ვახტანგ VI - ისა და თეიმურაზ II - ის ცხედრების საქართველოში გადმოსვენების შესახებ. ქ.ასტრახანში მივლინების შედეგები » სიახლეები » ქართული უნივერსიტეტი
სიახლეები

ვახტანგ VI - ისა და თეიმურაზ II - ის ცხედრების საქართველოში გადმოსვენების შესახებ. ქ.ასტრახანში მივლინების შედეგები

ვახტანგ VI - ისა და თეიმურაზ II - ის ცხედრების

საქართველოში გადმოსვენების შესახებ. ქ.ასტრახანში მივლინების შედეგები

 

"ვა, სოფელო, რაშიგან ხარ,

რას გვაბრუნვებ, რა ზნე გჭირსა!

ყოვლი შენი მონდობილი

ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა!

სად წაიყვან სადაურსა,

სად აღუფხვრი სადით ძირსა... "

რამდენჯერ ვიგონებთ გენიოსი პოეტის ამ სიტყვებს. საქართველოს მძიმე ისტორიულმა ბედმა, ხშირმა ბრძოლებმა სამშობლოს დასაცავად, არაბობამ, მონღოლობამ, ოსმალობამ, ყიზილბაშობამ, ლეკიანობამ თავისი დაღი დაამჩნია ქვეყანას. გამარჯვება-წარმატებებთან ერთად სხვადასხვა სახის სირთულეები ქართველი ხალხის მარადიული თანამდევი იყო. ამგვარი სირთულეების დროს ბევრმა ქართველმა ნებსით თუ უნებლიედ ქვეყანა დატოვა და სხვა ქვეყნებში მოუხდა სამსახური. ზოგიერთმა იქ მიაღწია წარმატებას. ისტორიის ფურცლები ღაღადებენ, რომ საუკუნენახევრის განმავლობაში ეგვიპტის სახელმწიფოს სათავეში ქართველი მამლუქები იყვნენ, სპარსეთის შაჰის კარზე დიდი ხნის განმავლობაში ქართველებს დაწინაურებული მდგომარეობა ჰქონდათ. ბევრმა ქართველმა სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა დარგში გამოიჩინა თავი და ამ ქვეყანას სახელი და დიდება მოუტანა. მაგრამ სამწუხარო ისაა, რომ სამშობლოს გარეთ შექმნილი წარმატება სხვა ქვეყნის საკუთრებაა. სხვის ომში ბრძოლა, თუნდაც გამარჯვება, სამშობლოსათვის დაკარგულია. სხვისი დედის დაფიცება (როცა საკუთარი გყავს) უგუნურებაა.

სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ქვეყანას არაერთმა ქართველმა პოლიტიკურმა და საზოგადო მოღვაწემ შეაფარა თავი. ზოგიერთს იძულებით სამსახური უხდებოდა საზღვარგარეთ, ბევრმა სამშობლო-ქვეყნის ნახვის ნატვრაში უცხოეთში დალია სული.

ნიშანდობლივია, რომ ქართველ პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეთა მნიშვნელოვანი წარმომადგენლები რუსეთში გარდაიცვალნენ და იქვე დაიკრძალნენ. მათ შორის ქართველი მეფეებიც არიან. მოსკოვის დონის მონასტერში არჩილ II, მისი მეუღლე ქეთევანი, შვილები: დარეჯანი, მამუკა და ალექსანდრე (მისი მეუღლე გლიკერია), ვახტანგ VI-ის შვილები: ბაქარი და გიორგი, ვახუშტი ბაგრატიონი, სხვა დიდგვაროვნები დაიკრძალნენ. აქ სათანადო კვლევითი სამუშაო ჩატარდა არქეოლოგ გივი ღამბაშიძის ხელმძღვანელობით და საინტერესო მასალა იქნა მოპოვებული. ამჯერად ჩვენ მკითხველის ყურადღებას მივაპყრობთ რუსეთის ქ. ასტრახანის კრემლის მიძინების ტაძრის საძვალეს, სადაც განისვენებენ ქართველი მეფეები: ვახტანგ VI და თეიმურაზ II. აქვე არიან დაკრძალული: ქართველი მწერალი, საეკლესიო (ქუთათელი მთავარეპისკოპოსი) და საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, დიპლომატი, კარტოგრაფი და მხატვარი ტიმოთე გაბაშვილი, ქართველი მეცნიერი, ლიტერატორი, პედაგოგი, მთარგმნელი, დიპლომატი გაიოზ რექტორი (1808-1821 წწ. იყო ასტრახანის მთავარეპისკოპოსი), იოსებ სამებელი და რომანოზ სამთავროელი. სხვა ინფორმაცია არ გაგვაჩნია. ქართველ მეფეთა საძვალის წესრიგში მოყვანისა და შესაძლებელ შემთხვევაში საქართველოში გადმოსვენების საკითხი ადრეც დაისვა, მაგრამ უშედეგოდ.

გასული საუკუნის 50-იან წლებში ცნობილმა ქართველმა საზოგადო მოღვაწემ, მოსკოვის ანდრეი რუბლიოვის სახელობის მუზეუმის დირექტორმა დავით არსენიშვილმა (sdsds) საბჭოთა კავშირის კულტურის სამინისტროს წინაშე დააყენა საკითხი ვახტანგ VI-ისა და თეიმურაზ II-ის საფლავების მოვლა-პატრონობისა და მემორიალურ ობიექტებად გადაქცევის შესახებ. მეცნიერმა მიაღწია, რომ ისტორიისა და ხელოვნების ძეგლთა დაცვის სახელმწიფო ინსპექციამ მიიღო გადაწყვეტილება “О включении мест погребений указанных лиц в списки памятников союзного значения и о восстановлении утерянных мемориальных досок на могилах царей Грузии Вахтанга VI и Теймураза II в Астрахани”. აღნიშნულ წერილს ხელს აწერს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის სახელმწიფო ინსპექციის უფროსი ბ. მიხაილოვი (17.IX.54). საქმე ის იყო, რომ მიძინების ტაძარი მდებარეობდა ასტრახანის კრემლში, სადაც იმხანად სამხედრო გარნიზონი იყო განთავსებული. საქმეში უშუალოდ ჩაებნენ ასტრახანის საქალაქო საბჭოს თავმჯდომარე ნ.ი. პუზანოვი და ასტრახანის გარნიზონის სარდალი ნ.ი. კალაძე (თავისთავად ქართველი პირის ამ საქმეში მონაწილეობა მნიშვნელოვანი იყო). არქიტექტორმა ა. ვორობიოვმა დააზუსტა საფლავების კონკრეტული მდებარეობა. საკითხით დაინტერესდა საბჭოთა კავშირის კულტურის სამინისტრო. შეიქმნა საგანგებო კომისია. 1955 წლის ივნისში ჩატარდა დაზვერვითი არქეოლოგიური სამუშაოები. მოხდა საფლავების ნაწილობრივ გახსნა, თუმცა ეს საკმარისი იყო იმისათვის, რომ ხელისუფლებას ყურადღება მიექცია და კულტურის ძეგლებად ეღიარებინა. ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ ასტრახანი - ეს ძველი რუსული ქალაქი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობაში (დამატებითი მასალებიც იქნა მოპოვებული ასტრახანის არქივებში).

გასული საუკუნის 70-იან წლებში (1973 წ.) ასტრახანში ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები პროფ. გ. პაიჭაძის და პროფ. ვ. ჯაფარიძის ხელმძღვანელობით და საკმაოდ საინტერესო მასალა იქნა მოპოვებული.

XXI საუკუნის დასაწყისში, როცა თბილისში წმიდა სამების ტაძრის მშენებლობა გაჩაღდა, კვლავ დადგა ასტრახანიდან ქართველ მეფეთა გადმოსვენების საკითხი. 2002 წლის დასაწყისში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც იმჟამად რექტორი გახლდით, გვეწვია ბათუმისა და ქობულეთის მიტროპოლიტი დიმიტრი. სხვადასხვა საკითხებზე საუბრისას, მეუფე დიმიტრიმ ასტრახანს დაკრძალული ქართველი მეფეები გაიხსენა. ორთავემ ვთქვით, რომ ვახტანგ VI-ისა და თეიმურაზ II-ის, ასევე ასტრახანის მიძინების ტაძარში დაკრძალულ სხვა ქართველ მოღვაწეთა გადმოსვენება სამართლიანი იქნებოდა. მე გამოვთქვი აზრი, რომ თუკი საკითხი დაისმებოდა, უნივერსიტეტი და პირადად მე აქტიურად ჩავებმებოდით ამ საქმეში. ამასთან მეუფეს მოკრძალებულად ვუთხარი, რომ თუ პატრიარქის ლოცვა-კურთხევა იქნებოდა, ვახტანგ VI და თეიმურაზ II შესაძლო იყო წმიდა სამების ტაძარში დაგვემარხა. მეუფე დიმიტრიმ ჩვენი საუბრის შესახებ, როგორც ჩანს, უწმიდესსა და უნეტარეს  ილია II-ს მოახსენა. იმავე დღეს დაირეკა სატელეფონო ზარი უნივერსიტეტში - პატრიარქი თავისთან მიხმობდა. ილია II-სთან მეუფე დიმიტრი და რამდენმე სამღვდელო პირი დამხვდა. პატრიარქი კმაყოფილი ჩანდა. მან მოიწონა საკითხი ასტრახანიდან მეფეთა გადმოსვენების შესახებ. მე მადლობა გადამიხადა - განსაკუთრებით გაუსვა ხაზი მეფეთა წმიდა სამების ტაძარში გადმოსვენების ჩემს წინადადებას: ეს დიდი საქმეა და უთუოდ ღმერთმა შთაგაგონაო. პატრიარქმა საქმის წამოწყება - ოფიციალურად საკითხის დასმა და მასთან დაკავშირებული საკითხები მე დამავალა. საკითხის წინ წაწევა საკმაოდ რთული იყო. მას სახელმწიფოებრივი გადაწყვეტა სჭირდებოდა.

პირველი, რაც მე გავაკეთე, მოვამზადე საგანგებო წერილი საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის სახელზე.

2002 წლის მარტის 27-ს სახელმწიფოს პრეზიდენტისა და ქვეყნის პატ-რიარქის სახელზე ჩემი წერილით წარვდექი:

საქართველოს პრეზიდენტს 

ბატონ ედუარდ შევარდნაძეს 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უნეტარესსა და უწმიდესს ილია II-ს

თქვენო აღმატებულებავ,

თქვენო უწმიდესობავ,

 

იქნებ ჩვენს რთულსა და მძიმე პერიოდში საჩოთიროდაც მოგეჩვენოთ ამ საკითხის ჩემს მიერ დაყენება, მაგრამ გარკვეული გარემოების გამო საჭიროდ ჩავთვალე შემეწუხებინა თქვენი ყურადღება. მოგეხსენებათ, რომ ჟამთა სიავის გამო საქართველოს ზოგიერთი უდიდესი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე რუსეთს იყო თავშეფარებული. ამჯერად მხედველობაში მყავს ორი მათგანი: ვახტანგ VI (1675-1737 წწ.) - ქართლის გამგებელი (ჯანიშინი) 1703-1714 წწ., მეფე - 1716-1724 წწ. და თეიმურაზ II (1700-1762 წწ.) - კახეთის მეფე 1709-1715 წწ., გამგებელი 1733-1744 წწ., ქართლის მეფე 1744-1762 წწ.

ვფიქრობ, ზედმეტია იმ ღვაწლის ჩვენება, რაც ამ მოღვაწეებს ქვეყნისა და ხალხის, საერთოდ, ისტორიის წინაშე მიუძღვით. ვახტანგ VI დიდი რეფორმატორი იყო. იბრძოდა ქვეყანაში წესრიგის აღდგენისა და ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებისათვის. აღადგინა ეროვნული წეს-ჩვეულებები, ფართო მუშაობა გააჩაღა ქვეყნის ეკონომიკური და კულტურული აღმავლობისათვის. ვახტანგ VI-ის თაოსნობით შეიქმნა "სამართლის წიგნთა კრებული". მის სახელთანაა დაკავშირებული სწავლულ კაცთა კომისიის საქმიანობა. ვახტანგ VI-ის სტამბაში დაიბეჭდა "ვეფხისტყაოსანი" (1712 წ.). მან ფაქტობრივად საფუძველი ჩაუყარა მეცნიერულ რუსთველოლოგიას. წვლილი მიუძღვის ქართული დიდაქტიკური მწერლობის განვითარებაში. მის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ლირიკას. თარგმნა "ქილილა და დამანა", "ამირ-ნასარიანი". . .

თეიმურაზ II ქართლ-კახეთის გამაერთიანებელია. მიაღწია მნიშვნელოვან სამხედრო წარმატებებს და ამიერკავკასიაში უპირატესობას. თეიმურაზ II აღორძინების ხანის ქართული მწერლობის წარმომადგენელია. ავტორია ნაწარმოებებისა: "დღისა და ღამის გაბაასება", "სოფლის სამდურავი". "ხილთა ქება"... სპარსულიდან თარგმნა იგავ-არაკების კრებული "თიმსარიანი".

ორივე მეფე განისვენებს ასტრახანის მიძინების ტაძარში. ვახტანგ VI-მ სიცოცხლის ბოლო ორი წელი ასტრახანში გაატარა და აქვე გარდაიცვალა. თეიმურაზ II პეტერბურგში გარდაიცვალა. მისი გადასვენება იმხანად ასტრახანამდე მოხერხდა და აქვე დაიკრძალა. აღვნიშნავთ, რომ საფლავები დღემდე დაცულია.

და აი, კადნიერებით ვაყენებ საკითხს თქვენს - ქვეყნის უზენაესი პირების წინაშე, ამ ორი ჭეშმარიტი ქართველის საქართველოში გადმოსვენების თაობაზე. ეს თხოვნა, გარდა იმისა, რომ მათ ანდერძებს შეესაბამება, განპირობებულია იმითაც, რომ არ არის გამორიცხული ამ მიცვალებულთა გადასვენება იქვე, სხვა სასაფლაოზე (ეს ცნობა ასტრახანის მიძინების ტაძრის მოძღვრიდან მოდის).

ამგვარად, სასურველად მიგვაჩნია დიდი ქართველი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეების: ვახტანგ VI-ისა და თეიმურაზ II-ის გადმოსვენება ასტრახანის მიძინების ეკლესიიდან თბილისში - წმიდა სამების ტაძარში (ამ აქტით წმ. სამების ტაძარი ახალ, მნიშვნელოვან დატვირთვას შეიძენს).

ვფიქრობ, დიდ საქმეს გააკეთებთ, თუ გამონახავთ დროსა და საშუალებას რუსეთის პრეზიდენტთან და სრულიად რუსეთის პატრიარქთან ამ აქციის ორგანიზაციული მხარის შესათანხმებლად.

დარწმუნებული ვარ, მთელი საქართველო მადლიერი დაგრჩებათ ამ ეროვნული საქმის განხორციელებისათვის.

მოკრძალებით 

რექტორი, აკადემიკოსი 

როინ მეტრეველი

გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ საოცარი ოპერატიულობით მოხდა რეაგირება წერილზე. 28 მარტს მივიღე ჩემს წერილზე საქართველოს პრეზიდენტის რეზოლუცია:

"ბატონო როინ,

იქნებ მოახსენოთ მთავრობის სხდომას თქვენი ინიციატივის შესახებ. მჯერა, ქართველი ხალხი ერთსულოვნად დაგვიჭერს მხარს. სიმართლე გითხრათ, საბჭოთა კავშირის დროს, მქონდა ასეთი მცდელობა, მაგრამ იმ პერიოდში ეს შეუძლებელი გახდა.

იქნებ ორგანიზაციული უზრუნველყოფის სქემაც შემოგვთავაზოთ.

    . შევარდნაძე 

                 28.03.2002"

პარალელურად ე. შევარდნაძემ დავალება მისცა საქართველოს მთავრობის კანცელარიის ხელმძღვანელს პეტრე მამრაძეს:

"ბატონ როინს, როგორც შევთანხმდით, მოვუსმინოთ მთავრობის სხდომაზე"

                 ე. შევარდნაძე

          02.04.2002".

რუსეთის მმართველ ელიტასთან დაკავშირების თაოსანი პატრიარქი იყო. ილია II-მ საგანგებო წერილი მოამზადა რუსეთის პატრიარქის ალექსი II-სადმი.  თანაც წერილის პროექტი ედუარდ შევარდნაძეს გაუგზავნა 2002 წლის 28 მარტს. პატრიარქი აღნიშნავდა, რომ პარალელურად საჭირო იყო ე. შევარდნაძის წერილის გაგზავნა რუსეთის პრეზიდენტისადმი:

"ბატონო ედუარდ, - იხარეთ და იდღეგრძელეთ 

გიგზავნით ჩემი წერილის პროექტს, რომლითაც მე მივმართავ რუსეთის პატრიარქს, მეფეთა, - ვახტანგ VI და თეიმურაზ II საქართველოში გადმოსვე-ნების შესახებ.

ალბათ საჭიროა თქვენი წერილი რუსეთის პრეზიდენტის მიმართ.

მეფეების დაკრძალვა წმიდა სამების ტაძარში დიდ ძალას და განსაკუთრებულ მნიშვნელობას შესძენს ამ ტაძარს.

საკითხის დასაჩქარებლად შეიძლება ფაქსით გავაგზავნო მოსკოვში ჩემი წერილი.

ღმერთმა დალოცვილი გამყოფოთ

                                      ილია II

28/III. 2002 წ."

როგორც ჩანს, ე. შევარდნაძეზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა აღნიშნულმა წერილმა და მოიწონა მისი მოსკოვში გაგზავნის იდეა. აი ალექსი II-სადმი გაგზავნილი ილია II-ის წერილი:

Его Святейшеству, Святейшему Алексию II, 

Патриарху Московскому и всея Руси

Ваше Святейшество!

Сердечно приветствую Вас с пожеланием Вам великих милостей от Господа.

Многовековая история русско-грузинских взаимоотношений знает много имён выдающихся русских и грузинских государственных, общественных и церковных деятелей, которые внесли свой большой личный вклад в развитие этих отношений. Многие грузинские деятели, в том числе цари, царицы, члены их семей, иерархи Грузинской Православной Церкви и дипломаты, деятели культуры и военнослужащие, вопреки своим завещаниям, волей судеб и из-за сложившихся обстоятельств, были погребены в разных городах России (в Петербурге, Москве, Астрахани и др.).

К сожалению, в течение веков не удалось исполнить последнюю волю многих из них и перезахоронить их останки на Родине.

Мы считаем, что сегодня, когда отношения между Россией и Грузией постепенно налаживаются и переходят в нормальное русло, можно исполнить волю некоторых почивших о перезахоронении их в Грузии.

На данном этапе мы считаем возможным поставить вопрос об исполнении последней воли грузинских царей Вахтанга VI (1716-1722 гг.) и Тeймураза II (1744-1762 гг.), которые погребены в Успенском Храме г. Астрахани; они были не только государственными деятелями, но и выдающимися поэтами и просветителями.

Согласие о перезахоронении выразил Преосвященный Иона, Епископ Астраханский и Енотаевский.

Мы обращаемся к Вам, Ваше Святейшество, дать Ваше разрешение для исполнения этого Богоугодного дела.

Подобное письмо о перезахоронении направил Президент Грузии, господин Эдуард Шеварднадзе Президенту Российской Федерации, господину Владимиру Путину.

Желаю Вашему Святейшеству доброго здоровья и в радости встретить Светлое Христово Воскресение. С братской во Христе любовью

Илия II

Католикос-Патриарх  всея Грузии

რამდენიმე დღეში (2002 წ. აპრილი) გაიმართა საქართველოს მთვრობის გაფართოებული სხდომა.  პირველ საკითხად იდგა ქართველ მეფეთა და სხვა საეკლესიო და პოლიტკურ მოღვაწეთა ატრახანიდან გადმოსვენება.  მე დეტალურად მოვახსენე ვახტანგ VI-ისა და თეიმურაზ II-ის მოღვაწეობის, მათი როლის შესახებ რუსულ-ქართულ ურთიერთობებში; ძნელ ბედობის გამო მათი საქართველოში ჩამოუსვენებლობის მიზეზები; ის აუცილებლობა,  რომელიც განაპირობებდა მათი გადმოსვენების საჭიროებას. კერძოდ, ხაზი გავუსვი მათ ანდერძებს, და, რაცმთავარია, არ გამოვრიცხეთ, რომ ასტრახანის კრემლის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო შესაძლო იყო ქართველთა საძვალე სხვაგან გადაეტანათ  (ეს ინფორმაცია მეუფე დიმიტრის ასტრახანის მიძინების ტაძრის მოძღვარმა მიაწოდა). მოხსენებაში გადმოსვენებასთან დაკავშირებულ ხარჯებზეც იყო საუბარი - აღვნიშნე,  რომ შესაძლო იყო ქართველ ბიზნესმენებს გაეღოთ თანხა ამ ღონისძიების სისრულეში მოსაყვანად.  აქ ერთი საინტერესო ფაქტი მოხდა. სხდომაზე გამოვიდა იმერეთის გუბერნატორი თემურ შაშიაშვილი,  რომელმაც დააყენა საკითხი - ეს საშვილიშვილო საქმე ქვეყნის ბიუჯეტით განხორციელებულიყო.  მთავრობამ ერთხმად დაუჭირა მხარი ჩვენს წინადადებას. დადგა რუსეთის ხელისუფლებასთან და პატრიარქთან დაკავშირების საკითხი. მათთან შეუთანხმებლად, მათი ნების გარეშე, საქმის გაკეთება გამორიცხული იყო.  ედუარდ შევარდნაძემ 2002 წლის 11 აპრილს საგანგებო წერილი-თხოვნა გაუგზავნა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს.

Его Превосходительству

Президенту Российской Федерации

господину Путину В.В.

Уважаемый Владимир Владимирович,

Как Вам известно, взаимосвязи наших народов корнями уходят в глубокое прошлое. Летопись хранит немало полных драматизма эпизодов истории Грузии, когда гонимые судьбой многие наши соотечественники вынуждены были искать убежище в единоверной России.

Среди тех, кто нашел свое последнее пристанище на русской земле, были такие выдающиеся поэты, просветители и государственные деятели Грузии, как Картлийские цари Вахтанг VI и Теймураз II. Прах обоих правителей покоится в Успенском храме г. Астрахани.

Недавно общественность Грузии с согласия Католикоса-Патриарха всея Грузии Ильи II выступила с инициативой перезахоронения праха этих достойных сынов своего народа на Родину.

Уверен, Вы с пониманием воспримете просьбу моих сограждан и окажете содействие в осуществлении их намерения.

Эта акция еще раз напомнит всем, сколь тесно переплетены судьбы русского и грузинского народов, и внесет весомый вклад в укрепление дружбы, сотрудничества и взаимопонимания между нашими единоверными государствами.

С заверениями в искреннем уважении,

Эдуард Шеварднадзе

№ 179/1

11.04.2002

ქვეყნის უმაღლესი პირების წერილებმა გარკვეული გავლენა იქონია. 2002 წლის 25 აპრილითაა დათარიღებული (ე.ი. საკმაოდ ოპერატიული პასუხია)  მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის თანხმობის წერილი (პასუხი) საქართველოს პატრიარქისადმი. გარკვეული ინფორმაციით, ქ. ასტრახანის მიძინების ტაძრის მღვდელმთავარიც მხარს უჭერდა ამ აქციის განხორციელებას. იგი თვლიდა,  რომ მისი ქრისტიანული ვალია ხელი შეუწყოს რუსეთში დარკძალულ ქართველ მოღვაწეთა სამშობლოში გადმოსვენებას. ასეთივე თანხმობა არ იქნა მიღწეული პოლიტიკოსებში. ერთი მხრივ, თავს იკავებდა ქ.  ასტრახანის იმჟამინდელი გუბერნატორი და მეორე მხრივ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, არ ჩანდა  (ალბათ იგვიანებდა) რუსეთის პრეზიდენტის ვ. პუტინის პასუხი. როგორც ზემოთ ღვნიშნეთ, ე.  შევარდნაძის წერილი 2002 წლის 11 აპრილს გაიგზავნა. თითქმის მთელი წელი დააგვიანდა პასუხს.  უფრო მეტიც, წერილობითი პასუხი, საქართველოს პრეზიდენტის თხოვნაზე, არ მიღებულა. როგორც ჩანს, ე.  შევარდნაძე რუს კოლეგას 2003 წლის მარტში დამატებით ელაპარაკა აღნიშნულ საკითხზე, რაც პეტრე მამრაძისა და ირაკლი ანდრიაძისადმი მიცემული დავალებიდან ჩანს:

"პეტრე მამრაძეს,

ირაკლი ანდრიაძეს 

საუბარი ამ თემაზე პრეზიდენტ პუტინთან შედგა. ის წინააღმდეგი არ არის. შეარჩიეთ კანდიდატურა, ვინც ამ საკითხზე იმუშავებს.

. შევარდნაძე 

08.03.2003".

დაიწყო პირველი საორგანიზაციო სამუშაოები. საქმის კოორდინაცია არქე-ოლოგიური კვლევის ცენტრის საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ქართული კულტურის კვლევის საპრობლემო ჯგუფის ხელმძღვანელს გივი ღამბაშიძეს დაევალა. დაისახა პროგრამა, სადაც გათვალისწინეული იყო ქ. ასტრახანის მიძინების სახელობის ტაძარში 1973 წ. ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების სამეცნიერო ანგარიშისა და სხვა საარქივო მასალების შესწავლა; ვახტანგ VI-ის თავის ქალის მოძებნა (დაიკარგა XX საუკუნის 40-იან წლებში ვახტანგ VI-ის სამარხის გაძარცვისას); მიძინების ტაძარში დაკრძალული სხვა სამღვდელო პირების სიის დადგენა; თეიმურაზ II-ის ნეშტისათვის ექსპერტიზის ჩატარება; ქართველ მოღვაწეთა სამარხების გათხრისას აღმოჩენილი სამოსელის, ჯვრებისა და სხვა აქსესუარის ქ. ასტრახანის მხარეთმცოდნეობის მუზეუმიდან მიღებისათვის ზრუნვა. საჭიროდ ჩაითვალა მივლენილიყვნენ ქ. ასტრახანში: ღვთისმსახური, არქეოლოგი, ანთროპოლოგი, ისტორიკოსი, ფოტო-ვიდეო ოპერატორი. ეს ყოველივე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კომისიის (თავმჯდომარე აკადემიკოსი ანდრია აფაქიძე) სხდომაზე გადაწყდა. აუცილებლად იქნა მიჩნეული ვახტანგ VI-ის შედგენილი კანონთა კრებულის "დასტურლამალის" 65-ე კარის, 23-ე პარაგრაფის - "მეფისა და მეფის ოჯახის წევრების დასაფლავების განაწესის" გათვალისწინება (საქართველოს არქეოლოგიური კომისიის სხდომის ოქმი # 3, 2002 წ. 11 აპრილი).

ხელისუფლებისა და საპატრიარქოს მიერ ჩატარებული ორგანიზაციული საქმიანობის შემდეგ, 2003 წლის 24-31 მაისს ქ. ასტრახანში მივლინებული იქნა დელეგაცია (დააფინანსა წმიდა სამების ტაძრის მშენებლობის ფონდმა), რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ: მეუფე დიმიტრი - ბათუმისა და სხალთის ეპისკოპოსი, ზურაბ ცხოვრებაძე - საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, გივი ღამბაშიძე - მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ქართული კულტურის კვლევის საპრობლემო ჯგუფის ხელმძღვანელი. ჩატარდა მოსამზადებელი სამუშაო. საჭირო გახდა მთელი რიგი საკითხების მოგვარება. სამწუხაროდ, საქმიანობა ერთხანს შეჩერდა. . .

აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად გარკვეული ნაბიჯი გადაიდგა საქართველოში ხელისუფლების შეცვლის (2003 წლის ნოემბერი) შემდეგაც. საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰქონდა დავალება გარკვეული შეთანხმებების მიღწევისა (საქართველოს პრეზიდენტის მითითება 2004 წლის 10 ივლისს). საგარეო საქმეთა მინისტრმა 2004 წლის 28 ივლისს წერილით მიმართა პრეზიდენტ მ. სააკაშვილს და მოახსენა, რომ გაიმართა საპატრიარქოს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენელთა შეხვედრა. აქვე სთხოვს, რომ პროცესის (გადმოსვენებაა მხედველობაში) დაუბრკოლებლად განსახორციელებლად აუცილებელია რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, კერძოდ ქ. ასტრახანის მერიის, რუსეთის კულტურის სამინისტროს, საბაჟო და სასაზღვრო სამსახურების ნებართვები. თითოეული მათგანი ითხოვდა რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების შესაბამის მითითებას. გამომდინარე აქედან, საგარეო საქმეთა მინისტრს სასურველად მიაჩნდა - მომზადდეს წერილი ვლადიმერ პუტინის სახელზე, რომელშიც გამოსახული იქნებოდა ქართველი ხალხის ნება აღასრულოს ქართველი მეფეებისა და მღვდელმთავრების უკანასკნელი სურვილი - დაკრძალულ იქნენ საქართველოს მიწაზე. 

გვერდი 2

ნავიგაცია
კალენდარი
ბანერები