სამეცნიერო კონფერენცია: "ქართულ-ოსური ურთიერთობების გაყალბებული ისტორია და სინამდვილე"

sametsniero-konferentsia-kartul-

2018 წლის 29 ოქტომბერს, ორშაბათს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე „ქართულ-ოსური ურთიერთობების გაყალბებული ისტორია და სინამდვილე“.

კონფერენცია შესავალი სიტყვით გახსნა ქართული უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოსები საქართველოში ყველაზე მეტად ინტეგრირებული არაქართული ეთნიკური ჯგუფი იყო, თუმცა გარეშე ძალის ჩარევის შედეგად მოხდა ქართველებისა და ოსების ერთმანეთთან დაპირისპირება. მიზანმიმართულად მიმდინარეობს ქართული კულტურული ძეგლების ოსურად მონათვლა, ქართული ტოპონიმიკის შეცვლა. შორსმიმავალი გეგმის მიზანს შეადგენს ყოველგვარი ქართული ნიშანწყალის შეცვლა ცხინვალის რეგიონში. საჭიროა ამ პრობლემური საკითხის სახელმწიფოებრივ დონეზე აყვანა, წინააღმდეგ შემთხვევაში უახლოეს მომავალში სავალალო მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. 

ქართულ-ოსური ურთიერთობის ისტორიის გაყალბების კონკრეტულ მაგალითებზე ისაუბრა პროფესორმა როლანდ თოფჩიშვილმა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა რუსულ ენაზე გამოცემული ნაშრომები, რომელშიც აღნიშნული საკითხი მრუდე სარკეშია დანახული. ოსების მეშვეობით კრემლი ცდილობს საქართველოს სახელმწიფოს ჩამოაშოროს თრუსოს ხეობა, რომელიც, თითქოს წარსულში ოსებით დასახლებულ ადგილს წარმოადგენდა, თრუსოს ხეობას შემდეგ სხვა ტერიტორიებიც მიემატება.

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა ოსების შიდა ქართლის ტერიტორიაზე მიგრაციის საკითხზე ისაუბრა და ე.წ. „სამხრეთ-ოსეთის“ ავტონომიური ოლქის საზღვრის ხელოვნურ ცვლილებაზე.
დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს: ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ, პროფესორმა ნათია ჯალაბაძემ და პროფესორმა ლავრენტი ჯანიაშვილმა.

პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ წამოაყენა წინადადება შემუშავდეს მიმართვის ტექსტი, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ მამუკა ბახტაძეს გაეგზავნება. ტექსტში ქართულ-ოსური ურთიერთობების ისტორიის გაყალბების პრობლემატიკაზე იქნება საუბარი და მის გადასაჭრელად სათანადო სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დაარსების აუცილებლობაზე.