მენიუ

შუალედური გამოცდები

გვესაუბრება გამოცდების ცენტრის უფროსი, თიკო კობაძე
shualeduri-gamotsdebi

ქართულ უნივერსიტეტში შემოდგომის სემესტრის შუალედური გამოცდები დაიწყო. სემესტრული გამოცდების ორგანიზებას ახდენს უნივერსიტეტის გამოცდების ცენტრი, რომელიც სტუდენტების სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით 2014 წელს შეიქმნა. გვესაუბრება გამოცდების ცენტრის უფროსი, თიკო კობაძე.

- თიკო მოგესალმები.

- მოგესალმებით.

- ქართული უნივერსიტეტის შუალედური გამოცდები, რომლებმაც უნდა გამოავლინოს სტუდენტის ცოდნა სემესტრის განმავლობაში დაიწყო. როგორ მოემზადა ცენტრი გამოცდებისთვის?

- ქართულ უნივერსიტეტში შუალედური გამოცდები დაიწყო 5 ნოემბერს     ბაკალავრებისთვის,  ხოლო 12 ნოემბრიდან - მაგისტრანტებისთვის. გამოცდები გაგრძელდება ორ კვირას. განსაკუთრებულ ყურადღებას ვიჩენთ პირველკურსელთა მიმართ, რადგან მათთვის ეს პირველი გამოცდებია და ყველანი, მთელი გუნდი, მობილიზებული ვართ იმისათვის, რომ შევუქმნათ მათ მშვიდი და კომფორტული გარემო, რათა მაქსიმალურად გამოავლინონ ცოდნა.

- 4 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქართულ უნივერსიტეტში შეიქმნა  გამოცდების ცენტრი. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა იყო, რა გაკეთდა ამ ხნის განმავლობაში,  რა შედეგები მოჰყვა ამ სიახლეს?

- ეს 4 წელი, მართლაც, ნაყოფიერი და შედეგის მომტანი აღმოჩნდა. თავიდან ბევრი სირთულე შეგვხვდა, გაუმართავი იყო ცხრილები და ბევრი სხვა პრობლემაც გვქონდა ბადესთან დაკავშირებით, მაგრამ უნივერსიტეტის სრული მხარდაჭერით შევძელით იმ შედეგებამდე მისვლა, რომელიც დღეს გვაქვს. ეს არის სრულიად გამართული სისტემა, რომელიც ორიენტირებულია მხოლოდ და მხოლოდ სტუდენტზე. ამის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითი ის არის, რომ სტუდენტს შეუძლია თავად დააგენერიროს საგამოცდო ცხრილი. ჩვენ ვთავაზობთ მხოლოდ დღეებს და საათებს და სტუდენტი, სურვილისამებრ  მოიწყობს საგამოცდო ცხრილს. ეს არის ის მნიშვნელოვანი რამ, რაც ჩვენს უნივერსიტეტს განასხვავებს სხვა უნივერსიტეტებისაგან. ამით შევამცირეთ სტუდენტების მხრიდან განცხადებების დაწერა და მოთხოვნა, რომ ამა თუ იმ დღეს ვერ შეძლებენ გამოცდაზე გამოცხადებას, მივეცით მაქსიმალური შესაძლებლობა იმისა, რომ თვითონ აირჩიონ დღე და საათი.

- უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრი არა მხოლოდ წერით, არამედ კომპიუტერულ გამოცდებსაც ატარებს. როგორ მოემზადეთ კომპიუტერული გამოცდების ჩასატარებლად?  

- ტექნიკურადაც ყველანაირი პირობა შევქმენით როგორც წერითი, ისევე კომპიუტერული გამოცდების კომფორტულ გარემოში ჩასატარებლად. პირველ რიგში,  გამართული აუდიტორიები, ასევე პროგრამული უზრუნველყოფა. ამაში ყველაზე მეტად გვეხმარება ის ტექნიკური ჯგუფი, რომელიც მუდმივად თვალყურს ადევნებს გამოცდების მიმდინარეობას, საგამოცდო პროცესს და მზად არის დაეხმაროს სტუდენტებს.

- სპეციალურად მოწვეული დამკვირვებლების შესახებ რას გვეტყვი, რამდენად ხშირად არიან ჩართული გამოცდების მიმდინარეობაში?

- სემესტრში ორჯერ საგამოცდო ცენტრი იწვევს გამოცდილ დამკვირვებელთა ჯგუფს, რომლებიც ესწრებიან როგორც შუალედურ, ისე დასკვნით გამოცდებს და უზრუნველყოფენ სტუდენტების დაკვირვებას საგამოცდო პროცესში. ამ ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი საგამოცდო ცენტრი მუდმივად დგამს ახალ ნაბიჯებს, რათა ყოველწლიურმა სიახლემ გაამდიდროს საგამოცდო პროცესი და იგი უფრო მოქნილი გახდეს სტუდენტებისთვის. აღსანიშნავია, რომ საგამოცდო ცენტრის ნებისმიერ ინიციატივას აქტიურად უჭერს მხარს ბატონი რექტორი და ადმინისტრაცია, რაც უფრო მიმზიდველს ხდის საგამოცდო პროცესს სტუდენტებისთვის.

- სამომავლოდ რა სიახლეებს გეგმავთ?

- საგამოცდო ცენტრი გეგმავს ახალი მოდელის შემუშავებას, რომლის მეშვეობითაც  ლექტორებს აღარ მოუწევთ ნაწერების გასასწორებლად მოსვლა, არამედ მათ ელექტრონულ ბაზაში აეტვირთებათ სტუდენტთა საგამოცდო ნაშრომები და ონლაინ შეძლებენ შეფასების დაწერას და კომენტარის გაკეთებასაც, რაც დაეხმარება სტუდენტს საკუთარი შეცდომების გაანალიზებასა  და გამოსწორებაში.

- ბუნებრივია, საგამოცდო პროცესზე ვიდეოკონტროლიც ხორციელდება...

- დიახ, უნივერსიტეტის საგამოცდო აუდიტორიები აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, წერითი გამოცდებისათვის გამოყოფილია ორი დიდი აუდიტორია, ასევე ორი აუდიტორია ეთმობა კომპიუტერულ გამოცდებს. თითოეულ მათგანზე, რასაკვირველია, ცენტრი მეთვალყურეობას ახორციელებს ვიდეოკამერებით, სპეციალურად ვიდეოკონტროლისთვის გამოყოფილი თანამშრომლების მეშვეობით და თუ რაიმე დარღვევას ექნა ადგილი, ისინი აცნობებენ დამკვირვებელს, რომელიც სტუდენტს ხსნის გამოცდიდან. თუმცა მსგავსი შემთხვევები ძალიან ცოტაა, რაგდან ისინი ინფორმირებულები არიან ამის შესახებ.

- დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ.

- გმადლობთ.

როგორც ვხედავთ, ყველაფერი მზად არის იმისთვის, რომ გამოცდები ობიექტურ და კომფორტულ გარემოში ჩატარდეს და სტუდენტის სემესტრული ცოდნა, ამ ცოდნის გამოყენების უნარები და კრიტიკული თუ ანალიტიკური აზროვნება, მაქსიმალურად გამოვლინდეს.

ქართული უნივერსიტეტის გამოცდების ცენტრის გუნდს წარმატებებს, სტუდენტებს კი ცოდნის სათანადოდ გამოვლენას და დამსახურებულ შეფასებებს ვუსურვებთ.

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

Learn More

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა