ინტერვიუ კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის ხელმძღვანელთან, პროფესორ კობა გელაშვილთან

ბატონო კობა მოგესალმებით!

მოგესალმებით.

იმ დიდი კონკურენციის პირობებში, როდესაც ყველა ახალგაზრდა პრაქტიკულად ფლობს კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს რა არის ამ პროგრამაში ისეთი სიახლე, რაც მის შემსწავლელს კონკურენტუნარიანს გახდის შრომით ბაზარზე?

ახალგაზრდები ძირითადად ფლობენ ინფორმაციის ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევებს: ინტერნეტში ნავიგაცია, საოფისე პროგრამები, პრეზენტაციების ჩვევები და სხვა. მათი მცირე ნაწილი ფლობს პროგრამირებასთან დაკავშირებულ ჩვევებს. ავიღოთ ასეთი მარტივი მაგალითი: მანქანის მძღოლი და სავალი ნაწილების სპეციალისტი. მომხმარებელს არ მოეთხოვება საბურავის გამოცვლა, მოტორის შეკეთება და ასეთი რამ. მას მოეთხოვება მოძრაობის წესების დაცვა, მაგრამ არის სხვა კატეგორია ადამიანებისა, რომლებმაც იციან, როგორ მუშაობს ძრავა, თუნდაც, როგორ შექმნან ძრავა, როგორ აამუშაონ და გამოიყენონ მოწყობილობის სიმძლავრე უკეთ მუშაობისათვის და სხვა. ასეა აქაც. დაპროგრამების სწავლის საწყის ეტაპზე დაახლოებით თანაბარ პირობებში აღმოჩნდებიან ხოლმე ახალგაზრდები, იმის მიუხედავად, ფლობენ თუ არა კომპიუტერის გამოყენების უნარ-ჩვევებს. ბევრი შემთხვევა მახსოვს, როდესაც ნულიდან დაიწყეს ბავშვებმა, განსაკუთრებით რაიონებიდან ჩამოსულებმა, დღეს კი წარმატებით არიან დასაქმებული. ეს, რა თქმა უნდა, ბავშვის უნარებზეცაა დამოკიდებული და აგრეთვე თვითონ პროგრამაზე, რომელიც ისეა აგებული, რომ ზუსტად იმას სთავაზობს სტუდენტს, რაც მას სჭირდება. 

კონკურენცია პროგრამების მიხედვით დიდია. საქართველოში რამდენიმე უნივერსიტეტში არის კომპიუტერული მეცნიერების და კომპიუტინგის მიმართულებით პროგრამები, რომლებიც ნორმალურ საბაზო ცოდნას აძლევენ სტუდენტებს. ჩვენ ვიზიარებთ მეთოდოლოგიას, რომელსაც მიჰყვება პრაქტიკულად ყველა წარმატებული უნივერსიტეტი. ეს არის ACM-ის სასწავლო კურიკულუმის საბაზო რეკომენდაციები. ACM არის უზარმაზარი ორგანიზაცია, რომელიც პერიოდულად ახდენს თავისი პროგრამების, სასწავლო და სამეცნიერო კურიკულუმების ანუ სასწავლო გეგმების განახლებას. ყოველ 10 წელიწადში ხდება ძირეული განახლება, ხოლო მიმდინარე ცვლილებებს პერიოდულად აქვეყნებს. შესაბამისად, ამ კურიკულუმების ტენდენციებს უნდა მიჰყვნენ კომპიუტერული პროგრამების ხელმძღვანელები და ამის მიხედვით შეიტანონ ცვლილებები თავიანთ პროგრამებში. ეს არის, ფაქტობრივად, დე-ფაქტო სტანდარტი, არსებული რეალობა, რომელიც სერიოზულ გარანტიას აძლევს ყველას, ვინც მას გაჰყვება. შესაბამისად, როდესაც კურსდამთავრებულს აქვს ისეთი პროგრამის დიპლომი და დანართი, რომელიც შესაბამისობაშია ამ კურიკულუმთან, ამას დამსაქმებელი ითვალისწინებს და ეს წარმატებით დასაქმების საწინდარია.

რამდენად იქნება უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა საკმარისი ამ ამოცანის შესასრულებლად?

როდესაც ამ პროგრამის შექმნა დავიწყეთ, მე გამაცნეს ქართული უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რომელიც არათუ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, არამედ ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში, თან მუდმივად ხდება მისი განახლება. არსებითია ის, რომ კომპიუტერული უზრუნველყოფა მთლიანად ლიცენზირებულია და სხვანაირად არც შეიძლება იყოს ქართულ უნივერსიტეტში. გვპირდებიან, რომ ყველაფერი გაკეთდება, რაც საჭირო იქნება და ეს ეხება არა მხოლოდ კომპიუტერებს, არამედ სასწავლო ლაბორატორიებსაც, რომლებიც ახლაც მოქმედებს და სხვებიც შეიქმნება. 

ამასთან, უნივერსიტეტის ბაზა საშუალებას იძლევა ჩატარდეს ელექტრონული ლექციები. ამის პრეცენდეტი იყო საქართველოს რამდენიმე უნივერსიტეტში. ჩვენს უნივერსიტეტს აქვს ამის რესურსი და გამოცდილება. ბევრი ქართველი არის წარმატებული უცხოეთში როგორც მეცნიერებაში, ისე ინდუსტრიაში, მაგალითად გუგლში ან სხვა კომპანიებში. ათეულობით არიან ისინი და ყოველ სემესტრში რომელიმემ რომ მიიღოს მონაწილეობა სწავლების პროცესში, მგონია, რომ არ გაუჭირდებათ ამისთვის საშუალებისა და დროის გამონახვა. ეს არსებითი რესურსია და ჩვენ ამ რესურსს აუცილებლად გამოვიყენებთ.

შედეგის თვალსაზრისით, სრულყოფილ პროგრამასა და მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასთან ერთად მნიშვნელოვანია პროფესორ-მასწავლებლების საკითხი, რამდენად გამოცდილი პედაგოგები არიან ჩართული ამ პროგრამაში?

გულახდილად რომ ვთქვათ, ძალიან ბევრი პროფესორ-მასწავლებელი არცერთი პროგრამის განხორციელებას არ სჭირდება. ამ საკითხზე უკვე ათეული წლებია, საქართველოში მიმდინარეობს დავა. წარმატებულია ის უნივერსიტეტი, რომელშიც ეს საკითხი კარგად არის დაბალანსებული. სხვადასხვა კოეფიციენტს ასახელებენ იურისპრუდენციაში, მათემატიკურ საგნებში და სხვა. მაგალითად, იურისტებთან 50 სტუდენტზე ერთი ლექტორია განსაზღვრული. ჩვენთანაც, 4-5 პროფესორი იქნება რამდენიმე საგანში დატვირთული. ორი ადგილობრივია: ბატონი პაატა გოგიშვილი და ბატონი კახაბერ რევაზიშვილი. რამდენიმე საგანს მე თვითონ გავუძღვები. აქტიურად იქნებიან ჩართული ახალგაზრდა ლექტორები. პროფესორი მიხეილ თუთბერიძე, გარდა სპეციალობის რამდენიმე დისციპლინისა, აგრეთვე წაიკითხავს ლექციებს კომპიუტერულ სამართალში. ასევე, ამ პროგრამის სწავლებაში ჩართული იქნებიან ჩემი დოქტორანტები, ენერგიული, ნიჭიერი სპეციალისტები: ნიკოლოზ გრძელიძე, ვახტანგ ლალუაშვილი. ჩვენი კარი ასევე ღიაა ნებისმიერი ნიჭიერი ადამიანისთვის, რომელიც შემოგვთავაზებს საინტერესო კურსს.

კომპიუტერული მეცნიერება, მოგეხსენებათ, როგორც ტექნოლოგიები, მარად განახლებადია, სწრაფად ვითარდება და შესაბამისად, შეძენილი ცოდნაც მალე ძველდება. ამ პრობლემის დასაძლევად რა მექანიზმები გაქვთ, რამდენად იქნება სწავლების დონე შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან?

როგორც უკვე მოგახსენეთ, გასათვალისწინებელი ტენდენციები და ცვლილებები სისტემატურად ქვეყნდება და მათ უნდა მიჰყვნენ პროგრამის ხელმძღვანელები. მათი მხრიდან მუდმივი თვალყურის დევნება სჭირდება პროგრამებს, რადგან იცვლება არა მხოლოდ საგნები, არამედ თვით საგნების შიგთავსიც. ამის გასაკონტროლებლად არსებობს მრავალი მექანიზმი. ბევრ მათგანს ფლობს ხარისხის მართვის სამსახური. გავრცელებული პრაქტიკაა მასწავლებლებისთვის მეთოდოლოგიური სემინარის ჩატარება, ლექციებზე დასწრება, სტუდენტების და თანამშრომლების გამოკითხვა. პროგრამული კომიტეტიც უნდა ადევნებდეს თვალს ამ საკითხებს.

ახლა ისეთი დროა, რომ თვითონ სტუდენტიც კარგად გრძნობს, რამდენად საფუძვლიან ცოდნას იღებს. ჩვენ რომც მოვდუნდეთ, მათ არ უნდა მოგვცენ მოდუნების საშუალება. მაგრამ ეს არ მოხდება. ხარისხის მართვის სამსახური სპეციალისტებთან ერთად ორი წლის განმავლობაში მუშაობდა წარმოდგენილი პროგრამის მომზადებაზე. 

მინდა შევეხო კონკურენციის თემასაც. ის ხომ, ზოგადად, ცუდი არ არის. კონკურენცია რომ არ იყოს, ჩვენ უნდა შევქმნათ. როდესაც უნივერსიტეტები ჯანსაღი კონკურენციის პირობებში თანამშრომლობენ ერთმანეთთან, შედეგი ბევრად უკეთესია იმასთან შედარებით, რისი მიღწევაც თითოეულს დამოუკიდებლად შეუძლია. მაგალითად, ერთობლივი ძალებით გაცილებით ადვილი იქნება მაღალანაზღაურებადი ცნობილი სპეციალისტების მოწვევა უცხოეთიდან, ან კვალიფიციური გამოცდილი პროგრამისტების დამაგრება სასწავლო სექტორში. ჩვენი პროგრამა მზად არის ასეთი თანამშრომლობისთვის.

წარმატებებს გისურვებთ.

დიდი მადლობა.

მოამზადა ნინო აბრამიშვილმა