მენიუ

პანდემია და სტუდენტობა

რამდენად მარტივად აუღეს SANGU-ს პირველკურსელებმა ალღო დისტანციურ რეჟიმში სასწავლო პროცესს სტატიიდან შეიტყობთ

სტუდენტობა ადამიანის ცხოვრებაში ახალი და განსაკუთრებული ეტაპია. ახალ ცხოვრებასთან და სოციუმთან ადაპტაციას ახლავს ემოციური მდგომარეობის ცვლილება, რასაც ადამინი განიცდის სიალხეებთან შეგუების დროს. 2020-2021 წელი სტუდენტებისთვის პანდემიიდან გამომდინარე კიდევ უფრო სანსხვავებული და ემოციური აღმოჩნდა. ცხოვრების ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელსაც ისინი მოუთმენლად ელოდნენ დისტანციურ გარემოში, ონლაინ პლატფორმების მეშვეობით დაიწყო. რამდენად მარტივად აუღეს ალღო დისტანციურ რეჟიმში სასწავლო პროცესს და როგორია მათი განწყობა სტუდენტებისგან შევიტყობთ.

გიორგი გრიგალაშვილი - ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის I კურსის სტუდენტი.
გული მწყდება, რომ სტუდენტობის პირველი დღეები ვირტუალურ რეალობაში გავატარეთ. სტუდებტობა ხომ ბევრ ახალ ურთიერთობასთან, ხალხმრავალ აუდიტორიებში სწავლასთან, ახალ მეგობრებთან ერთად გართობასა და მრავალფეროვანი გამოცდილების მიღებასთან ასოცირდება.
სწავლის დაწყებამდე შეგუებული ვიყავი, რომ დისტანციურ რეჟიმში მოგვიწევდა ყოფნა, თუმცა მაინც რთულია, როცა არც ერთ შენს ლექტორსა და კურსელს არ იცნობ პირადად და მათთან ერთად ვირტუალურ რეალობაში გიწევს დღის გარკვეული მონაკვეთის გატარება. რა თქმა უნდა, რეალურ ურთიერთობებს ვერ ანაცვლებს ონლაინ რეჟიმში ჩატარებული ლექციები, როგორი მაღალი ხარისხის და მრავალფეროვანიც არ უნდა იყოს ის. თუმცა, ძალიან კარგია ის, რომ ლექციები სრულყოფილად, ცხრილის მიხედვით გვიტარდება და შესაბამისი პლატფორმების გამოყენებით სტუდენტებსაც შეგვიძლია სალექციო პროცესში ჩართვა, დისკუსიის წარმართვა, კითხვების დასმა, საშინაო დავალებების შესრულება და ა.შ.

სწავლის დაწყებამდე დისტანციურად ვმუშაობდი, შეგუებული ვიყავი ადამიანებთან ამ გზით კომუნიკაციას. Mონლაინ სწავლებას დადებითი მხარეებიც გააჩნია, ასეთ რეჟიმში სწავლა დიდ დროს გითავისუფლებს. მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეგიძლია ლექციაზე დასწრება, რაც განსაკუთრებულად ხელსაყრელია იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც რეგიონებში ცხოვრობენ და ოჯახებს ისედაც რთულ ეკონომიკურ პირობებში აღარ უწევთ სხვა მრავალი ხარჯის გაწევა.
დისტანციურად სწავლა ხელსაყრელია მათთვისაც, ვინც მუშაობს. და ლექციებზე დასწრებას სამსახურიდან და ტრანსპორტიდანაც კი ახერხებს. ყველაზე კარგია ის, რომ თითოეული ონლაინ ლექცია იწერება და ჩანაწერები გვეგზავნება შესაბამის სასწავლო პროგრამაში. ძალიან კარგი საშუალებაა ჩაწერილი ლექციები საგამოცდოდ მომზადების პერიოდში. ასევე, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე სტუდენტს ლექციის გაცდენა უწევს, ეს ზოგჯერ პანდემიით გამოწვეულ პრობლემებსაც უკავშირდება, სტუდენტს მისი მოისმენა მოგვიანებითაც შეუძლია. მეც, როცა ცოვიდ-19-ით დავინფიცირდი, ონლაინ სწავლების არსებობის გარეშე ლექციების გაცდენა მომიწევდა, ამ შემთხვევაში კი დაავადების გადატანის პერიოდშიც სრულყოფილად ვახერხებდი ლექციებზე დასწრებას.

