2019-04-02

პროფესორ დიმიტრი ნადირაშვილის საჯარო ლექცია: "გულივერის კომპლექსი"

2019 წლის 5 აპრილს, 13:00 საათზე, ქართული უნივერსიტეტის წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დიმიტრი ნადირაშვილი ფსიქოლოგიითა და ფსიქოთერაპიით დაინტერესებულ საზოგადოებას გააცნობს თავის ახალ, ორიგინალურ ფსიქოლოგიურ კონცეფციას "გულივერის კომპლექსი". ჯონათან სვიფტის ცნობილი ნაწარმოები „გულივერის მოგზაურობა“, პროფ. დიმიტრი ნადირაშვილისთვის ახალი ფსიქოლოგიური ფენომენის შექმნის ინსპირაციის წყაროდ იქცა.

რა ემართება ადამიანს და საზოგადოებას, როდესაც ჩვეული გარემოდან მკვეთრად შეცვლილ რეალობაში აღმოჩნდება?

„გულივერის კომპლექსის“ კონცეფციაში, პროფ. დიმიტრი ნადირაშვილი აანალიზებს ფსიქოლოგიურ კრიზისს, რომელშიც აღმოჩნდა საქართველოს საზოგადოება ერთი სახელმწიფოებრივი წყობის ნგრევის შემდგომ, ახალ გამოწვევებთან გამკლავების და რადიკალურად განსხვავებულ სინამდვილესთან ადაპტაციის პროცესში. აქვე განიხილება არსებული კრიზისიდან გამოსვლის გზები.