მენიუ

საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სტიპენდიანტები

ინტერვიუ ნათია ჩხარტიშვილთან და ანა სადაღაშვილთან

რუბრიკაში საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სტიპენდიანტები წარმოგიდგენთ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ლიტერატურის მიმართულების IV კურსის სტუდენტს, ნათია ჩხარტიშვილს და ბიზნესის, კომპიუტინგის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სოციალური მუშაობის მიმართულების IV კურსის სტუდენტს, ანა სადაღაშვილს. რა ინტერესები ჰქონდათ უნივერსიტეტში ჩაბარებამდე, რატომ აირჩიეს განათლების მიასაღებად ქართული უნივერსიტეტი და მარტივია თუ არა სტიპენდიანტობა, ინტერვიუდან შეიტყობთ.

-    გვიამბე, რა იყო მნიშვნელოვანი უნივერსიტეტში მოსვლამდე - სკოლა, ინტერესები, ქართლი უნივერსიტეტის არჩევა.
-    ნათია ჩხარტიშვილი - ნებისმიერი ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესია განათლების მიღება. განათლების მიღების ძირითადი გზა კი სწავლაა საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ამიტომ, საჭიროა მათი სწორად შერჩევა, ვინაიდან სწორედ იქ მიღებულ განათლებაზეა დამოკიდებული ჩვენი მომავალი. უნივერსიტეტში მოსვლამდე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო სკოლაში ყოფნის პერიოდი, რომელიც ძალიან ნაყოფიერი გამოდგა, ვინაიდან სკოლაში მყოფი პედაგოგების დამსახურება უაღრესად დიდია ჩემს აღზრდასა და განათლებაში. თავიდანვე დაინტერესებული ვიყავი ფილოლოგიით და ჩემი მიზანი იყო ღრმად და საფუძვლიანად შემესწავლა ეს სპეციალობა. ამიტომაც ავირჩიე ქართული უნივერსიტეტი, სადაც არის თბილი და მყუდრო გარემო და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართული ფილოლოგიის მიმართულებას ჰყავს გამორჩეული პროფესორ-მასწავლებლები, როგორც ლიტერატურის, ისე ენათმეცნიერების მიმართულებით. თითოეული მათგანი არის საკუთარი საქმის პროფესიონალი. ყოველივე ზემოთ აღნიშნულმა კი განაპირობა, რომ არჩევანი გამეკეთებინა ქართულ უნივერსიტეტზე.
-    ანა სადაღაშვილი - დამეთანხმებით, ალბათ, რომ უნივერსიტეტში ჩაბარება თითოეული მოზარდისთვის ახალი და განსხვავებული ეტაპის საწყისია, ისევე როგორც ჩემთვის. უნივერსიტეტში შევიძინე არაერთი კარგი თვისება, გავხდი უფრო შრომისმოყვარე, მიზანდასახული და ვისწავლე სხვადასხვა გამოწვევებთან გამკლავება. როდესაც სკოლასთან ვავლებ პარალერს, მინდა გითხრათ, რომ ახლა ,,სტიპენდიანტი გოგო“, მაშინ არ ვიყავი წარჩინებული მოსწავლე. სკოლის ქულებს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებდი და ახლაც, ამ გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ სკოლაში მიღებული ქულებით არ განისაზღვრება ადამიანის მომავალი, წარმატება და კარიერული წინსვლა. ბავშობიდან აქტიურად ვიყავი ჩართული სკოლის სხვადასხვა ღონისძიებებში, განსაკუთრებით კარგად მახსენდება ,,მომავლის ბანაკი“, რომელიც ჩემს სკოლაში თვითმმართველობის ინიციატივით ჩატარდა, რამაც ხელი შეუწყო იმ უნარების განვითარებას რაც მნიშვნელოვანია ჩემი პიროვნული ზრდისთვის. აქვე მინდა აღვნიშნო სკოლის ადმინისტრაციის ინიციატივით ჩატარებული სხვადასხვა სახის ტრენინგები: ძალადობასთან, მოზარდთა უფლებებთან დაკავშირებით, რამაც დამაფიქრა ჩემს მომავალ და უკვე არჩეულ პროფესიაზე. დიდ ინტერესს ვიჩენდი, მიყვარდა და სიამოვნებას მანიჭებდა: ხატვა, ქარგვა, სხვადასხვა ნივთების გაფორმებები. ასეთი ლაღი და უდარდელი ბავშობიდან უცებ დავდექი პროფესიული არჩევანის წინაშე და ჩემი ძმის რჩევით გადავწყვიტე, ჩამებარებინა ქართულ უნივერსიტეტში, სოციალურ მუშაობაზე. ვინაიდან, მისი თქმით, აქ მელოდა ის თბილი და პატარა ოჯახური გარემო, სადაც თავს ვიგრძნობდი კომფორტულად. იგი მომცემდა საშუალებას გამომევლინა ჩემი შესაძლებლობები და მეპოვა საკუთარი თავი. სწორედ ამიტომ ავირჩიე ეს უნივერსიტეტი და მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი გაკეთებული არჩევანი ნამდვილად წარმატებული აღმოჩნდა.

-    რამდენად ნაყოფიერი იყო შენთვის განვლილი ოთხი წელი ქართულ უნივერსიტეტში?
-    ნათია ჩხარტიშვილი - ქართულ უნივერსიტეტში განვლილი ოთხი წელი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი იყო. ამ ოთხი წლის განმავლობაში სიღრმისეულად და საფუძვლიანად გავეცანი იმ საკითხებს, რომელთა ცოდნა და გათვალისწინება აუცილებელია ფილოლოგისთვის, რათა გახდეს თავისი საქმის პროფესიონალი.
-    ანა სადაღაშვილი - განვლილი ოთხი წელი იყო ძალიან საინტერესო, შრომატევადი, ნაყოფიერი და სიახლეებით აღსავსე. ცოდნასთან ერთად შევიძინე ახალი მეგობრები, რომლებმაც გამიფერადეს და გამილამაზეს სტუდენტური წლები.

-    სტიპენდიანტობა მარტივი არაა და სწავლის მიმართ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას მოითხოვს. როგორია შენი მიდგომა სწავლისადმი, თუ გრჩება დრო გართობისთვის?
-    ნათია ჩხარტიშვილი - მართალია, სტიპენდიანტობა არ არის მარტივი და სწავლის მიმართ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას მოითხოვს, მაგრამ შეუძლებელი არაფერია, მითუმეტეს მაშინ, როცა უნივერსიტეტში არის ყველაფერი იმისათვის, რომ სტუდენტმა შეძლოს კარგად სწავლა. მთავარია დრო სწორად გავანაწილოთ, ჩემ შემთხვევაშიც ასეა, სწავლას ვუთმობ დიდ დროს, თუმცა, რა თქმა უნდა, დრო გასართობადაც მრჩება.
-    ანა სადაღაშვილი - იყო სტიპენდიანტი არ არის მარტივი, რადგან ეს მოითხოვს ძალიან დიდ ძალისხმევას. მე პარალელურ რეჟიმში მუდმივად ვმუშაობდი სხვადასხვა დაწესებულებებში, რაც მაძლევდა სტიმულს ვყოფილიყავი უფრო შრომისუნარიანი, მობილიზებული, პასუხისგებლიანი და მოტივირებული. გართობას რაც შეეხება, მინდა გითხრათ, რომ გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად მაინც მაქვს ამის შესაძლებლობა, რადგან ყოველთვის ვცდილობ დრო სწორად გადავანაწილო. დღესაც, დასაქმებული ვარ არასამთავრობო ორგანიზაციაში ,,ხელი ხელს“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ასისტენტად და ამავდროულად აქტიურად ვარ ჩართული სხვადასხვა აქტივობებში, რაც ხელს უწყობს ჩემს პიროვნულ და პროფესიულ განვითარებას.

-    რატომ აირჩიე ეს დარგი, რა აქტივობებში ხარ ჩართული ამ მიმართულებით?
-    ნათია ჩხარტიშვილი - ფილოლოგიით თავიდანვე ვიყავი დაინტერესებული. გადავწყვიტე, რომ საფუძვლიანი განათლება მიმეღო ამ მიმართულებით და სწორედ ამიტომ ავირჩიე ფილოლოგია.
-    ანა სადაღაშვილი - სოციალურ მუშაობაზე ჩაბარება გადავწყვიტე იმიტომ, რომ მიყვარს ადამიანები, სიამოვნებას მანიჭებს მათთან ურთიერთობა, დახმარება და სწორედ სოციალური მუშაობა არის ის პროფესია, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანების კეთილდღეობას, მათ გაძლიერებას. ამ პროფესიის მთავარი ამოცანაა დაეხმაროს ადამიანებს შესაძლებლობების და უნარების გაუმჯობესებაში, რესურსების სწორად გამოყენებაში.

-    გზავნილი თანატოლებს...
-    ნათია ჩხარტიშვილი - მათ, ვისაც სურთ სრულყოფილი განათლების მიღება, ვურჩევ, თავიანთი არჩევანი შეაჩერონ ქართულ უნივერსიტეტზე. საამისოდ აქ დახვდებათ ძალიან თბილი და მეგობრული გარემო და რაც მთავარია, სამაგალითო პროფესორ-მასწავლებლები. 
და ბოლოს, მადლობა ქართულ უნივერსიტეტს და უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, რადგან ასე ზრუნავენ მომავალი თაობის სწორად აღზრდასა და განათლებაზე.
-    ანა სადაღაშვილი - მინდა მოვუწოდო თანატოლებს, რომ იყვნენ მუდმივად საკუთარი თავის ძიებაში, მნიშვნელობა არ აქვს დროს. ეძიეთ ბედნიერება და სიამოვნება მიიღეთ თითოეული წამისგან, დაისახეთ მიზანი და არ შეუშინდეთ დაბრკოლებებს, ცხოვრება ისედაც სავსეა წინააღმდეგობებით, უნდა შევძლოთ მათთან გამკლავება.

 

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

Learn More

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა