ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები

ბიბლიოთეკის წევრად რეგისტრაცია:

  1. ბიბლიოთეკით სარგებლობა შეუძლია უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს, აკადემიურ პერსონალს, მოწვეულ სპეციალისტს და თანამშრომელს. 
  2. სტუდენტის სტატუსის მოპოვების შემდეგ სტუდენტმა უნდა მიმართოს ბიბლიოთეკას, წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან უნივერსიტეტის სტუდენტური ბარათი და ელექტრონული ფორმით გაიაროს  რეგისტრაცია. რეგისტრაციის გავლის შემდეგ სტუდენტს ენიჭება საიდენტიფიკაციო კოდი.
  3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით ხდება აკადემიური პერსონალის, მოწვეული სპეციალისტის და თანამშრომლისა ბიბლიოთეკის წევრად რეგისტრაცია.
  4. მკითხველი ვალდებულია შეატყობინოს ბიბლიოთეკას სახელის, გვარის და საკონტაქტო ინფორმაციის შემცველი მონაცემების შეცვლის შემთხვევაში.

წიგნის გატანა-დაბრუნება:

  1. საბიბლიოთეკო ერთეულის გატანა/არგატანა დამოკიდებულია მასალის კატეგორიაზე, ერთეულის რაოდენობასა და მისი მოთხოვნის სიხშირეზე. 
  2. მკითხველს წიგნით სარგებლობა შეუძლია სამკითხველო დარბაზში. შესაძლებელია  ბიბლიოთეკიდან წიგნის გატანა 5 დღის ვადით, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი ბიბლიოთეკაში არსებობს წიგნის სამი ან მეტი ეგზემპლარი.
  3. იმ შემთხვევაში თუ ნაბეჭდი საბიბლიოთეკო ერთეული მხოლოდ ერთი ეგზემპლარია ბიბლიოთეკაში, მაგრამ არ არის მასზე ყოველდღიური მოთხოვნა, შესაძლებელია მკითხველმა ისარგებლოს სახლში გატანის უფლებით.
  4. ბიბლიოთეკაში შესვლისთანავე მკითხველი მიმართავს ბიბლიოთეკის უფლებამოსილ თანამშრომელს, რომელიც ეხმარება შესაბამისი წიგნის მოძიებაში. ბიბლიოთეკის შესაბამისი თანამშრომელი მკითხველს გადასცემს წიგნს, ამასთან  მკითხველის საიდენტიფიკაციო კოდის გამოყენებით უზრუნველყოფს გაცემული წიგნის აღრიცხვას. 
  5. მკითხველი ბიბლიოთეკის რესურსის დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში ვალდებულია შეატყობინოს ბიბლიოთეკის თანამშრომელს.
  6. გატანილი წიგნის უკან დაბრუნების ვადის ამოწურვისთანავე მკითხველი ვალდებულია იგი დაუბრუნოს ბიბლიოთეკას. თუ მკითხველი საჭიროებს ვადის გაგრძელებას, მას შეუძლია ბიბლიოთეკის უფლებამოსილ თანამშრომელთან 5 დღის ვადით გადაავადოს წიგნის დაბრუნება, თუ არ შემოსულა სხვა მკითხველის მოთხოვნა.
  7. თუ მკითხველი საპატიო მიზეზით ვერ უზრუნველყოფს წიგნის დადგენილ ვადაში დაბრუნებას, აღნიშნულის შესახებ უნდა შეატყობინოს ბიბლიოთეკას და მიუთითოს დაგვიანების მიზეზი.
  8. საბიბლიოთეკო დოკუმენტის დაკარგვის შემთხვევაში მკითხველი ვალდებულია დააბრუნოს იმავე დასახელებისა და გამოცემის წლის შესაბამისი ერთეული, ან სანაცვლოდ იმავე დასახელების წლის ერთეული (შესაძლებელია სხვა გამომცემლობის ან განახლებული გამოცემა), მაგრამ იმ შემთხვევაში თუ დაკარგული წიგნი არ არის გაყიდვაში, ბიბლიოთეკარის რეკომენდაციით სხვა დასახელების, მოთხოვნადი წიგნით შეავსებს წიგნად ფონდს.
  9. წიგნის გაცემისა და უკან დაბრუნების დროს ბიბლიოთეკის უფლებამოსილი თანამშრომელი მკითხველთან ერთად ამოწმებს წიგნის მდგომარეობას.
  10. ბიბლიოთეკიდან არ გაიცემა რარიტეტები (იშვიათი გამოცემები), ლექსიკონები, ენციკლოპედიები.

საინფორმაციო ტექნოლოგიებით სარგებლობა:

  • ბიბლიოთეკა აღჭურვილია ინტერნეტში ჩართული კომპიუტერებით, პრინტერით, ასლის გადამღებით და სკანერის აპარატით. 
  • კომპიუტერით სარგებლობისას დასაშვებია:
    • ტექსტების შეყვანა და რედაქტირება;
    • სასწავლო მიზნებისთვის ინტერნეტით მასალების მოძიება და გადმოწერა;
    • ელექტრონული სამეცნიერო ბაზებით უფასო სარგებლობა;
    • ელექტრონული ფოსტით სარგებლობა;
    • CD დისკებისა და მეხსიერების ფლეშ-ბარათების გამოყენება.

ბიბლიოთეკაში ქცევის წესები:

  • გაუფრთხილდით და არ დააზიანოთ ბიბლიოთეკის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.
  • ბიბლიოთეკაში აკრძალულია მოწევა, ხმაური, ტელეფონზე საუბარი.
  • მომხმარებელს ეკრძალება ბიბლიოთეკაში საკვების შეტანა, ბიბლიოთეკაში ნებადართულია მხოლოდ სასმელი წყლის შეტანა.
  • მკითხველს ეკრძალება საკუთარი ინიციატივით ბიბლიოთეკიდან წიგნის გატანა.