SANGU-ს სტიპენდიანტები

რუბრიკაში SANGU-ს სტიპენდიანტები წარმოგიგდენთ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ფილოლოგიის მიმართულების IVკურსის სტუდენტ შოთიკო ყურუას, რომელსაც უნივერსიტეტში ჩარიცხვამდე ერთი სული ჰქონდა, კურსელი ბიჭები გაეცნო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მის ჯგუფში მხოლოდ გოგონები იყვნენ. შოთიკო იუმორის გრძნობით დაჯილდოვებული ნიჭიერი, წარმატებული, საინტერესო პიროვნებაა,  რომელმაც წიგნის სიყვარულით აირჩა პროფესია და სრულიად აცნობიერებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ამ პროფესიით მომუშავეს უნდა ჰქონდეს მომავალი თაობის წინაშე. ეს რომ ხმამაღალი ნათქვამი არ არის, ამაში ინტერვიუ დაგარწმუნებთ. 


მოგესალმები შოთიკო.
მოგესალმებით.


გვიამბე შენ შესახებ, როგორ მოხვედი უნივერსიტეტში, როგორ სწავლობ, რა ინტერესები გაქვს...
2017 წლიდან ვარ წმ. ანდრიას ქართული უნივერისტეტის სტუდენტი. რა თქმა უნდა, სტუდენტობამდე იყო სკოლა და აბიტურიენტობის მძიმე  წლები, მაგრამ დღეს ეს ყველაფერი ძალიან ტკბილად მახსენდება. უნივერისტეტში სწავლამდე მქონდა სამი ძირითადი ჰობი: კითხვა, სიმღერა და თქვენის ნებართვით, ერთ მათგანს საიდუმლოდ შევინახავ, მაგრამ იმედი მაქვს, სხვა დროს მასაც გავამხელ! უნივერისტეტში სწავლის პერიოდში ბევრმა დროებითმა გატაცებებმაც იჩინა თავი სწავლის პარალელურად. შემიძლია დავასახელო მთაში მოგზაურობა, ბუკინისტური იშვითი წიგნების შეძენა (ეს ბოლო უკვე  ძირითადში გადადის).
სტუდენტობის პირველ წელს ბევრს მოველოდი უნივესრიტეტისგან. მათგან ბევრი ამისრულდა, ბევრი განვახორციელე მე თვითონ. ძალიან მიხარია, რომ ჩემი სტუდენტობის პირველ სამ წელს არ დაემთხვა კორონავირუსის პანდემია - ეს მნიშვნელოვნად დამაზარალებდა!
უნივერსიტეტის დასრულებისთანავე ვაპირებ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლობას. მართალია, სათქმელად ძალიან ადვილია, რომ გინდა იყო მასწავლებელი, მაგრამ მერწმუნეთ, ეს ძალიან დიდ შინაგან ძალებსა თუ ბრძოლასთან არის დაკავშირებული. პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად ვგეგმავ მაგისტრატურის მიმართულებით გავაგრძელო სწავლა და ამით კიდევ ერთი ნაბიჯით მვუახლოვდე იმ მიზანს, რომელსაც - ჩემი ქვეყნის სამეცნიერო სამსახურს ვუწოდებ!

როდის მიხვდი, რომ ფილოლოგი უნდა ყოფილიყავი?
როგორც ზევით აღვნიშნე, გსურდეს გახდე მასწავლებელი ძალიან დიდ შინაგან ძალისხმევასა და ბრძოლას მოითხოვს. სკოლაშივე გადავწყვიტე, რომ პროფესიად ფილოლოგია უნდა ამერჩია, რადგან  ჩემს თავს სხვა სფეროში უკვე ვეღარ ვხედავდი.

ალბათ, რომელიმე მასწავლებელმა იქონია ზეგავლენა ამ გადაწყვეტილების მიღებაზე?  
ფილოლოგიის სიყვარული ჩემში ორმა ახლობელმა ადამიანმა ჩანერგა და თუ შესაძლებელია, მათ აქ დავასახელებ, რაც ჩემგან დიდი სიყვარულისა და მადლობის დასტური იქნება. ეს ადამიანები არიან კლარა ზარანდია და ნანა ფაჩულია (მენჯის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი) - პირველმა ადამიანმა შემაყვარა წიგნების კითხვა, მას მდიდარი ბიბლიოთეკა ჰქონდა, სავსე მსოფლიო ლიტერატურის მარგალიტებით, ხოლო ჩემმა მასწავლებელმა ეს სიყვარული კიდევ უფრო გააღვივა და საბოლოოდ ასე გავხდი  „სიტყვის სიყვარულის“ ნაწილი. ხშირად მეკითხებიან ხოლმე - რატომ აირჩიე? ვის სჭირდება დღეს ეგ პროფესია? და ა.შ. მაგრამ დღეს ვრწმუნდები, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე, რადგან მასწავლებლობა მომავლის პროფესიაა, რომელიც დღეის მდგომარეობით ფერფლიდან უნდა აღდგეს, როგორც ფენიქსი.

საინტერესოა, რომ ასე ხალისით და მსუბუქი იუმორით საუბრობ ამ სერიოზულ თემებზე. 
 მეტი სიხალისისთვის ერთ რამესაც გაგიმხელთ, ჩემი კურსელებისთვისაც ბევრჯერ მითქვამს: როგორც კი ჩავირიცხე, მაშინვე უნივერისტეტის გვერდზე დავიწყე ჩემი კურსელების მოძებნა, მოკლედ 11-12 გოგო გამომეხმაურა, რომლებიც ჩემი კურსელები იყვნენ, მე ველოდი, რომ ბიჭებიც გამოჩნდებოდნენ და ეს იმედი 17 სექტემბრამდე არ დამიკარგავს, მაგრამ ამაოდ: ჩემს კურსზე 23 გოგო და ერთი მე აღმოვჩნდით. თავიდან ძალიან გამიჭირდა, მაგრამ იმდენად გამიმართლა კურსელებშიც კი, რომ დღემდე საუკეთესო ურთიერთობა გვაქვს და აუცილებლად ასე გაგრძელდება სწავლის დასრულების შემდეგ.

შენ ხარ სტიპენდიანტი და დარწმუნებული ვარ, გაცნობიერებული გაქვს ეს პასუხისმგებლობა. 
სტიპენდიანტობა არ არის მხოლოდ ახალი შემოსავლის წყარო, არამედ გარკვეული პასუხისმგებლობა  უნივერსიტეტის, ფაკულტეტისა თუ პროფესორ-მასწავლებელთა წინაშე. მე დღეს ნამდვილად ამაყი ვარ, რომ ისეთ რთულ პერიოდში გავხდი SANGU-ს სტიპენდიანტი, როდესაც  შინაგანი თუ ფიზიკური ძალების მაქსიმალური მობილიზება მართებს ადამიანს, რადგან ეპიდემიურ სიტუაციას, ჩაკეტილობას, ონლაინ სწავლებას თავისი ფსიქოლოგიური წნეხი ახლავს. ამასთან, იმ დღის შემდეგ, რაც გავხდი წმ. ანდრიას ქართული უნივერისტეტის სტიპენდიანტი, ხშირად ვამბობ: „რა ყოფილა კორონა“. 

როგორია შენი სტუდენტური ცხოვრება დღეს, თვითონვე ახსენე, კორონავირუსის პირობებში?
ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი სტუდენტური ცხოვრება პირველივე კურსიდან არ ყოფილა ერთფეროვანი. ჩემს თავს ამის საშუალებას არასდროს ვაძლევდი და ამაში ხელს პროფესორ-მასწავლებლებიც მიწყობდნენ. ხშირად ვმონაწილეობ სხვადასხვა აქტივობებში, კონფერენციებში და ა.შ. სხვანაირად სტუდენტური ცხოვრება ვერც წარმომიდგენია! პანდემიის პერიოდში, როდესაც უნივერისტეტი ონალინ სწავლებაზე გადავიდა (აქვე მადლობას გადავუხდი უნივერისტეტს ორგანიზებული მოქმედებისთვის ონლაინ სწავლის წარმათვაში) ვეცადე მასში სიახლე და ახალი შესაძლებლობა დამენახა, ამიტომ ჩემთვის ეს სემესტრი ძალიან ნაყოფიერი და შრომატევადი აღმოჩნდა. ონალინ სწავლების ფორმატმა შესაძლებლობა მომცა გამომეცადა საკუთარი თავი ამ გზით და, რაც მთავარია, ბევრი დრო მქონდა მეკითხა ჩემთვის საყვარელი ნაცნობი თუ უცნობი ავტორები. ამასთან, ეს პერიოდი საოცრად თვითშემეცნებითი და  უჩვეულოდ ამაღელვებელი გამოდგა. სტიპენდიანტობამ კი დააგვირგვინა ჩემი შრომა და მონდომება  და დამანახა, რომ ყველაზე რთულ პერიოდშიც კი შეიძლება ადამიანმა მიაღწიოს წარმატებას. ძალიან მინდა „გავხდე მაგალითი“ იმ პირველკურსელთათვის, რომლებიც სწავლას დისტანციურ რეჟმში განაგრძობენ და ვუსურვო მათ წარმტებები!

და ბოლოს, ისიც გვითხარი, რატომ ანდე შენი განათლება SANGU-ს ?
2017 წელს, როდესაც ვაბარებდი ეროვნულ გამოცდებს SANGU-ს შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი. განათლების სამინისტროს კედელზე ვნახე პოსტი და გადავედი ჩვენი უნივერისტეტის გვერდზე. პირველი, რა თქმა უნდა, იყო ემოციური მიახლება და უნივერსიტეტით დაინტერესება. შემდეგ, როგორც კი გავიგე, რომ ფილოლოგიის ფაკულტეტი  ჰქონდა უნივერისტეტს, იმ დღიდან იქცა ჩემს ფავორიტად - ხოლო ჩარიცხვის შეტყობინების ნახვისას განცდილ სიხარულს სიტყვებით ვერ აღვწერ. SANGU იყო და დღემდე არის ჩემთვის პატარა უნივერისტეტი, რომელსაც ძალიან დიდი გული აქვს და განსაკუთრებული სიყვარული შეუძლია, ხშირად ვამბობ - SANGU არის პატარა უნივერისტეტი, რომელსაც მომავალში უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს განვითარდეს და ერთ-ერთი წამყვანი საგანმანათლებლო დაწესებულება გახდეს საქართველოში. იშვითია გარემო, რომელშიც ადამიანი ისე გრძნობდეს თავს, როგორც საკუთარ სახლში, SANGU-ში ჩემთვის სწორედ ეს მომაჯადოებელი გარემოა და დღემდე არ ვნანობ, რომ  145  ჩემი მომავლის გარანტად დავსახე!


დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებ.
გმადლობთ.
 


მოამზადა ნინო აბრამიშვილმა

ფოტოს ავტორი: ნუგზარ შონია