წმიდა დიმიტრი ყიფიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია » სიახლეები » ქართული უნივერსიტეტი
სიახლეები

წმიდა დიმიტრი ყიფიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

2014 წლის 12 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა წმიდა დიმიტრი ყიფიანის დაბადებიდან 200 წლისთავს. კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტი და კულტურათაშორისი დიალოგის ასოციაცია.

კონფერენციას ესწრებოდნენ ხაშურისა და სურამის ეპისკოპოსი, მეუფე სვიმეონი (ცაკაშვილი), ქართველი მეცნიერები, ხაშურის რაიონის საზოგადოების წარმომადგენლები, დიმიტრი ყიფიანის შთამომავლები, ქართული უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები.

სამეცნიერო კონფერენცია შესავალი სიტყვით გახსნა ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ. მან მოკლედ დაახასიათა დიმიტრი ყიფიანის ღვაწლი როგორც დიდი ეროვნული მოღვაწისა, როგორც ქართველობისა და საქართველოს გადარჩენისათვის მუხლჩაუხრელი მებრძოლისა, რომლის მოწამეობრივი ღვაწლი სწორად შეაფასა უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, რომლის თავმჯდომარეობით 2007 წელს გამართულმა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდმა დიმიტრი ყიფიანი წმინდანად შერაცხა. დღეს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი პატივს მიაგებს დიდ ქართველ მამულიშვილს და გამოხატავს უდიდეს მოკრძალებას და პატივისცემას მისი ღვაწლის მიმართ.

სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ხაშურისა და სურამის ეპისკოპოსმა მეუფე სვიმეონმა. მეუფემ ყურადღება გაამახვილა დიმიტრი ყიფიანის მოღვაწეობის რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტზე, რომელიც მკაფიოდ წარმოაჩენს წმიდანის ღვაწლს.

კონფერენციის მონაწილეებს მადლობა მოახსენა დიმიტრი ყიფიანის შთამომავალმა ქალბატონმა თამარ მიქაძემ.

დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რესტავრაციასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრა ხაშურის რაიონის მუზეუმების გაერთიანების ხელმძღვანელმა ბატონმა თამაზ ლაცაბიძემ.

სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ასევე დიმიტრი ყიფიანის შთამომავალმა დეკანოზმა მალხაზ ყიფიანმა, რომელიც თბილისში, სვანეთის უბნის ტერიტორიაზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით აშენებს წმიდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის ტაძარს.

სამეცნიერო კონფერენციაზე საინტერესო მოხსენებით „წმიდა დიმიტრი ყიფიანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ძირითადი ასპექტები“ გამოვიდა პროფესორი თამაზ ჯოლოგუა. ინტერესი გამოიწვია პროფესორ როზეტა გუჯეჯიანის მოხსენებამ „ყიფიანთა განსახლების არეალი სვანეთში“ და პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის - „დიმიტრი ყიფიანი და ქართული ენა“. პროფესორმა ტარიელ ფუტკარაძემ თავისი მოხსენების დასკვნა ასე ჩამოაყალიბა: "რუსეთის იმპერიის მესვეურთა მიერ დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში გადასახლებისა და მკვლელობის მთავარი მიზეზი იყო არა ეგზარქოს პავლესადმი მიწერილი წერილი, არამედ დიმიტრი ყიფიანის დაპირისპირება კავკასიაში იმჟამად არსებულ საიმპერიო ხელისუფლების წარმომადგენლებთან: კავკასიის ანტიქართველ მთავარმართებელთან -  ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვთან და კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველთან კირილე პეტრეს ძე იანოვსკისთან, საქართველოს ეგზარქოს პავლე ლებედევთან რომელთაც მოისურვეს საქართველოს სასოფლო სკოლებიდან და სამეგრელოდან ქართული ენის გამოდევნა; კერძოდ, დიმიტრი ყიფიანმა კირილე იანოვსკის წინააღმდეგ 1880 წელს დაწერა წერილი: "ბატონ იანოვსკის ორგვარი შეცოდება", სადაც ამხილა ისინი, ვისაც სურდათ "ქართველობის დაგმობა" და ქართული ენის დავიწყება"; ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვის ანტიქართული საქმიანობის შესახებ კი ესაუბრა 1885 წლის ბოლოს ბორჯომში მყოფ დიდ მთავარს - მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვს; კერძოდ, ნიკოლოზ ყიფიანის ცნობით მიხეილ რომანოვს დიმიტრი ყიფიანმა უთხრა: "დღეს ჩვენს სამშობლო ენას არაფრად აგდებენ სასწავლებლებში, ჩვენს შვილებს აღარ ასწავლიან ქართულ ენასა, ყველგან სთესენ რაღაც განსხვავებას რუსთა და ქართველთა შორის...". განაწყენებულმა მთავარმართებელმა დაარწმუნა იმპერატორი, საქართველოდან გაესახლებინათ ავტორიტეტული ქართველი, რომელიც ხელს უშლიდა იმპერიის ასიმილაციურ პოლიტიკას". დამსწრეთ ყურადღებით მოისმინეს მურად მთვარელიძის, გივი გელაშვილის და გიორგი ჩუბინიძის მოხსენებები.

სამეცნიერო კონფერენციის დასრულების შემდეგ მისმა მონაწილეებმა გადაინაცვლეს მთაწმინდის პანთეონში, სადაც დიმიტრი ყიფიანის საფლავთან გადახდილ იქნა პარაკლისი.

 

ნავიგაცია
კალენდარი
ბანერები