მენიუ

საპატიო მისიით იაპონიაში

ქართული უნივერსიტეტის რექტორი, ახლახან დაბრუნდა "ამომავალი მზის ქვეყნიდან", როგორც უწოდებენ იაპონიას, კერძოდ, ქ. კობედან, სადაც იგი საპატიო მისიით იმყოფებოდა: მონაწილეობდა სამეცნიერო კონფერენციის მუშაობაში.
sapatio-misiit-iaponiashi

ქართული უნივერსიტეტის რექტორი, ახლახან დაბრუნდა ,,ამომავალი მზის ქვეყნიდან“, როგორც უწოდებენ იაპონიას, კერძოდ, ქ. კობედან, სადაც იგი საპატიო მისიით იმყოფებოდა: მონაწილეობდა სამეცნიერო კონფერენციის მუშაობაში. პროფესორი სერგო ვარდოსანიძე გვიზიარებს იაპონიაში მიღებულ შთაბეჭდილებებს, მოგვითხრობს იქაური მასპინძლების შესახებ.

8-14 ნოემბერს კობეს მშვიდობის ინსტიტუტის მიწვევით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორ პროფესორ ვახტანგ ლიჩელთან ერთად ვიმყოფებოდი იაპონიაში. თბილისი-დუბაი-ოსაკა, 13- საათიანი საჰაერო მგზავრობის შემდეგ, 9 ნოემბერს, საღამოს 5 საათზე (ჩვენი დროით, 12:00 სთ.) ჩავფრინდით ოსაკაში, სადაც დაგვხვდნენ მასპინძლები. 10 ნოემბერს, ჩვენი ძირითადი მასპინძლის, პროფესორ სომა კოჯის თანხლებით, ვესტუმრეთ იაპონიის კათოლიკური ეკლესიის კარდინალს, მთავარეპისკოპოს ტომას მაიდანს, რომელმაც ბევრი რამ იცოდა საქართველოზე, ჩვენი ეკლესიის საჭეთმპყრობელ უწმინდეს და უნეტარეს ილია II-ზე. მას ვუსახსოვრე წმიდა თამარ მეფის გულსაკიდი ჯვრის ასლი და პატრიარქის საგალობლები, ამის შემდეგ დავათვალიერეთ ქ. ოსაკას ღირსშესანიშნაობანი და გვიან საღამოს გავემგზავრეთ ქ. კობეში.

11 ნოემბერს, ქ. კობეში სასტუმრო ,,პორტოპიას“ საკონფერენციო დარბაზში გაიხსნა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: ,,კონფრონტაციიდან თანხმობამდე“, რომლის მუშაობაში მონაწილეობდნენ 100-ზე მეტი ქვეყნის რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენლები. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო მხოლოდ ორი მოხსენება: 1) პროფესორი სერგო ვარდოსანიძე - ,,საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია (წარსული, აწმყო და მომავალი) და მსოფლიო მშვიდობის ასპექტები“. 2) პროფესორი ვახტანგ ლიჩელი - ,,ძველი საქართველო, მშვიდობა და კულტურა“.

მომხსენებლებმა ურთულესი ამოცანა შეასრულეს, მრავალრიცხოვან აუდიტორიას დამაჯერებლად მოუთხრეს უმრავლესობისათვის უცნობი უძველესი ცივილიზაციის მატარებელი ხალხის წარსული და აწმყო (მოხსენებას თან ერთვოდა მრავალრიცხოვანი ვიდეო და აუდიო მასალა). იყო გაოცებული სახეები, კვალიფიციური კითხვები და მომავალი თანამშრომლობის სურვილები. იმავე კონფერენციის ორგანიზატორების ძალისხმევით გაიმართა საზეიმო ვახშამი, რომელზეც გამოვიდნენ სხვადასხვა ქვეყნის რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელნიც აცხადებდნენ: მრავალეროვნულ, მრავალკონფესიურ მსოფლიოში ყველა შეგნებული ადამიანის ვალია ხელი შევუწყოთ მშვიდობიან თანაცხოვრებას. საზეიმო ვახშამზე კონფერენციის მონაწილეებმა დიდი ინტერესით მოისმინეს: უწმიდესი და უნეტარესი ილია II-ის ,,კირიელეისონ“, ,,სულიკო“, ,,ჩაკრულო“ და ,,ცედური მრავალჟამიერი“.

12-14 ნოემბერს მასპინძლების თანხლებით დავათვალიერეთ იაპონიის ძველი დედაქალაქი კიოტო, ვიყავით ფუშიმი ინარის ტაძარში, როკუონჯის ოქროს ტაძარში, რომელიც XV საუკუნეში აშენდა, ასევე საინტერესო იყო რიოანჯის ძენ ბუდისტი ბერების ტაძარი თავისი ულამაზესი ქვის ბაღებით. ჩვენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ქ. ნარას ომივა ჯინჯას (შინტოისტური ღმერთის), კასუგა ტაიშას ტაძარმა. ჰიმეჯის ციხე-სიმაგრემ, ენგიოჯის X საუკუნის ტაძარმა, რომელიც მდებარეობს შოშას მთის წვერზე და სადაც გადაუღიათ ცნობილი ფილმი ,,უკანასკნელი სამურაი“...

იაპონია არის მაღალგანვითარებული ქვეყანა, ყველგან სიმშვიდე, ღიმილი და თავაზიანობა გვხვდებოდა.

დიდი მადლობა უნდა მოვახსენოთ მასპინძლებს, ბატონ სომა კოჯის და აონო კაძუიუკის, რომელთაც მოგვცეს შესაძლებლობა წარმოგვეჩინა საქართველო, ასევე მადლობა ჩვენს თარჯიმანს, კობეს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის მაგისტრს, სოფიო გოგოლაძეს.

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

Learn More

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა