მენიუ

SANGU-ს წარმატებული სტუდენტები

დღევანდელ რუბრიკაში ელენე ციციშვილს გაგაცნობთ

ცოდნა, პიროვნული ზრდა და განვითარება, სულიერება, უამრავი ახლობელი ადამიანი და საყვარელი ლექტორები, - არასრული ჩამონათვალია იმისა, რასაც ქართული უნივერსიტეტი აძლევს სტუდენტებს. ყოველივე ეს კი განსაკუთრებით ძვირფასი ხდება უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ.
დღევანდელ რუბრიკაში ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების და რეგიონალური პროცესების პროგრამის 2020 წლის კურსდამთავრებულს, ელენე ციციშვილს გაგაცნობთ, რომელიც SANGU-ს ბაკალავრი და კონფუცის ინსტიტუტის სტიპენდიანტი ერთდროულად გახდა.
თუ როგორ აფასებს ის SANGU-ში გატარებულ წლებს, რას მოიცავს მისი ჩინური სასტიპენდიო პროგრამა და რა გეგმები აქვს მომავალში ინტერვიუდან შეიტყობთ

-    მოგესალმები ელენე.
-    მოგესალმებით.

-    წელს დაამთავრე ქართული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების და რეგიონალური პროცესების საბაკალავრო პროგრამა, რა მოგცა SANGU-მ, როგორ შეაფასებ აქ გატარებულ წლებს?
-    ძალიან გამიჭირდება აქ გატარებული წლების ერთი სიტყვით შეფასება. ქართული უნივერსიტეტი ეს იყო ადგილი, საიდანაც დავიწყე განვითარება და გავცდი კომფორტის ზონას. ვიპოვე ჩემი თავი, მივხვდი, რისი კეთება მინდოდა სამომავლოდ, რა იყო ჩემი ცხოვრების მიზანი და უბრალოდ, რისთვის ღირდა დილით გაღვიძება. ოთხი წლის განმავლობაში მხოლოდ კვირა დღეს ვატარებდი სახლში, თუმცა ესეც იშვიათი მოვლენა იყო. ერთი სული მქონდა უნივერსიტეტში წავსულიყავი, სადაც საოცარი გარემო, ჯგუფელები, ლექტორები და თანამშრომლები მელოდნენ. პირველივე დღიდან თავს ისე ვგრძნობდი, როგორც საკუთარ ოჯახში. SANGU ეს იყო ურთიერთობა, განვითარება და ადგილი, სადაც უსაზღვრო ცოდნას და გამცოდილებას ვიღებდი.

-    ალბათ, ძალიან ამაყი ხარ იმით, რომ ქართული უნივერსიტეტის ბაკალავრი და კონფუცის ინსტიტუტის სტიპენდიანტი თითქმის ერთდროულად გახდი, გვიამბე რას მოიცავს შენი სასტიპენდიო სასწავლო პროგრამა?
-    დიახ, გულწრფელი ვიქნები და ვიტყვი, რომ ამაყი ვარ, ეს ორი უმნიშვნელოვანესი მოვლენა ერთსა და იმავე თვეში რომ მოხდა. ამაყი ვარ ჩემი შრომით, განვლილი გზით და თეთრად ნათენები ღამეებით. ბაკალავრის საფეხურზე სწავლა და კონფუცის სტიპენდიანტობისთვის ბრძოლა ერთნაირად დავიწყე და შედეგმაც არ დააყოვნა. ეს არ იყო მარტივი გზა. დაფინანსებაზე ჩინეთიდან ორჯერ მომივიდა უარი, მაგრამ ვიცოდი, რა იყო ჩემი მიზანი, ჩემი ოცნებები, რომლებიც ჩინეთს უკავშირდებოდა. ცდამაც უშედეგოდ არ ჩაიარა და ბაკალავრის საფეხურის დასრულებასთან ერთად გავხდი კონფუცის ინსტიტუტის სტიპენდიანტი და მოვიპოვე ერთწლიანი სრული დაფინანსება ჩინეთის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტში - ლანჭოუში. პროგრამის სახელწოდებაა: 汉语国际教育/Teaching Chinese to Speakers of Other Languages,TCSOL, - რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ერთწლიანი კურსის დასრულების შემდეგ უფლება მექნება მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს და ეროვნების ადამიანს ვასწავლო ჩინური ენა (ვიქნები სერთიფიცირებული ამ მიმართულებით). თუმცა, არსებული ეპიდმდგომარეობის გამო სწავლა დავიწყე საქართველოდან, დისტანციურ რეჟიმში, იმედი მაქვს, მალე გაიხსნება ჩინეთისკენ მიმავალი გზა და შევძლებ სწავლის გაგრძელებას ჩინეთში.


-    ამ ეტაპზე დასაქმებული ხარ ქართული უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის რეგულირებისა და სტუდენტთა მომსახურების სამმართველოში, როგორია შენი ერთი სამუშაო დღე უნივერსიტეტში?
-    მხოლოდ ბაკალავრის საფეხურის წარმატებით დასრულების და კონფუცის სტიპენდიანტობით არ ვარ ბედნიერი და ამაყი. არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო 2019 წლის 4 სექტემბერი, როდესაც ოფიციალურად ქართული უნივერსიტეტის თანამშრომელი გავხდი და დღემდე ამ სტატუსით ვსარგებლობ. ყოველი დღე საინტერესო, დატვირთული და, ამავდროულად, სასიამოვნოც არის. ახლა განსაკუთრებულად დატვირთულია ყველა დღე, რადგან ახალი სასწავლო წლისთვის ვემზადებით. მიხარია ჩემს სამსახურში მოსვლა, თითოეული თანამშრომლის დანახვა და ჩვენი ადამიანური ურთიერთობები.

-    როგორია შენი სამომავლო გეგმები?
-    ძალიან ბევრი სამომავლო გეგმა მაქვს. ზოგჯერ ვფიქრობ, მოვასწრებ კი ამდენი რამის განხორციელებას ცხოვრებაში? ყველაფერი სულ რაღაც ორ თვეში მოხდა: ბაკალავრის საფეხურის დასრულება, კონფუცის სტიპენდიანტობა და დაოჯახება. ბედნიერების 2020 წელი იდგა ჩემს ცხოვრებაში ყველა მხრიდან. ახლა უკვე ჩემს მეორე ნახევართან ერთად ვაგრძელებ გეგმების განხორციელებას. ამ ეტაპზე მუშაობას ვაგრძელებ ქართულ უნივერსიტეტში, პარალელურად დისტანციურად ვსწავლობ ჩინეთში და ასევე ვიწყებ სწავლას ადამიანური რესურსების მიმართულებით, მომავალ წელს კი ვაპირებ მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელებას ისევ და ისევ ჩემს უნივერსიტეტში (შANGU-ში), საიდანაც გადავდგი პირველი ნაბიჯები დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ. ეს იმ მოკლევადიანი მიზნების ჩამონათვალია, რომელთა განხორციელებას უახლოეს ორ წელიწადში ვგეგმავ და რომელთა გამჟღავნებაც ამ ეტაპზე შემიძლია თქვენთვის. მომწონს ჩემი ცხოვრება ბევრი ოცნებებით, მიზნებით, რომლებიც ჯერჯერობით სულ რეალურად გადაქცეულა. გაღვიძება უფრო სხვანაირად მიხარია რაღაცის მოლოდინში. და შენ, ვინც ამას კითხულობ, უბრალოდ დაისახე მიზნები და ყოველ დღეს ეცადე მათ განხორციელებას. ოცნებები, მიზნები, გეგმები და საყვარელი ადამიანები გვერდით უფრო ფერადს ხდიან ჩვენს ცხოვრებას.

-    დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებ.
-    გმადლობთ.

მოამზადა ნინო აბრამიშვილმა
ფოტოს ავტორი: ნუგზარ შონია

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

Learn More

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა