მენიუ

წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი ჰაიდელბურგის რიგით 52 კონფერენცაში მიიღებს მონაწილეობას

ვინ არიან მონაწილეები, რა თემით წარსდგებიან და რა მიზანს ისახავს აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობა ინტერვიუდან შეიტყობთ

23-26 ივნისს გაიმართება ჰაიდელბურგის ფსიქოთერაპიული კვლევების საერთაშორისო საზოგადოება Spr-ის რიგით 52-ე კონფერენცია. აღნიშნული კონფერენცია ნახევარსაუკუნოვან ისტორიას ითვლის და მიზნად ისახავს 52 წლის მანძილზე დაგროვილი გამოცდილების გაზიარებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მკვლევარი ფსიქოლოგების, ფსიქოთერაპევტების, ფსიქიატრების და სხვა კოლეგებისთვის.
კონფერენციაში მონაწილეობენ წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის პროფესორი მაია კალანდარიშვილი და SANGU-ს მაგისტრი მაგდა მაჭავარიანი. რა თემით წარსდგებიან და რა მიზანს ისახავს აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობა ამის შესახებ ფსიქოლოგიის დროქტორი, პროფესორი მაია კალანდარიშვილი მოგვითხრობს.

- მოგესალმებით ქაბატონო მაია.
- მოგესალმებით, მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის.

- გაგვაცანით საერთაშორისო საზოგადოება Spr-ის ჰაიდელბურგის სამეცნიერო კონფერენციის სპეციფიკა და მიზნები?
- Society for Psychotherapy Research (SPR) - ეს არის ფსიქოთერაპიული კვლევების საერთაშორისო საზოგადოება, რომელიც დაარსდა 1970 წელს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის (APA) ინიციატივით. დამფუძნებლები იყვნენ კ. ჰოვარდი დ. ორლინსკი. პირველი ოფიციალური კონფერენცია ჩატარდა ჰაილენდის პარკში, ილინოისის შტატში, 1969 წელს. ეს არის მულტიდისციპლინარული, საერთაშორისო ასოციაცია ფსიქოთერაპიის სფეროში სამეცნიერო კვლევისთვის წახალისებისა და წარმოებისთვის. საზოგადოებას აქვს ფილიალები გაერთიანებულ სამეფოში (UK), ევროპაში, ლათინურ ამერიკასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. ასევე მოქმედებენ რეგიონალური ჯგუფები ავსტრალიაში, იტალიასა და სხვ. იგი უშვებს ყოველთვიურ სამეცნიერო ჟურნალს და ყოველწლიურად ატარებს დიდ სამეცნიერო კონფერენციებს.
SPR ხელს უწყობს ფსიქოთერაპიის კვლევის განვითარებას, ასევე მიზნად ისახავს ფსიქოთერაპიის კვლევის ემპირიული საფუძვლისა და გამოყენებითი ღირებულების მხარდაჭერასა და ამაღლებას. მაგალითად, ფსიქოთერაპიის კვლევა სტიმულირებულია მცირე საგრანტო გრანტების გამოყოფით საპილოტე კვლევებისთვის, რაც, თავის მხრივ, მკვლევარებს საშუალებას აძლევს მოგვიანებით მოიპოვონ უფრო დიდი გრანტი. საზოგადოება ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფსიქოთერაპიის მკვლევარებისთვის ურთიერთქმედების და დიალოგის შესაძლებლობების უზრუნველყოფაში, რეგულარული შეხვედრების ორგანიზებით, კვლევის შესახებ კომუნიკაციის, მეთოდური ინოვაციების გაზიარების და კვლევის შედეგების და მათი გამოყენების ცოდნის გავრცელების მიზნით. იგი იყენებს ბეჭდურ და ელექტრონულ მედიას ფსიქოთერაპიის კვლევის შედეგების გასავრცელებლად და კვლევის მეთოდებთან დაკავშირებული იდეების გასაზიარებლად.
საზოგადოებაში არსებობს ხუთი განსაკუთრებულად საინტერესო სამეცნიერო მიმართულება. ესენია: კვლევები ბავშვის, მოზარდისა და ოჯახის ფსიქოთერაპიაში; კულტურა და ფსიქოთერაპია; თერაპევტის ტრენინგი და განვითარება; შემთხვევის ანალიზის კვლევა; კომპლექსური მეცნიერული მეთოდების გამოყენება ფსიქოთერაპიაში.
კონფერენციაზე წარმოდგენილია მრავალი სექცია, სხვადასხვა თემეტური პანელები, 300-ზე მეტი სხვადასხვა ფორმის პრეზენტაცია. 1000-ზე მეტი ავტორი იღებს მოაწილეობას უმეტსად გუნდურ მოხსენებებში (პრინსტონის, ხაიფას, კემბრიჯის, ამსტერდამის და სხვა ცნობილი უნივერსიტეტების პროფესორები).

- რა სახის იქნება წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ჩართულობა აღნიშნულ კონფერენციაში, რა თემით წარსდგებით დამსწრეთა წინაშე?
- პირადად მე, ამ საზოგადოების წევრი გავხდი 2018 წელს და ამსტერდამის 49-ე საერთაშორისო კონფერენციაში მივიღე მონაწილეობა SANGU-ს სახელით. მას შემდეგ დავესწარი უამრავ ვორქშოფსა და სამუშაო შეხვედრას.
რაც შეეხება ჩვენს წლევანდელ მოხსენებას, რომელიც წარვადგინეთ აღნიშნულ კონფერენციაზე მე და ჩვენი უნივერსიტეტის მაგისტრმა მაგდა მაჭავარიანმა, მონაწილეობას ვიღებთ სექციაში: " ბავშვი/ოჯახი", რამდენადაც ჩვენი მოხსენების სათაურია: "მშობლის თვითზრუნვა, როგორც ოჯახის ფსიქოლოგიური კეთილდღეობის მედიატორი.'' კვლევა ჩატარდა წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში. მე და მაგდა ერთადერთი მონაწილეები ვართ საქართველოდან და ცხადია, წარმოვადგენთ SANGU-ს.

- როგორც აღნიშნეთ კონფერენციის მუშაობაში ჩართულია SANGU-ს მაგისტრი მაგდა მაჭავარიანი, რა კრიტერიუმებით შეირჩა იგი.
- მაგდა მაჭავარიანმა დაამთავრა ქართული უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა: “სოციალური და განწყობის ფსიქოლოგია". ამასთან იგი არის საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის კურსდამთავრებული და გეშტალტთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAGT) მიერ აკრედიტებული ფსიქოთერაპევტი. შრომაზე მუშაობა ჩემი ხელმძღვანელობით მან დაიწყო 2020 წელს და მისი მიზანი იყო სამაგისტრო ნაშრომის შესრულება. მაგდასთან მუშაობის პერიოდში გამოიკვეთა, რომ მას შეეძლო საერთაშორისო დონის კვლევის გაკეთება, რამდენადაც ზედმიწევით კარგად ფლობს ინგლისურ ენას (არის ინგლისური ფილოლოგიის მაგისტრი), აქვს მკვლევარის გამოკვეთილი უნარები და თან ძალიან შრომისმოყვარეა. ერთი წლის მუშაობამ კარგი ნაყოფი გამოიღო - კვლევა დავარეგისტრირეთ ჰაიდელბურგის კონფერენციაზე და მალე მივიღეთ დადებითი პასუხი. იგი მოწონებულ იქნა და 2021 წლის 25 ივნისს წარვადგენთ კონფერენციაზე მოკლე ნაშრომს (Brief-Paper) პრეზენტაციის სახით. ასევე, ვამზადებთ სტატიას SPR - საერთაშორისო ჟურნალში გამოსაქვეყნებლად.
მე და მაგდა, ამჟამად, როგორც კოლეგები, ვიღებთ მონაწილეობას ახალ საერთაშორისო კვლევებში. მაგდა ასევე არის ბავშვებთან და მოზარდებთან გეშტალტთერაპიის დასავლეთ სანაპიროს ინსტიტუტის (კალიფორნია, აშშ) კურსდამთავრებული, ამავე ინსტიტუტის საერთაშორისო კვლევითი ჯგუფის წევრია და ჩართულია ცნობილი ამერიკელი გეშტალტთერაპევტის, ფელისია ქეროლის, ხელმძღვანელობით ჩატარებულ ბავშვთა და მოზარდთა გეშტალტთერაპიის კვლევებში.
ასე, რომ, უამრავი სამომავლო გეგმა და პესპექტივა გვაქვს დასახული ფსიქოთერაპიული კვლევების მიმართულებით.

- მეორე წელია ნიდერლანდების სამეფოში გიწევთ ცხოვრების გაგრძელება, როგორია თქვენი ჰოლანდიური ცხოვრება და კავშირი საქართველოსთან?
- დიახ, ნიდერლანდების სამეფოში საცხოვრებლად ჩემოვედი 2019 წლის 23 ნოემბერს. აქ ვცხოვრობ წელიწადნახევარია. ჩამოსვლამდე წლების განმავლობაში ვმუშაობდი წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში ასოცირებულ პროფესორად, ასევე სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსად.
ევროპასთან ჩემი ურთიერთობა ჯერ კიდეც საქართველოში ყოფნისას დაიწყო 2018 წელს გავხდი შPღ-ის წევრი, ხოლო 2019 წელს MERI-ს წევრი, რომლის სათავო ოფისი ბრიუსელშია. ვიღიებდი მონაწილეობას კონფერენციებში და ვაქვეყნებდი სტატიებს ამ ორგანიზაციების ჟურნალებში. ნიდერლანდებში ჩამოსვლის მერე ჩვენი ურთიერთობა უფრო გამყარდა და ამჟამად ვარ ამ ორგანიზაციების საბჭოს წევრი და არა მხოლოდ ვისმენ ახალ ვორქშოფებსა და კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს, არამედ უკვე თავად ვატარებ და ვხელმძღვანელობ მსგავს ღონისძიებებს. 2020 წლის თებერვლიდან ვმუშაობ ნიდერლანდებში საერთაშორისო კომპანია "Elensario"-ს ადამიანური რესურსების განყოფილების მკვლევარ-კონსულტანტად. ჩემი საერთაშორისო კვლევითი გამოცდილება ძალიან გამომადგა ამ თანამდებობაზე მუშაობისთვის. ამასთან სამსახურშიც გავიარე არაერთი ტრენინგი, ძირითადად თანამედროვე ონლაინ პროგრამებსა და ტექნოლოგიებში. აქ ძალიან მაღალ დონეზეა, როგორც სამეცნიერო კვლევითი, ისე სატრენინგო და საგანმანათლებლო მიმართულებები. რაც მთავარია, მუდმივად აქვთ განვითარების ტენდენცია და არასოდეს ჯერდებიან მიღწეულს.
ამასთან, არ ვწყვეტ კავშირს საქართველოსთან და არც SANGU-სთან. ვხელმძღვანელობ გივი ქირიას სახელობის ექსპერიმენტული და საინჟინრო ფსიქოლოგიის ასოციაციას, რომლის მიზანია საქართველოს ფსიქოლოგიური კვლევითი კულტურის ამაღლება და საეთაშორისო დონესთან დაახლოება. კონფერენციების გარდა, MERI-ის ჟურნალში უკვე სამი სტატია გამოვაქვეყნე SANGU-ს სახელით, აქედან ორი ქართველ კოლეგებთან ერთად. ამ ჟურნალების ონლაინ ვერსიები იმყოფება წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში. 2021 წლის 27 მაისს დაგეგმილი გვაქვს დიდი ვორქშოფი MERI-ს ბრიუსელის ორგანიზაციაში "ინკლუზიური განათლება საქართველოში" ქალბატონ თამარ ტუხაშვილთან ერთად, რომელსაც ისევ წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის სახელით განვახორციელებთ. ასევე დაგეგმილი გვაქვს საერთაშორისო კვლევა ,,ბარბარე ყიფიანის სახელობის მეტაფსიქოლოგიის სკოლის ბაზაზე, რომელსაც ხელმძღვანელობს SANGU-ს დოქტორი და ლექტორი ალექსანდრე რუსეცკი. ამ ორგანიზაციის საპატიო წევრად ამირჩიეს უკვე ჰოლანდიაში ყოფნის დროს. ასოციაციის მიზანია უცხოეთში მოღვაწე ქართველ სპეციალისტებთან თანამშრომლობით ამაღლდეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო მუშაობის დონე საქართველოში. რეგულარულად ვმონაწილეობ ამ ორგანიზაციის ვორშოფებსა და კოფერენციებში, სადაც ჩემს ევროპულ გამოცდილებას ვუზიარებ ქართულ აუდიტორიას.

- დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ.
- გმადლობთ.

მოამზადა ნინო აბრამიშვილმა

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

Learn More

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა