მენიუ

SANGU-ს სტიპენდიანტები

ალექსანდრე მგალობლიშვილმა პირველი კურსიდანვე გადაწყვიტა შესწავლა იმ ენისა, რომელმაც მსოფლიოში ერთადერთმა შემოინახა იდეოგრაფიული დამწერლობა

მიუხედავად იმ სირთულეებისა, რომლებიც ათასობით ჩინური იეროგლიფის დამახსოვრებასა და წერას ახლავს, ალექსანდრე მგალობლიშვილმა პირველი კურსიდანვე გადაწყვიტა  შესწავლა იმ  ენისა, რომელმაც მსოფლიოში ერთადერთმა შემოინახა იდეოგრაფიული დამწერლობა. ალექსანდრე ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების და რეგიონალური პროცესების მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტია.

მოგესალმები ალექსანდრე.
მოგესალმებით.

რამ განაპირობა შენი არჩევანი პროფესიის და უნივერსიტეტის არჩევის დროს?
უკვე ოთხი წელია წმინდა ანდრიას ქართული უნივერსიტეტის სტუდენტი ვარ. ეს ჩემთვის საამაყოა. უნივერსიტეტში სწავლის უმაღლესი ხარისხია ყველა მიმართულებით. პროფესიის არჩევა მეტწილად განაპირობა ენებისადმი ადრინდელმა ინტერესმა. საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაცვა თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა. საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი ქვეყნის წარმოჩენა ნამდვილად საამაყო და საპასუხისმგებლო საქმიანობაა. ჩემი პროფესიაც ამ მოტივით შევარჩიე. სწორედ ამ მიზეზებიდან გამომდინარე ვანდე ჩემი განათლება ქართულ უნივერსიტეტს, მის პროფესურას.

ჩინური ენით პირველივე კურსიდან დაინტერესდი, მაგრამ ჩინეთში როგორ მოხვდი?
დიახ, პირველი კურსიდანვე დავიწყე ენის შესწავლა და როდესაც პედაგოგებთან ერთად გაწეული შრომის შედეგად ჩავაბარე ჩინური ენის დონის განმსაზღვრელი გამოცდა, წარმატებით გავიარე გასაუბრების ეტაპი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოში, სრული სტიპენდიით ჩავირიცხე ნომერ პირველ პრიორიტეტად მითითებულ უნივერსიტეტში. 

რა მოგცა განვლილმა გზამ, რა უნარებით დაბრუნდი სამშობლოში?
განვლილი გზა იყო გამოწვევებით სავსე. დასახული მიზნისკენ სვლა უდიდეს სიამოვნებას და ენერგიას სძენს პიროვნებას. Zhejiang University-ში გატარებული თვეები განსაკუთრებულად ძვირფასია ჩემს ცხოვრებაში. უნივერსიტეტმა შემომთავაზა სწავლის უმაღლესი ხარისხი. ამასთანავე, სწავლის პერიოდში, შევხვდი და დავუმეგობრდი მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის წარმომადგენელს, ხალხთა შორისი ურთიერთობები ხომ უაღრესად მნიშვნელოვანი გახლავთ.

2019 წლის შემოდგომის სემესტრში გახდი სტიპენდიანტი.
ამ ფაქტმა კიდევ უფრო მეტი ენერგია და მოტივაცია შემძინა. მიღწეულ წარმატებაში აუცილებლად მინდა აღვნიშნო თითოეული პროფესორ-მასწავლებლის ღვაწლი და მადლობა გადავუხადო მათ!

შენი აზრით, როგორ გამოიყურება უნივერსიტეტი პანდემიის პირობებში?
მოგეხსენებათ, ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, ამჟამად ქართული უნივერსიტეტი სწავლის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული. უდავოა, რომ ქართული უნივერსიტეტის გუნდმა, სტუდენტებთან ერთად, მოახერხა, შექმნილი რთული ვითარება არ ასახულიყო სწავლის ხარისხზე. უნივერსიტეტი წარმატებით აგრძელებს ფუნქციონირებას, სტუდენტები ვითარდებიან, იღებენ ახალ ცოდნას და გამოცდილებას, ხშირია ონლაინ-კონფერენციები და დისკუსიები საინტერესო თემებზე. დარწმუნებული ვარ, თითოეული სტუდენტი იზიარებს საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას, სწორედ პრობლემისადმი ამგვარი მიდგომით ყველა ერთად დავამარცხებთ პანდემიას და მალე დავუბრუნდებით ცხოვრების აქტიურ რეჟიმს.

დატვირთული გრაფიკის შემდეგ რით ახერხებ განტვირთვას?
ვფიქრობ თითოეულ ადამიანს სჭირდება პერიოდული განტვირთვა და დასვენება. პირადად ჩემთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ გასეირნება, ძალიან მიყვარს ცხენით ჯირითი. უნივერსიტეტი ყოველთვის გვთავაზობდა აქტიურ სპორტულ ცხოვრებას. უნივერსიტეტში ფუნქციონირებს სპორტული დარბაზი, ასევე სხვადასხვა სპორტული კლუბი. განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო ჩემი დამოკიდებულება კალათბურთისადმი. ბავშვობიდან დაინტერესებული ვარ სპორტის ამ სახეობით, რამდენადაც მასში ერთდროულად არის საჭირო როგორც ფიზიკური მონაცემები, ასევე გონებრივი აზროვნება, რაც უაღრესად საინტერესოს ხდის თამაშის პროცესს.

რას ურჩევ ჩინური ენით დაინტერესებულ სტუდენტებს, რომლებსაც ჩინურის სწავლა ძნელად წარმოუდგენიათ?

მინდა თითოეულ სტუდენტს ვურჩიო, არ შეუშინდნენ ჩინური ენის სირთულეს და არ თქვან უარი საკუთარ მიზნებზე. გჯეროდეთ, რომ შრომა აუცილებლად დაგიფასდებათ!

დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებ.
გმადლობთ.


 მოამზადა ნინო აბრამიშვილმა

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

Learn More

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა