მენიუ

SANGU-ს წარმატებული სტუდენტები

ნინო ასანიძემ ქართული უნივერსიტეტი უმაღლესი შეფასებით დაასრულა სწავლას კი ქალაქ ხანგჭოუს ჭ’ეძიან კონშანის უნივერსიტეტში მაგისტრატურის სამწლიან პროგრამაზე გააგრძელებს

დღევანდელ რუბრიკაში წარმოგიდგენთ SANGU-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების და რეგიონალური პროცესების პროგრამის 2020 წლის წარმატებულ კურსდამთავრებულს, ნინო ასანიძეს.
ნინომ ქართული უნივერსიტეტი უმაღლესი შეფასებით დაასრულა, ბაკალავრიატში სწავლის დროს ჩინეთში გაიარა ენის ერთწლიანი კურსი, ცოტა ხნის წინ კი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სტიპენდია მოიპოვა და ჩაირიცხა ქალაქ ხანგჭოუს ჭ’ეძიან კონშანის უნივერსიტეტში მაგისტრატურის სამწლიან პროგრამაზე.
როგორ აფასებს ამ გადასახედიდან ქართულ უნივერსიტეტში გატარებულ წლებს და რა გეგმები აქვს მომავალში, ინტერვიუდან შეიტყობთ.

- მოგესალმები ნინო.
- მოგესალმებით და მადლობას გიხდით ინტერვიუსთვის.

- ახლა, როცა წარმატებით დაამთავრე უნივერსიტეტი, როგორ გაიხსენებ სტუდენტობის წლებს?
- დიახ, დავასრულე საერთაშორისო ურთიერთობებისა და რეგიონალური პროცესების ბაკალავრიატის პროგრამა ძალიან წარმატებულად, მივიღე უმაღლესი 100-ქულიანი შეფასება.
SANGU-სთან ბევრად მეტი წელი მაკავშირებს, ვიდრე სასწავლო პროცესით გათვალისწინებული ოთხი წელია. სულ მინდოდა ამის დაწერის საშუალება მქონოდა. დღევანდელი დღესავით მახსოვს 2014 წლის სექტემბერი, როცა პირველად გადავაბიჯე უნივერსიტეტის ზღურბლს და გაცეცებით ვიყურებოდი აქეთ-იქეთ, რადგან ვხვდებოდი, რომ ეს იყო ახალი ცხოვრების სურნელის კორიანტელი, რომელიც ჩემს მომავალს შეცვლიდა და ჩემს ჩამოყალიბებაში დიდ როლს შეასრულებდა. თუმცა, ბედნიერება ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგანაც მალევე მომიწია აკადემიურის აღება უდიდესი ტრაგედიის გამო, და ამ ტრაგედიას დედის გარდაცვალება ჰქვია... მაშინ, როცა ჩემი კურსელები აქტიურად იყვნენ ჩართულნი უნივერსიტეტის ცხოვრებაში, მე შავ სამოსში დედას ვგლოვობდი, მანამდე კი მისი მოვლით ვიყავი დაკავებული. ამიტომაც ყველაფერზე ფიქრი, მათ შორის სწავლაზეც, მეასეხარისხოვანი გახდა... მაგრამ  ყველაფერს აქვს კეთილი დასასრული: 2015 წელს კვლავ დავბრუნდი უნივერსიტეტში, თუმცა, ახალი არჩევანის წინაშე მდგომი, უფრო გაზრდილი  და მაშინ ვთქვი, რომ მე უნდა ვყოფილიყავი წარმატებული სტუდენტი, კარგი შვილი და ჩემს ყოველ წარმატებას ყოველთვის ვუძღვნი დედაჩემს.
და აი, ბაკალავრიატიც დასრულდა...

- საბაკალავრო ნაშრომის თემა საკმაოდ რთული იყო, მაგრამ ამ დროს შენ უკვე იცოდი ჩინური ენა და თემის არჩევაც, ალბათ, ამან განაპირობა. 
-  არ დაგიმალავთ და, ეს იყო გამოწვევა, რომელსაც ძალიან დიდი ხანი ველოდი და სასწაულად დაგვირგვინდა, ნამდვილი ტრიუმფი იყო. თემა გახლდათ „ტიბეტის ფაქტორი ჩინეთ-აშშ-ს ურთიერთობებში“. არ ავირჩიე მარტივი თემა, არც ბიოგრაფიული და არც რაიმე ბანალური საკითხი. ეს თემა საკმაოდ მწვავე პრობლემას წარმოადგენს მსოფლიოში და ამდენად, ნაშრომიც აქტუალური და ნამდვილად საინტერესო გამოვიდა. გამოვიყენე ზღვა ლიტერატურა და შრომაც დამიფასდა. მიღწეულ წარმატებაში კი დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს არაჩვეულებრივ ხელმძღვანელს, ბატონ ზვიად ტყაბლაძეს. 

- რატომ და როდის შეისწავლე ჩინური ენა?
- ძალიან მიყვარს ამ თემაზე საუბარი, რადგან ჩინური ენა ჩემი განუყოფელი ნაწილი და ჩემი კარგი „მეგობარია“... ჩინურის ენის შესწავლა SANGU-ში დავიწყე. კარგად მახსოვს და მეცინება ამ ფაქტზე, პირველად, როცა ბატონმა ავთანდილ კიკნაძემ, მაშინდელმა საერთაშორისო ურთიერთობებისა და რეგიონალური პროცესების ხელმძღვანელმა, იკითხა, ვის სურდა აზიური ენების (ჩინური, იაპონური) შესწავლა, აუდიტორიაში სიცილი ატყდა, ვერავის წარმოგვედგინა, რომ ოდესმე შეიძლებოდა გვესწავლა ენა და თანაც ჩინური... გამოთქმაც ხომ არსებობს: „ეს ჩემთვის ჩინურია“... დღეს კი ჩინური ენა ჩემი მომავლის იმედია და ძალიან მადლობელი ვარ ბატონი ავთოსი, რადგან ამის საშუალება მომეცა...
მახსოვს მეორე სართულზე, 208-ე აუდიტორიაში, ოთხი წლის წინ როგორი ენთუზიაზმით სავსე შევედი ლექციაზე და დღემდე გამორჩეულად მიყვარს ის პერიოდი, საღამოს ლექციები, საინტერესო საუბრები. ხანდახან ვფიქრობ, რომ დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, სწორედ ამ ოქროს ხანას და სანატრელ ლექციებს დავიბრუნებდი-მეთქი. წარმატებას მალევე მივაღწიე, პირველი კურსის ბოლოს, მეორეს დასაწყისში, მესამე კურსელებთან ერთად გავედი ჩინური ენის მესამე დონის გამოცდაზე (სულ 6 დონეა, HSK), ერთ თვეში კი მოვიდა დადებითი პასუხი, რომ მხოლოდ მე და ორმა მესამეკურსელმა სტუდენტმა ჩავაბარეთ. სწორედ იმავე წელს, 2017 წელს ბატონი ავთოს დახმარებით, მოვიპოვე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 100%-იანი გრანტი და გავემგზავრე ჩინეთში ერთწლიან ენის შემსწავლელ კურსზე. დაბრუნებისთანავე გამიმართლა და ისევ ჩემი ჩინური ენის ლექტორის რეკომენდაციით დავიწყე მუშაობა და თანაც ძალიან კარგ ადგილას. ამით ჩემი ჩინეთში მოგზაურობა არ მინდოდა რომ დამესრულებინა და იქვე ვიზრუნე იმაზე, რომ ჩამებარებინა ისევ ენის გამოცდა, რაც დამეხმარებოდა სრულიად დავფინანსებულიყავი მაგისტრატურაზე. ერთწლიანი სწავლის დასასრულს ჩავაბარე ჩინური ენის მეხუთე დონის გამოცდა და ვიყავი ჩვენს უნივერსიტეტში პირველი სტუდენტი, რომელმაც ამ გამოცდის სირთულე დაძლია და მიაღწია წარმატებას.

- ეს წარმატებები ნამდვილად თავბრუდამხვევი და მოსალოცია, შენ შეძელი დაგეძლია საელჩოს მიერ დაწესებული ყველა ბარიერი და მიგეღო გრანტი, ალბათ, ძალიან ამაყი ხარ?
- მართლაც ამაყი ვარ, ძალიან, ძალიან ამაყი, რადგან მიხარია, როცა იმედებს არ ვუცრუებ, პირველ რიგში, საკუთარ თავს და შემდეგ იმ ადამიანებს, რომლებსაც ჩემთან ერთად უხარიათ და განიცდიან ჩემს ყოველ წარმატებას და წინსვლას.
მიხარია და დაუსრულებლად შემიძლია საუბარი ჩინეთზე, ჩემსა და ჩინური ენის დამოკიდებულებაზე.

-კარგი, რა მოგცა ჩინეთმა?
- ვგიჟდები ამ ქვეყანაზე, მიყვარს ჩინელი ხალხი და ძალიან მინდა უფრო ღრმად და საფუძვლიანად შევისწავლო ენა, კულტურა, ტრადიციები და ა.შ. ჩინეთმა განათლება მომცა, დიახ, ჩინეთმა შანსი მომცა, რომ მეც გავხდე ერთ დღეს პერსონა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი და ღვაწლმოსილი იქნება საკუთარ ქვეყანაში, რომელიც მოაგვარებს უამრავ საჭირბოროტო საქმეს, რომელიც იზრუნებს მომავალი თაობის განვითარებაზე. დღეს სინოლოგი მქვია და მიხარია, რომ შემიძლია მსოფლიოს ერთ-ერთ ურთულეს ენაზე თავისუფლად საუბარი.

- წინ მაგისტრატურა და საინტერესო 3 წელი გელოდება, რა მოლოდინი გაქვს?
- დიახ, მაისის თვეში ონლაინ გასაუბრების საფუძველზე, რომელიც უშუალოდ საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების ატაშესთან, ელჩის პირად მოადგილესა და მნიშვნელოვან ადამიანებთან ერთად ჩატარდა, წარმატებით გადავლახე ყველა ბარიერი და ჩემს ერთწლიან გამოცდილებაზე, ენის სრულყოფილად ფლობის საფუძველზე მივიღე სამწლიანი სრული დაფინანსება ჭეძიანის პროვინციაში, ულამაზეს ქალაქ ხანგჭოუში, ჭეძიან კონშანის უნივერსიტეტში, სადაც სრულიად უფასოდ და ყოველთვიური სტიპენდიით გავაგრძელებ სწავლას, ახლა უკვე ახალ პროფესიასა და მიმართულებაზე, რომელსაც ტურიზმის მენეჯმენტი ჰქვია. (旅游管理专业) 
მჯერა, რომ ყოველი ჩემი წარმატება, ყოველი ჩემი ახალი ნაბიჯი იმ შრომის და ცრემლების საფასურია, რომელიც მე გამოვიარე... მჯერა, რომ გავხდები წარმატებული ადამიანი, რომელიც არასოდეს დაკარგავს მეობას, და არასოდეს დაივიწყებს, ვინ არის, საიდან მოვიდა და რა გამოიარა.
სულმოუთქმელად ველოდები სწავლის დაწყებას, ველოდები როდის აფრინდება ჩემი თვითმფრინავი ჩემი მეორე სახლის მიმართულებით და როდის დაიწყება ახალი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში...

-    დიდი მადლობა ნინო, წარმატებებს გისურვებთ.
-    გმადლობთ.


მოამზადა ნინო აბრამიშვილმა
ფოტოს ავტორი: ნუგზარ შონია

 

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

Learn More

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა