდის შევსებისა და საბიბლიოთეკო ტექნოლოგიების დანერგვის თვალსაზრისით, ვისთან თანამშრომლობთ, მემორანდუმები თუ გაქვთ გაფორმებული?

სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისა და მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტის მოსამზადებლად საჭიროა საბიბლიოთეკო ფონდის  მუდმივად  გამდიდრდება, ფაკულტეტების საგანმანათლებლო პროგრამებისათვის გათვალისწინებული უახლესი სამეცნიერო ლიტერატურის შესაბამისად, ახალი ციფრული და ბეჭდური გამოცემებით. წიგნადი ფონდის გამდიდრების მიზნით გავაფორმეთ მემორანდუმები გამომცემლობებთან: ,,უნივერსალთან“, ,,მერიდიანთან“, ,,პალიტრა L-თან”, რომლებიც პერიოდულად საჩუქრად გვაწვდიან სამეცნიერო და მხატვრულ ლიტერატურას. აგრეთვე ვთანამშრომლობთ პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან,  ალექსანდრე დიუმას ცენტრთან, ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკასთან. ჩვენს სტუდენტებს აქვთ წვდომა პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ განყოფილებასთან, მათ შეუძლიათ ჩამოტვირთონ საჭირო ლიტერატურა.

მნიშვნელოვან გამოწვევად მიგვაჩნია საუნივერსიტეტო  საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდება ელექტრონულ ბაზებთან დაკავშირებით. ვგეგმავთ ჩავატაროთ გაფართოებული შეხვედრა თითოეული პროფესორ-მასწავლებლისა და სტუდენტის მონაწილეობით, რათა ყველასათვის გასაგები გავხადოთ ელექტრონული ბაზებით სარგებლობის აუცილებლობა, საჭიროება და უპირატესობები. სამომავლოდ ვაპირებთ, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა ვაქციოთ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრად. ამისთვის ვგეგმავთ შეხვედრების ორგანიზებას სხვადასხვა ავტორ-გამომცემლებთან და მთარგმნელებთან, რათა უნივერსიტეტის საზოგადოებას გავაცნოთ გამომცემლობების ახალი სტრატეგიები, სტანდარტები და მთარგმნელობით დარგში მიმდინარე პროცესები.

დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ.

გმადლობთ.

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

Learn More

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა