აკადემიური საბჭოს გაფართოებული სხდომა » ქართული უნივერსიტეტი
აკადემიური საბჭოს გაფართოებული სხდომა

ქართული უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული სამსახურების თანამშრომლებმა მოისმინეს 2010-14 წლის საანგარიშო მოხსენებები.

აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გაფართოებული სხდომა შეაფასა, როგორც  უაღრესად საინტერესო, რადგან ამ სხდომის შემდეგ კიდევ ერთხელ დაინახეს მისმა მონაწილეებმა, რომ ოთხ წელიწადში ოფიციალური რეიტინგითაც და ბატონი როინის  შეხედულებითაც ქართული უნივერსიტეტი ჩადგა მოწინავე უმაღლესი სასწავლებლების პირველ რიგებში.

  ბატონმა  როინ მეტრეველმა გაიხსენა,  როგორ დაიწყო ქართულმა უნივერსიტეტმა არსებობა და როგორ ეწოდა მას დიდი წმინდანის სახელი. ისაუბრა უნივერსიტეტის განვითარებასა და წინსვლაში მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ღვაწლსა და დამსახურებაზე. განსაკუთრებით აღნიშნა ქართულ უნივერსიტეტში პატრიარქის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის დამსახურება ქართული უნივერსიტეტის წინაშე, დასძინა „მეუფე იაკობი არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის ერთ-ერთი გამორჩეული წევრი, რომელმაც ჩვენი ქვეყნისათვის არაერთ ურთულეს დღეებში ყველას აჩვენა მოქალაქეობრივი გამბედაობისა და სწორი გადაწყვეტილების მიღების მაგალითი. შემდეგ ქართული უნივერსიტეტის რექტორს დიდი მადლობა გადაუხადა იმ დიდი საქმიანობისათვის, რომელსაც  ბატონი სერგო ვარდოსანიძე ეწევა უშუალოდ. აქვე აღნიშნა კანცლერის, ბატონი თამაზ ვაჩაძის მიერ სხდომაზე წარმოდგენილი ანგარიშის სიღრმე და ყოვლისმომცველობა დეტალების თვალსაზრისით და მადლობა გადაუხადა მას.

აკადემიკოსმა  როინ მეტრეველმა  პროფესორ  ვახტანგ გურულის გულისტკივილიც არ დატოვა უყურადღებოდ და ისაუბრა სადოქტორო დისერტაციების დაცვასთან დაკავშირებულ მთავარ პრობლემაზე. მან ბრძანა, რომ დღეს ყველა უმაღლეს სასწავლებელში ბევრს საუბრობენ და სავსებით  სამართლიანად აღნიშნავენ, რომ სადოქტორო დისერტაციები ვერ არის  სასურველ  დონეზე  და იმასაც ვარაუდობენ, რომ დადგება დრო, როდესაც  ცვლა აღარ ეყოლება მეცნიერებას.  ბატონმა როინმა დასძინა, რომ  ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ქართული უნივერსიტეტის  დოქტორის დონე იყოს ძალიან მაღალი. მან ისაუბრა ისტორიისა და ფილოლოგიის დოქტორანტების მაღალ დონეზე და ამასთან, ვერ დამალა საბაკალავრო დაცვებით გამოწვეული აღტაცება.

მან აღნიშნა, რომ ქართულმა უნივერსიტეტმა შეინარჩუნა ის დიდი სული, რომელიც დაარსებიდან წლების მანძილზე არსებობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თუმცა სამწუხაროდ, დღეს ამას ვეღარ ვიტყვით. ეს ქართული სული იმ პროფესურასთან ერთად, რომელიც დედაუნივერსიტეტის აღზრდილია, იმემკვიდრა ქართულმა უნივერსიტეტმა და ეს უკანასკნელი ამართლებს თავის დიდ დანიშნულებას, დიდ მისიას.   

სხდომის დასასრულს ტრადიციულად გაიმართა იმ პირთა დაჯილდოვება, რომელთაც თავიანთი წვლილი შეიტანეს ქართული უნივერსიტეტის წინსვლასა და განვითარებაში. დაჯილდოვებულთა შორის რექტორმა განსაკუთრებით გამოარჩია აკადემიკოსები როინ მეტრეველი და ანზორ ხელაშვილი, რომელთაც საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საჩუქრად გადაეცათ წმიდა გიორგის მინანქარში შესრულებული ოქროს გულსაკიდები.

სამახსოვრო საჩუქრები (მაჯის საათები) და მადლობის სიგელები ასევე გადაეცათ პროფესორებს: მიხეილ ჯიბუტს, ჰამლეტ მელაძეს, თეა გოგოტიშვილს, ტარიელ ფუტკარაძეს.

მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ: პროფესორები - თინათინ ფანცულაია, ლევან ჯიქია, ლია კარიჭაშვილი, თამარ ფხალაძე, გვანცა ბურდული, ნინო დამენია, ხათუნა კუხალაშვილი, ფიქრია წოწკოლაური, მიხეილ თოქმაზიშვილი, გიორგი მაქაცარია, შაქრო პეტუნაშვილი, თამაზ თევზაძე, პაატა გოგიშვილი, გურამ გოგიშვილი. მადლობის სიგელები ასევე გადაეცათ: თიკო გოროზიას, თიკო კოპაძეს, გულიკო პეტრიაშვილს და ლიკა მეტონიძეს.

ასე შეაფასეს ქართული უნივერსიტეტის ოთხწლიანი აკადემიური და ადმინისტრაციული მუშაობა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა.

 

პროფესორი ემილ კოპალიანი

  • როგორი იყო განვლილი ოთხი წელი უნივერსიტეტში?

2010-2014 წლები უნივერსიტეტის ცხოვრებაში იყო მისი კლასიკური ტიპის უნივერსიტეტად ჩამოყალიბების გზაზე გადადგმული პირველი სწორი ნაბიჯების პერიოდი. ეს იყო უნივერსიტეტის ყველა თანამშრომლის, როგორც ადმინისტრაციის, ასევე აკადემიური პერსონალის დაუღალავი, ყოველდღიური საქმიანობის შედეგი. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოსა და ადმინისტრაციის სწორმა სტრატეგიამ მოიტანა სწორედ საქართველოს მასშტაბით ჩვენი უნივერსიტეტის მიერ მოპოვებული დამსახურებული მესამე ადგილი.

  • დაგაკმაყოფილათ თუ არა ოთხწლიანი მუშაობის ანგარიშმა?

ოთხწლიანი მუშაობის ანგარიშში ზუსტად და ნათლად იყო წარმოდგენილი გაწეული მრავალმხრივი, დაძაბული და ინტენსიური მუშაობის ძირითადი მიმართულებები. რასაკვირველია, ყველა დეტალი მოცემულ რეგლამენტში ვერ აისახა, ამიტომ აქცენტები და განვითარების ტენდენციები მკაფიოდ იყო გაშუქებული.

  • რა რჩევებს მისცემდით რექტორატს და ადმინისტრაციას?

აკადემიური საბჭოსა და ადმინისტრაციის წინაშე, ჩემი აზრით, დგას რამდენიმე მნიშვნელოვანი ამოცანა: I - სწავლის საბოლოო შედეგების მიღწევის მიზნით სასწავლო პროგრამებით გათვალისწინებული მოთხოვნების ზედმიწევნით შესრულება; II - სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის მიზნით სპეციალური სტრუქტურის შექმნა;  III - უნივერსიტეტის ბიუჯეტის შესაძლებლობის ფარგლებში მატერიალური ბაზის გაფართოება  და თანამშრომელთა ანაზღაურების გაზრდა.

 

პროფესორი  მიხეილ ჯიბუტი 

  • როგორი იყო განვლილი ოთხი წელი უნივერსიტეტში?

ქართული უნივერსიტეტისათვის გასული ოთხი წელი იყო რაოდენობრივი და თვისობრივი(ხარისხობრივი) ზრდის წლები. უნივერსიტეტი, როგორც სასწავლო ინსტიტუტი ჩამოყალიბდა, სასწავლო პროცესმა მოიცვა ყველა საფეხურის სრული ციკლი, შეიქმნა საბაზო და უნივერსიტეტისადმი ლოიალური პედაგოგიური და ადმინისტრაციული გუნდი, უნივერსიტეტმა დაიწყო ქვეყნის საზოგადოებრივ და საგანმანათლებლო სივრცეში ადგილის დამკვიდრება, გაიზარდა უნივერსიტეტის ცნობადობა.

  • დაგაკმაყოფილათ თუ არა ოთხწლიანი მუშაობის ანგარიშმა?

უნივერსიტეტის განვითარება იყო სწრაფი და დინამიური    (რაც იმითაც იყო გამოწვეული , რომ განვითარება დაიწყო საწყისი ნიშნულიდან)  და ამდენად დამაკმაყოფილებელი.

  • რა რჩევებს მისცემდით რექტორატს და ადმინისტრაციას?

ვისურვებდი განვითარების ტემპის შენარჩუნებას. ამასთან, მინდა მივანიშნო, რომ განვითარება ვეღარ დაეყრდნობა ექსტენსიურ ფაქტორებს. საჭიროა თვისობრივად გაუმჯობესება უნივერსიტეტის, რომელიც უნდა დაეფუძნოს უნივერსიტეტის კონკურენტუნარიანობის ზრდის სტრატეგიას საბაზრო ეკონომიკის პრინციპების საფუძველზე. ყველასათვის მკაფიოდ გასაგები უნდა იყოს თუ რით არის გამორჩეული უნივერსიტეტი: რა არის გარანტია საუკეთესო განათლების მიღებისათვის ამ უნივერსიტეტში. ამისათვის უპირველეს ყოვლისა საჭიროა სწავლებისა და მართვის  ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა და სტუდენტებისათვის სწავლის მომსახურებისას  „საშუალო“ მასწავლებლის პრინციპიდან „ლიდერი“ მასწავლებლის პრინციპზე გადასვლა. ბაზარს უყვარს ლიდერები და მასზე აგებული პროცესებია წარმატებული.

 

პროფესორი მინდია უგრეხელიძე 

  • როგორი იყო განვლილი 4 წელი უნივერსიტეტში?

განვლილი 4 წელი საინტერესოც იყო და ნაყოფიერიც. ეს თანაბრად შეეხება როგორც სასწავლო პროცესსა და მეცნიერულ კვლევა-ძიებას, ისე სხვა საქმიანობას და ღონისძიებებს, რომლებიც ეძღვნებოდა ღირსშესანიშნავ თარიღებს, გამოჩენილ და ღვაწლმოსილ პიროვნებებს, უნივერსიტეტთაშორის თუ სხვა თანამშრომლობას. ყოველივე ეს ტრადიციულ პარამეტრებში ვერ განიზომება. მთავარია, რომ უნივერსიტეტმა შეძლო გამოემუშავებინა საკუთარი ხელწერა, სახე და შეექმნა სრულიად გამორჩეული აურა, რომელიც არც ერთ სხვა უმაღლეს სასწავლებელს არ ახლავს. ამ გარემოებას უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის კურთხევის მადლიც განსაზღვრავს და მკაფიოდ გამოკვეთილი ეროვნულობა, რომელიც, რაღაცნაირად, შიგნიდან ასხივოსნებს კეთილშობილური იდეით განმსჭვალულ საუნივერსიტეტო საქმიანობას.

  • დაგაკმაყოფილათ თუ არა ოთხწლიანი მუშაობის ანგარიშმა?

სავსებით. მთავარი ღირსება ის გახლავთ, რომ არც მშრალი ფაქტების კორიანტელი იდგა და არც ზოგადი განცხადებებისა. პირიქით, ყოველი ცალკეული დებულება მსუყე ფაქტებით იყო დახუნძლული, თანაც, ჩართული და წარმოდგენილი სნაიპერულად ზუსტ და საჭირო კონტექსტში.

  • რა რჩევებს მისცემდით რექტორატსა და ადმინისტრაციას?

არა მგონია, ეს მათ დიდად ესაჭიროებოდეთ, მაგრამ იმდენად სწრაფი ტემპით მიმდინარეობს საუნივერსიტეტო საქმიანობის განვრცობა - გაღრმავება, რომ მალე არსებული რესურსი შესაძლოა ვეღარც კი გაწვდეს მარად მზარდ მოთხოვნებსა და მოთხოვნილებებს. ამიტომ რაც შეიძლება დროულად უნდა მოხდეს თადარიგის დაჭერა ყველა საჭირო მიმართულებით. ვინაიდან მარტო საკუთარი სახსრებითა და საშუალებებით ეს გაძნელდება, უნდა ვიზრუნოთ, რათა არც ”გარედან” მოგვაკლდეს აუცილებელი მხარდაჭერა.

 

პროფესორი ნოდარ პავლიაშვილი

  • როგორი იყო განვლილი ოთხი წელი უნივერსიტეტში?

საკმაოდ რთული 4 წელი იყო ჩვენი უნივერსიტეტისათვის. ფაქტობრივად, ამ ოთხ წელიწადში ჩამოყალიბდა ქართული უნივერსიტეტი სრულფასოვან, ძლიერ, წელში გამართულ უნივერსიტეტად. მარტო ის ფაქტი რად ღირს, რომ საკმაოდ პოპულარული საერთაშორისო ვებრეიტინგის მიხედვით საქართველოს უნივერსიტეტებს შორის მე-3 ადგილი უკავია და საქართველოშიც სულ უფრო იზრდება მისი პოპულარობა. აღსანიშნავია, რომ შარშან უნივერსიტეტმა წარმატებით გაიარა ავტორიზაციისა და პროგრამული აკრედიტაციის ეტაპი, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის ქართული უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უკლებლივ ყველა თანამშრომელს.

რა თქმა უნდა, იყო სირთულეებიც და სერიოზული წინააღმდეგობებიც, მაგრამ ქართული უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოსა და ადმინისტრაციის დიდ დამსახურებად უნდა ჩაითვალოს, რომ ეს სირთულეები და წინააღმდეგობები წარმატებით იქნა დაძლეული.

  • დაგაკმაყოფილათ თუ არა ოთხწლიანი მუშაობის ანგარიშმა?

დიახ, რადგან იყო ყოვლისმომცველი და სრულად ასახავდა ბოლო 4 წლის მანძილზე უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებს. დეკანებმა ამომწურავად წარმოადგინეს 4 წლის ანგარიში და აღწერეს ფაკულტეტებზე არსებული მდგომარეობა.

  • რა რჩევებს მისცემდით რექტორატს და ადმინისტრაციას?

აკადემიურ საბჭოს და ადმინისტრაციას ვუსურვებდი წარმატებით გაეგრძელებინოთ საქმიანობა ქართული უნივერსიტეტის წინსვლისა და შემდგომი სრულყოფისაკენ. დარწმუნებული ვარ, რომ ქართული უნივერსიტეტი კიდევ უფრო მაღალ სიმაღლეზე ავა და კიდევ უფრო პოპულარული გახდება.

რჩევას რაც შეეხება, ალბათ, საჭირო იქნება ძალისხმევის გააქტიურება აბიტურიენტების მოზიდვისათვის. ამ მიმართულებით კარგი იქნება, თუ გაფართოვდება კავშირები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებთან და ეპარქიებთან. ასევე მიმაჩნია, რომ კარგი იქნება, თუ შეიქმნება დოქტორანტურისა და სამეცნიერო კვლევების მაკოორდინირებელი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს სამეცნიერო საქმიანობისა და დოქტორანტურის მონიტორინგს და იზრუნებს სამეცნიერო კავშირების გაფართოებასა და საგრანტო პროექტების მოზიდვაზე და მათში ჩვენი უნივერსიტეტის თანამშრომლების ფართოდ ჩართულობაზე.

 

პროფესორი ნიკო კვარაცხელია 

  • როგორი იყო განვლილი ოთხი წელი უნივერსიტეტში? 

  ქართულ უნივერსიტეტში ვმუშაობ მესამე წელია. განვლილი სამი წელიწადი იყო ძალიან წარმატებული. ამ პერიოდში შეიქმნა ტურიზმის მიმართულების საბაკალავრო პროგრამა და დამატებითი პროგრამა - მაინორი კულტურულ ტურიზმში. ამჟამად მომზადების სტადიაშია სამაგისტრო პროგრამა „კულტურული ტურიზმისა და მემკვიდრეობის მენეჯმენტი“. რისთვისაც ჩვენი უნივერსიტეტი გაწევრიანდასხვა აკადემიურ უნივერსიტეტებთან ერასმუს+ საგრანტო პროექტში.პროექტის ხელმძღვანელია  ჯიანკლაუდიო მაკიარელა.

  • განვლილი წლების შეფასება მიზანშეწონილად მიმაჩნია შემდეგი ოთხი კრიტერიუმის მიხედვით:

1.      სასწავლო პროგრამა - ოპტიმალური და სრულყოფილი;

2.      უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა - კეთილმოწყობილი და გამართული;

3.      სწავლების მიზნით შექმნილი სამუშაო ატმოსფერო - საუკეთესო;

4.    ადმინისტრაციასთან და თანამშრომლებთან დამოკიდებულება - გულღია, მეგობრული 

  • დაგაკმაყოფილათ თუ არა ოთხწლიანი მუშაობის ანგარიშმა? 

ანგარიში არის ყოვლისმომცველი, მასში გათვალისწინებულია ყველა საჭირბოროტო საუნივერსიტეტო საკითხი, რომლის გადაჭრაზეც უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში მუშაობდა უნივერსიტეტის ყველა რგოლი: აკადემიური საბჭო და აკადემიური პერსონალი; ახალგაზრდული კავშირი თუ ტექნიკური პერსონალი.

  • რა რჩევებს მისცემდით რექტორატს და ადმინისტრაციას?

უნივერსიტეტის რექტორატი და ადმინისტრაცია იმდენად კრეატიულ გადაწყვეტილებებს იღებს, რომ ძნელია რამე განსაკუთრებული და განსხვავებული ურჩიო. ერთადერთი, რაც შეიძლება კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს, ესაა სამეცნიერო კვლევების მოცულობის ზრდა და მრავალკომპონენტიანი კვლევების ჩატარება უნივერსიტეტის სხვადასხვა მიმართულებების სამეცნიერო პოტენციალის გამყენებით.

 

პროფესორი  თეა გოგოტიშვილი

  • როგორი იყო განვლილი ოთხი წელი უნივერსიტეტში?

განვლილი ოთხი წლის განმავლობაში აღინიშნებოდა პროგრესი: როგორც სასწავლო გარემოსა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე მიმართული მუშაობა, ასევე სწავლების ხარისხის ზრდაზე ორიენტირებული მიდგომები. საერთო ჯამში, მიმაჩნია, რომ უნივერსიტეტის რექტორატი ყველაფერს აკეთებს წინსვლისა და განვითარებისათვის, რაც უნივერსიტეტის რეიტინგულ მონაცემებში აისახება.

  • დაგაკმაყოფილათ თუ არა ოთხწლიანი მუშაობის ანგარიშმა?

ანგარიში სტაბილურად აკმაყოფილებს მაღალ მოთხოვნას; ყოველი წლის ბოლოს განხორციელებული ანგარიშგება გამოირჩევა მკაფიო გამჭვრირვალობით, დეტალურობითა და სისტემურობით.

  • რა რჩევებს მისცემდით რექტორატს და ადმინისტრაციას?

ვფიქრობ, ადმინისტრაციის ძალისხმევა უნივერსიტეტის განვითარებისათვის არ საჭიროებს დამატებით რჩევებს.

 

პროფესორი მანანა ტაბიძე

  • როგორი იყო განვლილი ოთხი წელი უნივერსიტეტში?

განვლილი ოთხი წელი იყო ძალიან საინტერესო, მზარდი წარმატებების მქონე, სამუშაო პირობები იყო საუკეთესო (დისციპლინის, სასწავლო პროცესის ორგანიზების, სტუდენტთა და პედაგოგთა ინტერესების დაცვის თვალსაზრისით);

  • დაგაკმაყოფილათ თუ არა ოთხწლიანი მუშაობის ანგარიშმა?

დამაკმაყოფილა და გამაოცა. ძალიან ბევრი რამ მოესწრო ამ მოკლე ვადაში;

  • რა რჩევებს მისცემდით რექტორატს და ადმინისტრაციას?

