მარიამ პაპაშვილი

mariam-papashvili

მითხრეს სტუდენტური ცხოვრება დაწერე და ორ გვერდში ჩაატიეო.  დიდხანს ვიფიქრე, როგორ უნდა მოვაქციო ორ ფურცელში სამი წელი, სამი უდიდესი, უღრმესი, უძვირფასესი წელიწადი, რომელმაც გამზარდა, ჩამომძერწა და ძალიან მალე ბუდიდან გადამისვრის უკვე დაფრთიანებულს.

თითქოს დიდი დრო არაა სამი წელი, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ უნივერსიტეტში ყოველი დღე განსხვავებულია, ყოველ დღე რაღაც ახალს სწავლობ და ვითარდები, ეს იმაზე მეტია, რაც საკუთარი თავის შეცნობას სჭირდება.

„NOSCE TE IPSUM”- შეიცან თავი შენი - ქართული უნივერსიტეტის ლოზუნგია და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აქ ნამდვიალად ვიპოვე და შევიცანი საკუთარი თავი.

როდესაც უნივერსიტეტზე საუბრობ, ცხადია, ყურადღებას სწავლაზე ამახვილებ, მაგრამ ალბათ ბანალური იქნება საგნების შესახებ დავიწყო წერა. რადგან პირადად ჩემთვის ნებისმიერ სივრცეში, ეს იქნება საგანმანათლებლო დაწესებულება თუ სხვა რამ, მთავარია ურთიერთობები, აი, ისეთი ადამიანური ურთიერთობები, რომლებშიც ვერ გაავლებ ზღვარს ლექტორსა და სტუდენტს შორის. როდესაც უნივერსიტეტში ჩავაბარე, მივხვდი, რომ მე უკვე ორი სახლი მქონდა, სახლი თავისი ბინადრებით. ბინადრები თავიანთი გრძნობებით, შეგრძნებებით, იმედებით, სიყვარულითა და სითბოთი სავსეები; ზოგჯერ საყვედურებითაც (როცა საყვედური გაგრძნობინებს, რომ სულერთი არ ხარ!). არ ვიცი, როგორ უნდა დამავიწყდეს ოდესმე ის უდიდესი თანადგომა და სიყვარული, რასაც ჩემი ლექტორებისგან ვიღებ. აი, რაღაც რომ გტკივა, რაღაც გაწუხებს, რომ გიხარია, ოცნებობ, ფიქრობ და ნებისმიერ დროს შეგიძლია მიხვიდე და დაელაპარაკო, ოღონდ იქ უკვე იშლება ზღვარი აუდიტორიაში შემომსვლელ ბატონს/ქალბატონს და მერხთან მჯდომ დაბნეულ სტუდენტს შორის. შენ ესაუბრები უფროს მეგობარს, რომელიც გაგიღიმებს, გირჩევს, დაგეხმარება და ხვდები, რომ ეს იმაზე მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი 50-წუთიანი ლექცია. არასოდეს მესმოდა, როცა ჩემი მეგობრები გვერდით ჩაუვლიდნენ ლექტორებს და არც კი ესალმებოდნენ და როცა ვეკითხებოდი ამის მიზეზს, მპასუხობდნენ, რომ მისი სახელიც კი არ იციან. ჩემთვის მიუღებელია ასეთი ცივი დამოკიდებულებები და ასეთი ფაქტების მერე უფრო მეტად ვაფასებ ჩემს უნივერსიტეტს. იქ ახალი ცხოვრებაა, ახალი იმედები, ახალი ადამიანები და მიზნები და რაც ყველაზე მთავარია, ისინი გასწავლიან არა მხოლოდ საკუთარ საგანს, არამედ იმ გზაზე სიარულს, რომელზეც ეს საგნები გამოგადგება. აი, ამ გზაზე სიარული კი ყველაზე რთულია, ბევრი დაბრკოლებაა, ბევრი ფეხწამოსაკრავი ადგილი, უამრავი ბილიკი და დამაბნეველი გზაგასაყარი, რომელსაც დაუხმარებლად ვერ გაივლი. ვინ უნდა დაგეხმაროს? ცხადია, ისინი, შენს ცხოვრებაში ასე უეცრად რომ გამოჩნდნენ და გაგაფერადეს, აი, შენდაუნებურად რომ შემოუშვი და უფლება მიეცი შეეცვალე, გაეზარდე, უფრო გაეკეთილშობილებინე, მეტად ჩამოეყალიბებინე. ისინი, შენს სულში რომ შემოვიდნენ, იქაურობა „მიურ-მოურიეს“, შენი სამყარო სრულიად ამოატრიალეს და იქამდე არაფრისმთქმელ ცხოვრებას დანიშნულება მისცეს.

