რამაზ ლომინაძის სახელობის ფონდის პრეზენტაცია

2019 წლის 23 თებერვალს ქართული უნივერსიტეტის წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესორ რამაზ ლომინაძის სახელობის ფონდის წარდგენა, რომლის მიზანი აკადემიური წრეებისა და სტუდენტებისთვის საგანმანათლებლო წინსვლისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობაა. აღნიშნული ფონდის დამფუძნებლები არიან: მარინე ვეკუა, მერაბ ლომინაძე, თეა ლომინაძე, ეკატერინე ბარნაბიშვილი და ავთანდილ გასვიანი. ქართულ უნივერსიტეტთან ერთად ფონდის პარტნიორები არიან ევროპის უნივერსიტეტი და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაცია. ფონდის საქმიანობა მოიცავს - საქართველოს უნივერსიტეტებში სტუდენტებისთვის რამაზ ლომინაძის სახელობის სტიპენდიის დაწესებას, აკდემიური ფორუმების ორგანიზებას,  სამეცნიერო ლიტერატურის გამოქვეყნებას, პროფესიული სწავლების ხელშეწყობას და კვლევითი პროექტების განხორციელებას.

შეხვედრა გახსნა ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ, მან გაიხსენა ბატონი რამაზი და აღნიშნა, რომ ოჯახის წევრივით მტკივნეული იყო რამაზ ლომინაძის გარდაცვალება სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლებისა  და იმ სტუდენტებისთვის რომლებსაც იგი ასწავლიდა.

ფონდის პრეზენტაციას ბატონი რამაზის ოჯახის წევრები, მეგობრები, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები და მისი სტუდენტები დაესწრნენ, ერთად გაიხსენეს მასთან ურთიერთობის სასიამოვნო დეტალები და პატივი მიაგეს მის უკვდავ ხსოვნას. ბატონი რამაზ ლომინაძე წლების განმავლობაში ქართულ უნივერსიტეტში სხვადასხვა სალექციო კურსს კითხულობდა.


ღონისძიების დასასრულს მისი ოჯახისა და რამაზ ლომინაძის ფონდის გადაწყვეტილებით ქართული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და რეგიონალური პროცესების საგანმანათლებლო პროგრამის აკადემიური მოსწრებით გამორჩეულ პირველი კურსის სტუდენტ მანანა ესიტაშვილს დაენიშნა რამაზ ლომინაძის სახელობითი სტიპენდია და პარტნიორ უნივერსიტეტებთან გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.