შესაძლებელია, სტუდენტთა აქტიურობისა და ინიციატივის გასაზრდელად  მათ მიეცეთ კონკრეტული დავალებები  საკუთარი ყოველწლიური ჟურნალის გამოცემის, სამეცნიერო სემინარების ჩატარების, დარგთაშორისი სამუშაოების  (სამეცნიერო და პრაქტიკული), სწავლასა და სამეცნიერო საქმიანობაში შეჯიბრებითობის შემოღების და სხვ. ამგვარი ღონისძიებების სახით.

 

პროფესორი მანანა კაჭახიძე 

  • როგორი იყო განვლილი ოთხი წელი უნივერსიტეტში?

ამ ხნის განმავლობაში დაიწყო და თანდათან გრძელდება უნივერსიტეტის (და არა, როგორც სასწავლო უნივერსიტეტის) სტრუქტურების ჩამოყალიბება. უნივერსიტეტში თავი მოიყარა ძლიერმა სასწავლო-სამეცნიერო პოტენციალმა, რაც აისახა კიდეც უნივერსიტეტის რეიტინგზე;

  • დაგამაყოფილათ თუ არა ოთხწლიანი მუშაობის ანგარიშმა?

უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა ცდილობს უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესები და  უნივერსიტეტის ბიუჯეტი იყოს გამჭვირვალე; მომწონს ის ფაქტი, რომ ყოველი წლის  დასაწყისში (აქ არ იგულისხმება სასწავლო წლის დასაწყისი) უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა დეკანატების მეშვეობით აგროვებს თითოეული ფაკულტეტის  ბიუჯეტის მოთხოვნებს. ამ ბიუჯეტის შედგენაში აქტიურად მონაწილეობენ  ფაკულტეტის მიმართულების ხელმძღვანელები, ისინი გეგმავენ, რა თანხებია საჭირო  სასწავლო-სამეცნიერო პროცესების უკეთ წარმართვისათვის. ხაზგასმით უნდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ არ ყოფილა შემთხვევა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას უარი ეთქვა იმ თანხის გაცემაზე, რომელიც დაგეგმილი იყო ფაკულტეტის ბიუჯეტით. ისიც ხაზგასასმელია, რომ ბიუჯეტის დაგეგმვაში მიმართულების ხელმძღვანელი სრულიად თავისუფალია (ცხადია, გონივრულობის ფარგლებში), რადგან არავითარ შეზღუდვებს არ განიცდის არც დეკანატის და არც რექტორატის მხრიდან.

  • რა რჩევებს მისცემდით რექტორატს და ადმინისტრაციას?

 ჩემი სურვილია, რაც შეიძლება სწრაფად შეიქმნას სამეცნიერო სექტორი; ამ სექტორის ხელმძღვანელი უნდა აირჩეს ფრთხილად; რადგან ჩვენი უნივერსიტეტი მრავალპროფილიანია, სექტორის ხელმძღვანელი უნდა იყოს მრავალმხრივ განათლებული, ცნობილი მეცნიერი, რომელსაც უნდა ჰქონდეს ფართო მეცნიერული ხედვა, იცნობდეს დღევანდელი მსოფლიოს სამეცნიერო მიღწევებს, უნდა შეეძლოს სწორად განსაზღვროს უნივერსიტეტის სამეცნიერო მიმართულება, აუცილებლად უნდა იცოდეს მინიმუმ ორი უცხო ენა (რუსული და სასურველია, ინგლისური). უნდა ჰქონდეს კარგი მენეჯერული თვისებები, რათა ის პირადი სამეცნიერო კავშირები უცხოეთთან, რომელიც თითოეულ მეცნიერს გააჩნია, აქციოს საუნივერსიტეტო კავშირებად. უნივერსიტეტმა ეს აუცილებლად უნდა გააკეთოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დროთა განმავლობაში, უნივერსიტეტი სასწავლო უნივერსიტეტად გადაიქცევა. ეს კი ძალიან დასანანი იქნება, რადგან ჩვენს უნივერსიტეტს წინსვლის ყველა პირობა აქვს; კიდევ ვისურვებდი, რომ მოვიფიქროთ გზები, რითაც უნივერსიტეტი თვითდაფინანსებით შეძლებს ცხოვრებას. ამის მაგალითები არსებობს საზღვარგარეთ და შეგვიძლია გავიზიაროთ.

იხილეთ ფოტოალბომი ფეისბუქზე

ნავიგაცია
კალენდარი
ბანერები