არაფერში მიყვარს გადაჭარბება და არც აქ მითქვამს არც ერთი სიტყვა ზედმეტი, პირიქით, იქნებ დავაკელი კიდეც და ბოლომდე ვერ ამოვთქვი ყველაფერი.  აქვე მინდა დავამატო, რომ ორი წელია ვარ სახელობითი სტიპენდიანტი (ამჟამად ანდრია პირველწოდებულის სახელობის სტიპენდია მაქვს), რაც, ცხადია, უფრო მეტ სტიმულს მაძლევს ბოლომდე დავიხარჯო სწავლაში.

დიდი ხანია ლექსებს ვწერ, ორი წლის წინ კრებულიც გამოვიდა, მაგრამ ამის მიუხედავად არასოდეს მდომებია, მიფიქრია, მიოცნებია ჩემი სულის ამოძახილები სხვებისთვის გამეზიარებინა, რადგან რთულია საზოგადოებამ გაგიგოს, და პირიქით. თითქოს გეშინია, რომ თუ დაინახავენ შენს სულიერ სამყაროს, გატკენენ, დაგაზიანებენ, გაგაჩვეულებრივადამიანებენ, ამიტომ ქმნი პატარა თავშესაფარს, რომელშიც მარტო ცხოვრობ, მარტო იზრდები, ვითარდები და ყალიბდები. აი, სწორედ ამ პატარა და ულამაზეს სამყაროში შემოვიდნენ ადამიანები და ჩემი ბევრი წლის ნაფიქრი ძალიან ფრთხილად გამოიტანეს მზის სინათლეზე.

მაშასადამე, 2017 წლის, 30 მაისს, ქართულ უნივერსიტეტში, პოეტ ქეთევან შენგელიას ორგანიზატორობით გაიმართა ჩემი პოეზიის საღამო. გულწრფელად უნდა ვთქვა, რომ არა ჩემი უნივერსიტეტი, ამას ვერასოდეს გავბედავდი.

არ ვიცი, რამდენად სწორად დავწერე სტუდენტური დღიური, იქნებ ყურადღება მხოლოდ სწავლაზე უნდა გამემახვილებინა, მაგრამ ის კი ზუსტად ვიცი, რომ სრულიად გულწრფელად ვთქვი ყველაფერი და იმის გათვალისწინებით, რომ ეს დღიურია და არა სამეცნიერო სტატია, ვფიქრობ, გულისნადები სწორედაც რომ გულიანად უნდა დაწერო.

ჩემი მთავარი სათქმელი ისაა, რომ ქართული უნივერსიტეტი არა მხოლოდ შენს პროფესიაში გზრდის, არამედ ზოგადად ზრუნავს სტუდენტის განვითარებაზე, ხელს უწყობს შენს წინსვლას და რაც ყველაზე მთავარია, არასოდეს გტოვებს მარტო იმ რთულ გზაზე, რომელსაც ადამიანური ცხოვრება ჰქვია. ზემოთ ვახსენე ბუდიდან გადმოგისვრის დაფრთიანებულს-მეთქი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მიგატოვებს, ზუსტად ვიცი, რამდენჯერაც უკან მოვიხედავ, იქ დამხვდება. ვიცი, როცა არ უნდა დამჭირდეს, ჩემ გვერდით იქნებიან ის ადამიანები ჩემს სულამდე რომ მოაღწიეს და ეს ყველაზე მთავარია ამ თითქოსდა ჩაბნელებულ სამყაროში, სადაც გრძნობები გაუფერულდა, ადამიანები გაუცხოვდნენ, სიკეთის ქმნის სურვილი დაკარგეს და მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე არიან ორიენტირებულნი.

სწორედ ასეთ ნაცრისფერ სამყაროში ვცხოვრობდი სამი წლის წინ და მე დღეს ფერადი ვარ, დღეს ბედნიერი ვარ, ამაყი, უფრო დიდი და მიზანმიმართული, სიყვარულით სავსე და მადლიერი.

ნამდვილად შევიცანი საკუთარი თავი და ვიპოვე ადამიანები, რომლებიც ჩემი სულის თანამგზავრები გახდნენ.