ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის სკოლის დოქტორანტ თემურ მაისურაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა » სიახლეები » ქართული უნივერსიტეტი
სიახლეები

ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის სკოლის დოქტორანტ თემურ მაისურაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

2014 წლის 17 დეკემბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის წმიდა ილია მართლის სახელობის სხდომათა დარბაზში გაიმართა უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის სკოლის დოქტორანტის, საქართველოს პარლამენტის წევრის,  153 ნოვაციის, ინოვაციისა და გამოგონების ავტორის თემურ მაისურაძის სადისერტაციო ნაშრომის: „უპირატესობის მენეჯმენტი“-ს საჯარო დაცვა.  სადისერტაციო ნაშრომის დაცვას ესწრებოდნენ: სადისერტაციო ნაშრომის რეცენზენტები: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტის და ადმინისტრირების კათედრის გამგე,  პროფესორი დავით ნარმანია და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის, ბიზნესის  ადმინისტრირების  დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი  ევგენი ბარათაშვილი,  ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს (ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის   სკოლის (ფაკულტეტის) სა­დი­სერტაციო საბჭოს თავმჯდომარე, პროფესორი  ვ. სართანია;  სა­დი­სერტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, პროფესორი ნ. კვარაცხელია; სწავლული მდივანი, ასოცირებული პროფესორი ნ. დამენია; სა­დისერტაციო საბჭოს წევრები: პროფესორი მ. ჯიბუტი, პროფესორი მ. თოქმაზიშვილი, პროფესორი ლ. ქისტაური, ასოცირებული პროფესორი ფ. წოწკოლაური) და სადისერტაციო კომისიის (თეიმურაზ შენგელია, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნესის კათედრის პროფესორი; იზა გიგაური, ბიზნესის ადმინისტრირების აკადემიური დოქტორი,  საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი; შალვა მაჭავარიანი, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი სამეცნიერო დარგში, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი; მიხეილ ჯიბუტი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი; საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი; მიხეილ თოქმაზიშვილი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი; საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი) წევრები, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის სრულუფლებიანი წარმომადგენელი ქართულ უნივერსიტეტში ბოდბელი ეპისკოპოსი - იაკობი (იაკობიშვილი), ქართული უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,  რექტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე, ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი, პროფესორი ნოდარ პავლიაშვილი, მოწვეული სტუმრები, პროფესორ-მასწავლებლები, დოქტორანტები და სტუდენტები.

სხდომა გახსნა ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის სკოლის დეკანმა, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა, თემურ მაისურაძის მეცნიერ-ხელმძღვანელმა, პროფესორმა  ვახტანგ სართანიამ.          

სადისერტაციო ნაშრომმა დამსწრეთა  დიდი ინტერესი გამოიწვია, თემურ მაისურაძემ ისაუბრა ინოვაციური მართვის სისტემის წინააღმდეგობების ბუნებაზე, პრობლემების კლასიფიკაციასა და შემოქმედებითი აზროვნების ზრდის იმ მეთოდებზე, რომლებიც ემსახურება მართვის წინააღმდეგობების გადაჭრას. განიხილა სისტემასა და პროცესებში შეუთავსებლობების ამოხსნის ის მეთოდები და ხერხები, რომლებიც გამოიყენება სამეცნიერო-კვლევით და პრაქტიკულ საქმიანობაში. ისაუბრა მართვის სისტემის გაუმჯობესების წესებზე, წარმოადგინა ინოვაციური უპირატესობის არსი, მისი ფორმირებისა და მოპოვების მიმართულებები, განიხილა კონკურენტული უპირატესობის და ინოვაციების აქტუალურობის განსაზღვრის მეთოდები, კრიტიკული კრეატიულობის ცნება, როგორც დროში გაზომვადი წარმატების მაჩვენებელი, წარმოადგინა მართვის პროცესში წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრის სტანდარტები და პრაქტიკულად აპრობირებული მინიშნებები.

თემურ მაისურაძის მიერ წარმოდგენილ დისერტაციაში პრობლემები და შეუთავსებლობები დანახული იყო არა როგორც უარყოფითი მოვლენა, არამედ როგორც უპირატესობის შექმნის ახალი შესაძლებლობა. მან წარმოადგინა მართვის და წარმოების პროცესებში კრეატიული/შემოქმედებითი აზროვნების უნიფიცირების ახალი მეთოდები და ინსტრუმენტები.

დაისვა საინტერესო შეკითხვები. ქალაქ თბილისის მერმა, სადისერტაციო ნაშრომის ოპონენტმა, პროფესორმა დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ კარგი იქნებოდა თუ ბატონი თემური დაესწრებოდა ქალაქის მერიაში დაგეგმილ შეხვედრას ქალაქში წარმოქმნილი სატრანსპორტო „საცობების“ პრობლემასთან დაკავშირებით და სადისერტაციო ნაშრომში წარმოდგენილი პრობლემების გადაჭრის სტანდარტებს პრაქტიკული გამოყენების საშუალებას მისცემდა.

ეკონომიკისა  და ბიზნესის მართვის სკოლის (ფაკულტეტის) სადისერტაციო საბჭომ ღია კენჭისყრით, ერთხმად მიანიჭა ბატონ თემურ მაისურაძეს ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის აკადემიური ხარისხი.  

ნავიგაცია
კალენდარი
ბანერები