მანანა ცირდავა - ბიზნესის, კომპიუტინგის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ტურიზმის პროგრამის I კურსის სტუდენტი.
 ვნატრობდი, რომ გავმხდარიყავი სტუდენტი. სტუდენტობა განსაკუთრებული ეტაპია ადამიანის ცხოვრებაში. ვფიქრობდი იმაზე თუ, როგორ შევეჩვეოდი ახალ გარემოს, როგორი განცდები მექნებოდა სიახლეებთან შეგუების დროს, როგორ გადავლახავდი ამ ყველაფერს, მაგრამ პანდემიიდან გამომდინარე სულ სხვა სტუდენტურ გარემოში აღვმოვჩნდი. ჩემი ლექტორებისა და მეგობრების გაცნობა ონლაინ რეჟიმში მომიწია. დიდი მოლოდინი მაქვს იმისა თუ როდის შევხვდები მათ.
იმდენად კარგი ლექტორები შემხვდნენ, რომ არ გამჭირვებია დისტანციურ პროცესში, როგორც ლექცია-სემინარების სწავლა, ასევე გამოცდების ჩაბარება თუმცა, მაინც მაკლდა სტუდენტური გარემო, აუდიტორია, მეგობრული ურთიერთობები, ამა თუ იმ საკითხების ჯგუფური გადაწყვეტა.
ონლაინ სწავლებისას მქონდა დიდი დრო, რომ ჩემი ტურიზმის განხრით მიღებული ცოდნა გამეღრმავებინა. ჩემივე სოფელში შევისწავლე კანიონინგი და გავიარე პრაქტიკები გიდ ინსტრუქტორთან ერთად. დავიპყარი ჩანჩქერები: წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჩანჩქერი ხოკო, ასევე ჩხოროწყუს რაიონ სოფელ მუხურში გვალაშარას ჩანჩქერი და მარტვილის სოფელ წაჩხურუში თხოპრას კანიონი.
ძალიან მიყვარს ჩემ მიერ არჩეული პროფესია და მზად ვარ სწავლების ყველანაირი გზით სრულყოფილად დავეუფლო მას.

გიორგი ჭანტურია - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლიის სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის I კურსის სტუდენტი.
რამდენიმე წლით ადრე, ალბათ, ვერც კი წარმოვიდგენდი ასეთ მნიშვნელოვან დღეს უნივერსიტეტის მაგივრად კომპიუტერის ეკრანთან თუ გავატარებდი. ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი. შეგუება და ალღოს აღება არ გამჭირვებია, რადგან ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში დისტანციურად ვსწავლობდი და ასეთი რეჟიმი სიახლე არ ყოფილა ჩემთვის. ამ ყველაფერში დადებითია ის, რომ სახლიდან სწავლა ძალიან კომფორტულია. სასწავლო კვირის ბოლოს დაღლას თითქმის ვერ ვგრძნობ. სემინარების საფუძვლიანად მოსამზადებლადაც საკმაოდ დიდი დრო მრჩება, რაც შედეგებშიც აისახება.

თათია ჯანხოთელი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ისტორიის პროგრამის I კურსის სტუდენტი.
უნივერსიტეტში ჩაბარებამდე ჩემი ცხოვრება სულ სხვანაირი იყო. როდესაც გავაცნობიერე, რომ პროფესია უნდა ამერჩია და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავსულიყავი, ეს დიდი პასუხისმგებლობა იყო ჯერ საკუთარი თავის, შემდეგ კი ოჯახის წინაშე.
ყოველთვის ვოცნებობდი ჩამებარებინა ქართულ უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე და მიმეღო ის ცოდნა, რომელიც დამეხმარებოდა პიროვნულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაში. როდესაც გავიგე, რომ ჩემი ოცნება ახდა და ქართულ უნივერსიტეტში მოვხვდი, ძალიან გამიხარდა. სიხარულით ველოდი სწავლის დაწყებას, ახალი მეგობრების შეძენას, აქტიურ საუნივერსიტეტი ცხოვრებას, მაგრამ სწავლა ონლაინ რჟიმში წარიმართა. მოლოდინი და იმედები გამიცრუვდა, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ონლაინ სწავლებას ქართულმა უნივერსიტეტმა კარგად გაართვა თავი და დღემდე ასე გრძელდება. ცუდია, რომ არ შედგა სააუდიტორიო ურთიერთობა ლექტორებთან, მაგრამ ვფიქრობ, ონლაინ სწავლებითაც შეიძლება იმ ცოდნის მიღება, რასაც სააუდიტორიო მოგვცემდა.
უნივერსიტეტში სიარული პირველკურსელისთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა, რომელიც, სამწუხაროდ მსოფლიოში განვითარებული მოვლენების გამო არ დაგვცალდა. გაგებით ვეკიდები ამ მდგომარეობას იმ იმედით, რომ მალე გაივლის ცოვიდ-19, მსოფლიო დაუბრუნდება ჩვეულ ცხოვრებას, სტუდენტები კი უნივერსიტეტში დაბრუნებას შევძლებთ.


მოამზადა ნინო აბრამიშვილმა

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

Learn More

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა