მენიუ

ქართული უნივერსიტეტის სტიპენდიანტები

გაიცანით IV კურსის სტიპენდიანტი სალომე ჭოველიძეს, რომელიც ამჟამად სასწავლო პროგრამის ფარგლებში სამთვიან პრაქტიკას გადის გერმანიაში

ყოველი ადამიანი, როგორც განუმეორებელი ინდივიდი, საინტერესოა თავისი ცხოვრების წესით, სტუდენტობა კი ის პერიოდია, როდესაც გარკვეული ცხოვრებისეული გამოცდილების მიღების შემდეგ თვალს ავლებ უნივერსიტეტამდე განვლილ გზას და სახავ გეგმებს მომავლისთვის. სტუდენტობა პიროვნულად ჩამოყალიბების პერიოდია. რუბრიკა ქართული უნივერსიტეტის სტიპენდიანტები წარჩინებულ სტუდენტთა ცხოვრების გაცნობას ისახავს მიზნად, გაგაცნობთ მათ სულიერ სამყაროს, გაიგებთ, რა გზა გამოიარეს ქართულ უნივერსიტეტში მოსვლამდე, რა შეცვალა მათ ცხოვრებაში იმ დიდმა პასუხისმგებლობამ, რასაც უნივერსიტეტის სტიპენდიანტობა ჰქვია...


დღეს ქართული უნივერიტეტის ბიზნესის, კომპიუტინგის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტიპენდიანტს, IV კურსის სტუდენტს, სალომე ჭოველიძეს გაგაცნობთ, რომელიც ამჟამად სასწავლო პროგრამის ფარგლებში სამთვიან პრაქტიკას გადის გერმანიაში.

- სალომე მოგესალმები.
- მოგესალმებით.

- როგორი იყო შენი ცხოვრება სტუდენტობამდე, რა იყო ისეთი, რამაც შენი დღევანდელობა განსაზღვრა?
- მოგესალმებით, უნივერსიტეტში მოსვლამდე ჩემი ცხოვრება პირობითად ორ პერიოდად უნდა დავყო: 10 წლამდე და 10 წლის შემდეგ. ბავშვობის წლები გავატარე გორის რაიონ სოფელ ძარწემში, რომელიც დღეს ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ასე რომ, 2008 წლის ომის შემდეგ ჩემს ბავშვობაში შედარებით რთული ეტაპი დაიწყო, რადგან მომიწია ძალიან დიდი ფსიქოლოგიური ტრავმით ცხოვრების გაგრძელება. სკოლა დავასრულე მცხეთის რაიონ სოფელ წეროვანში, ვერ ვიტყვი, რომ ვიყავი ათოსანი მოსწავლე. სწორედ სკოლის პედაგოგისგან გავიგე ქართული უნივერსიტეტის შესახებ.

- და გადაწყვიტე ამ უნივერსიტეტში გესწავლა. ტურიზმის მიმართულებაზე ჩაბარების გადაწყვეტილება რამ განაპირობა? 
- ბავშვობიდან მიზიდავდა სამართალი და მინდოდა მესწავლა შესაბამის ფაკულტეტზე. ვერ ვიტყვი, საიდან მოდიოდა ეს ბავშვობისდროინდელი ოცნება, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ ვცდებოდი, ეს არ იყო ჩემი მოწოდება. აბიტურიენტობის პერიოდში კიდევ უფრო მკაფიოდ გავაცნობიერე, რომ საერთოდ არ მომწონდა ეს პროფესია. აი, მაშინ გადავწყვიტე ტურიზმის მიმართულებაზე ჩამებარებინა, ალბათ, იმიტომ, რომ მსოფლიოს წარმატებული დარგი და ამავე დროს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე უკეთ განვითარებადი სფეროა. არც შევმცდარვარ არჩევანში. მაშინაც ძალიან მაინტერესებდა და ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან საინტერესო ფაკულტეტია, მოიცავს ბევრ საინტერესო ინფორმაციას. ჩემი სამომავლო გეგმებიც ისევ და ისევ ჩემს პროფესიას უკავშირდება. მინდა ვიყო წარმატებული ამ სფეროში, რაც, ალბათ, გამომივა.

- ამისთვის მაქსიმუმს აკეთებ, რასაც მოწმობს ის, რომ ხარ ქართული უნივერსიტეტის სტიპენდიანტი.
- სტიპენდიანტის სტატუსი ძალიან სასიხარულო და საამაყოა ჩემთვის. ალბათ, დამეთანხმებით, რომ თითოეული წარმატება ზრდის ადამიანს პიროვნულად და ზუსტად ასე მოხდა ჩემს შემთხვევაშიც. ეს წარმატება, ეს სტატუსი საკმაოდ სასიამოვნოა, რადგან ხვდები, რომ შრომა დაგიფასდა. 
იყო სტიპენდიანტი, ნიშნავს გქონდეს მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, საკუთარი თავის მიმართ, შემდგომ ოჯახის და მეგობრების წინაშე.

- სტიპენდიანტობა უკვე გულისხმობს იმას, რაც შენ გვითხარი - დიდ შრომას, მაგრამ ამის გარდა, რით არის გამორჩეული შენი სტუდენტური ცხოვრება, თუ ხარ ჩართული უნივერსიტეტის აქტივობებში?
- იქიდან გამომდინარე, რომ დიდად არ გამოვირჩევი აქტიურობით, უნივერსიტეტის დაგეგმილ ღონისძიებებშიც არ ვიღებდი მონაწილეობას, რასაც ამ გადასახედიდან ძალიან ვნანობ. დამამთავრებელ კურსზე რომ არ ვიყო, აუცილებლად გამოვასწორებდი. მონაწილეობა მაქვს მიღებული სტიპენდიანტთა საშემოდგომო კონფერენციაში, სადაც წარვადგინე თემა „ველნეს ტურიზმი საქართველოში“.

- ამჟამად პრაქტიკას გადიხარ გერმანიაში. ამ პროგრამის შესახებ გვიამბე, როგორ ჩაერთე მასში და რას მოიცავს შენი საქმიანობა გერმანიაში?
- უნივერსიტეტს აქვს პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტები გერმანიის სხვადასხვა სასტუმროში გადიან სამთვიან პრაქტიკას. ერთ-ერთი მათგანი ვარ მეც. ამჟამად გავდივარ ამ პრაქტიკას სასტუმრო Aრბორეა Mარინა ღესორტ Nეუსტადტ‎-ში. აქ პრაქტიკულად ვეუფლები მომხმარებელთან ურთიერთობის საკმაოდ რთულ სფეროს, რომელიც მნიშვნელოვანია ჩემს პროფესიაში. მაქვს ურთიერთობა უცხო ხალხთან, ვეცნობი მათი ცხოვრების სტილს. ცხოვრების ამ სტილს ფეხი უნდა ავუწყოთ, ეს კი გვეხმარება საკუთარი თავის უკეთ ჩამოყალიბებაში. რა თქმა უნდა, არ არის ადვილი 3 თვე ახლობლებისგან მოშორება და უცხო ქვეყანაში დამოუკიდებლად ცხოვრება, თუმცა ყველამ ვიცით, რომ მრავალმხრივ არის შედეგიანი. გარდა პროფესიის პრაქტიკულად ათვისებისა და დაუფლებისა, გარდა დამოუკიდებლად ცხოვრების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისა, პიროვნული ზრდისა, იგი გვეხმარება გერმანული ენის დახვეწაშიც. ამ პროგრამაში მოსახვედრად კი მთავარია სურვილი, ხოლო შემდგომ ქმედება ამ სურვილის ასახდენად. აქვე ყველა სტუდენტს მინდა ვურჩიო ჩაერთონ ამ პროგრამაში.


მათ შეუძლიათ მივიდნენ ქალბატონ თამარ პოპიაშვილთან რომელიც ასწავლის გერმანულ ენას უნივერსიტეტში და მისი დახმარებით აუცილებლად აიხდენენ სურვილს. ამ პროგრამით პირველი კურსიდან ვიყავი დაინტერესებული, ხოლო ჩემივე სიზარმაცის გამო საკმაოდ გვიან, მეოთხე კურსის პირველ სემესტრში ჩავერთე და, როგორც ზემოთ აღვნიშნე, დამეხმარა ქალბატონი თამარი. მასთან ვისწავლე ენა და სამ თვეში მოვახერხე აქ წამოსვლა, ამიტომ კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მას და ქართულ უნივერსიტეტს, რომელმაც მომცა ეს შესაძლებლობა.

-    როგორ ფიქრობ, რას მოგცემს გერმანიაში მიღებული პრაქტიკული ცოდნა და რა გეგმები გაქვს დაბრუნების შემდეგ? 
- ეს პროგრამა დამეხმარება, პირველ რიგში, საკუთარი თავის ზრდასა და ჩამოყალიბებაში. ჩემთვის ეს არის ცხოვრებისეული გამოცდილება, რომელიც საჭიროა და დამეხმარება საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში, პროგრამამ მასწავლა უცხო გარემოში თავის წარმოჩენა და დამკვიდრება. დაბრუნების შემდგომ გეგმებში, უპირველეს ყოვლისა, უნივერსიტეტის ბოლო ეტაპის წარმატებით დამთავრება მაქვს.

- რას უსურვებ სტუდენტებს, რომლებიც წარმატების მისაღწევად იღვწიან?
- პირველ რიგში, ვუსურვებ ძალიან ბევრ წარმატებას და ვურჩევ აუცილებლად გააკეთონ და მიიღონ ის მაქსიმუმი, რასაც უნივერსიტეტი სთავაზობს. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ვურჩევ ჩაერთონ ყველა ღონისძიებაში, იქნება ეს მსხვილმასშტაბიანი თუ არა. ეს მათ დაეხმარება საკუთარი თავის უკეთ წარმოჩენაში. მთავარი კი არის ის, რომ დრო არ დაკარგონ უქმად, აუცილებლად გამოიყენონ თითოეული წუთი სტუდენტობისა. დაისახეთ მიზანი და იბრძოლეთ ამ მიზნის მისაღწევად ბოლომდე!

- დიდი მადლობა, გისურვებთ წარმატებებს.
- გმადლობთ.

მოამზადა ნინო აბრამიშვილმა
 

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

Learn More

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა