მენიუ

ინტერვიუ სტუდენტური თვითმმართველობის ახალ პრეზიდენტთან

შეგვიძლია შევქმნათ ის გარემო, რაც სტუდენტებს სჭირდებათ სტუდენტური ცხოვრებისთვის, დაგეგმილი ღონისძიებები მაქსიმალურად მორგებული იქნება სტუდენტთა ინტერესებზე

ქართული უნივერსიტეტის თვითმმართველობას ახალი პრეზიდენტი ჰყავს. 2019 წლის მიწურულს, ქართული უნივერსიტეტის სტუდენტებმა სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების საფუძველზე, ხმათა უმრავლესობით, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის სამართლის მიმართულების IV კურსის სტუდენტი, მარიამ ზაქარიაშვილი აირჩიეს, რომელიც თავის გუნდთან ერთად აქტიურ მუშაობას ახალი სემესტრიდან შეუდგება.

-    მარიამ, მოგესალმები.
-    მოგესალმებით.

- პირველ რიგში, გილოცავ თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებას. უნივერსიტეტის სტუდენტებმა, თავიანთი არჩევანით, გამოგიცხადეს დიდი ნდობა, რომელსაც გამართლება სჭირდება, რამდენად ხარ მზად ამისთვის?
- დიდი მადლობა მოლოცვისთვის თქვენ, მადლობა ქართული უნივერსიტეტის სტუდენტებს და ჩემი გუნდის წერვებს. სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტობა მართლაც, საპასუხისმგებლო საქმეა, იმედი მაქვს გავამართლებ იმ ადამიანთა იმედებს, რომლებმაც ნდობა გამომიცხადეს. ჩემი არჩევის დღიდან თითქმის ყველა სტუდენტი გავიცანი და ვეცადე არსებულ სიტუაციას მოვრგებოდი. უნივერსიტეტში ბევრი რამ ვისწავლე, ძალიან მონდომებული ვარ და დიდი სურვილი მაქვს ჩემი გუნდის ხედვები წარმატებულად განვახორციელოთ. იმედი მაქვს, სტუდენტები მაქსიმალურად ჩაერთვებიან ჩვენ მიერ შეთავაზებულ აქტივობებში და ერთად შევძლებთ ქართული უნივერსიტეტის სტუდენტური ცხოვრება კიდევ უფრო აქტიური და საინტერესო გავხადოთ.

- როგორ დაკომპლექტდა ახალი გუნდი, გაგვაცანი არსებული დეპარტამენტები და მათი ხელმძღვანელები?
ქართული უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობას ჰყავს ორი ვიცე- პრეზიდენტი: რუსლან გერლიანი და ზურაბ (იაკობ) შანშიაშვილი;  საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ანა პაპავამ და ნინი კანტიძემ ჩაიბარეს; განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტს ქეთი კაცელაშვილი და ვლად ბასარია წარმოადგენენ, კულტურის დეპარტამენტს - დაჩი ჩიქოვანი და ნინო ჯანგავაძე; სპორტის დეპარტამენტს - გიორგი ბენდელიანი და ხვიჩა გელაძე; ექსკურსიისა და ლაშქრობების დეპარტამენტს კი გიორგი ბადაგაძე. იმედი მაქვს, სტუდენტური თვითმმართველობის ახალი შემადგენლობა, ერთობლივად, სტუდენტთათვის ბევრ სასიკეთო და საინტერესო აქტივობას განვახორციელებთ.

- როგორ აპირებთ მუშაობის გაგრძელებას, რა სიახლეებს შეიტანთ შენ და შენი გუნდი ახალი სტუდენტური თვითმმართველობის მუშაობაში?
- ძალიან კარგი გუნდი შეიკრიბა. აქედან გამომდინარე ვთვლი, რომ შეგვიძლია შევქმნათ ის გარემო, რაც სტუდენტებს სჭირდებათ სტუდენტური ცხოვრებისთვის, ვეცდებით მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჩვენ ხელთ არსებული შესაძლებლობები. დაგეგმილი ღონისძიებები მაქსიმალურად მორგებული იქნება სტუდენტთა ინტერესებზე.

- რას ურჩევ მათ, ვინც არ არის ჩართული აქტიურად სტუდენტურ ცხოვრებაში?
- ყველა აქტიურად უნდა იყოს ჩართული სტუდენტურ ცხოვრებაში. სტუდენტობის პერიოდი რაღაც გარდამავალ პერიოდს ჰგავს, ბავშვობიდან სრულ მოზრდილობამდე, და ვთვლი, რომ მსგავს აქტივობებში ჩართვა თითოეული სტუდენტისთვის გარკვეულწილად მოსამზადებელ პერიოდს წარმოადგენს, რომლის დროსაც სხვადასხვა უნარების გაუმჯობესებას ვუთმობთ დროს. ამასთან ერთად, თითოეული სტუდენტის ცხოვრებას მსგავსი აქტივობები მნიშვნელოვნად ამრავალფეროვნებს და საინტერესოს ხდის. სწორედ ამ მიზეზების გამო ვურჩევ იმ სტუდენტებს, რომლებიც აქტიურად არ მონაწილეობენ სტუდენტურ ცხოვრებაში, ჩაერთონ აქტივობებში, რომლის დახმარებითაც გაიცნობენ უამრავ საინტერესო ადამიანს და გარკვეულწილად გაიფერადებენ სტუდენტობას.

- რამდენად შეგეცვალა ცხოვრების წესი, როგორია შენი ერთი დღე უნივერსიტეტში?
- სანამ პრეზიდენტი გავხდებოდი, მანამდეც საკმაოდ დიდ დროს ვატარებდი უნივერსიტეტში, ახალ ეტაპზე გადავედი და შესაბამისად უფრო დიდ დროს ვუთმობ აქაურობას. ოფიციალურ საქმიანობას ახალი სემესტრიდან დავიწყებ ჩემს გუნდთან ერთად და ჩემი საუნივერსიტეტო დღეებიც უფრო გამრავალფეროვნდება.

- წარმატებებს გისურვებთ.
- დიდი მადლობა.


მოამზადა ნინო აბრამიშვილმა
ფოტოს ავტორი: ნუგზარ შონია

 

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

Learn More

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა