თამუნა წოწორია

tamuna-tsotsoria

ყოველთვის მინდოდა ყველა სტუდენტისთვის მეთქვა ის, რასაც ახლა აქ გულახდილად გიამბობთ, რათა ცოტათი მაინც შემეცვალა მათი ცხოვრება, ჰოდა, ვწერ...

მოგესალმებით თამუნა წოწორია, ბაკალავრიატის აწ უკვე მეოთხე კურსის სტუდენტი. ეს ყველაზე განსაკუთებული და დასამახსოვრებელი სტუდენტური წლებია, პიროვნული ჩამოყალიბების ის ეტაპია, რომელიც უკან მოხედვას და მიღებული გამოცდილების სხვებისთვის გაზიარებას გაიძულებს.

დავიწყებ იმით, რომ ყველა მოსწავლე ოცნებობს სტუდენტობაზე, რადგან ჰგონიათ, სკოლის რუტინული სწავლების შემდეგ უფრო მეტი თავისუფლება და საკუთარი თავის რეალიზების საშუალება ექნებათ, თუმცა ჯერ კიდევ ვერ ხვდებიან, რომ „ოქროს ხანად“ წოდებულ სტუდენტურ წლებს თან სდევს მძიმე შრომა, მიზნის მისაღწევად კი უამრავი დაბრკოლების გადალახვაა საჭირო. ეს ის წლებია, როდესაც ხვდები, რომ უკვე დიდი ხარ, შენი თავი შენ გეკუთვნის და შენი მომავალიც შენზეა დამოკიდებული. ეს განცდა აქვს ყველა სტუდენტს, თუმცა ზოგისთვის იგი შეგრძნებად რჩება, ზოგისთვის კი – შემდგომი მოქმედებების გამომწვევ ბიძგად.

როგორ მინდა ამაყად ვთქვა - „ოო, ძვირფასო ოთხო წელიწადო, ბედნიერი ვარ, რომ რიგიანად მოგიხმარე“-მეთქი...

სკოლაში კარგად ვსწავლობდი, ნაცნობი, უკვე შეჩვეული გარემო, მეგობრები, 12 საუკეთესო წელი, გათამამებული მოსწავლე და უცებ? სრულიად მარტო ვარ...

გარდატეხის პერიოდში ვერავინ გაგიკვალავს გზას რჩევებით, გეუბნებიან და შენც იცი, რომ უნდა ისწავლო, თუმცა წარმატების ფორმულა თვითონვე უნდა შექმნა!

უამრავი ბრძნული გამონათქვამი გვერდზე უნდა გადავდო და მარტივი მაგალითი მოვიყვანო: „ცხოვრება ველოსიპედის ტარებას ჰგავს, ბალანსი რომ შეინარჩუნო, საჭიროა განაგრძო მოძრაობა“. მე ვერ გავაცნობიერე, რომ გზა ბალანსის დაურღვევლად უნდა გამეგრძელებინა... პირველმა კურსმაც ისე  სწრაფად ჩაიარა, დარწმუნებული ვარ, არც ერთ ჩემს ლექტორს დღემდე არ ახსოვს, ვინ ვიყავი და რას ვცდილობდი... ლექტორებს ძალიან კარგი ან ძალიან ცუდი სტუდენტები ახსოვთ, მე კი სადღაც შუაში „გავიჭედე“.

მიილია ერთი წელი, ზაფხულია, ვისვენებ... ზაფხულში ხომ უფრო მეტი დრო გაქვს გართობისთვის, ფიქრისა და კითხვისთვის, საინტერესო ფილმების ყურებისთვის... მეც, ბუნებრივია, ვფიქრობ, დიახ, ვფიქრობ და საკუთარ თავს ველაპარაკები ხოლმე. საუბარი ამჯერად შეკითხვით დავიწყე: რა გავაკეთე ღირებული ერთი წლის განმავლობაში? პასუხი ვერ მივიღე, ან მივიღე და ის იმდენად მწარე აღმოჩნდა, რომ ვერ ვაღიარე... რაც უნდა გასაკვირი იყოს, წამიერი ცვლილება განვიცადე, აღარ მინდოდა ვყოფილიყავი გუბე, რომელიც ერთ ადგილას, უმოძრაოდ დგას. თერგის ადგილას მომინდა ყოფნა, იგი ხომ ,,სახეა ადამიანის გაღვიძებული ცხოვრებისა” და ჩემმა ცხოვრებამაც გაიღვიძა! დიახ, სკოლის პატარა ბეჯითი მოსწავლე გავაღვიძე და დავიწყე სამოტივაციო წიგნების კითხვა, ფილმების ყურება, ეს ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო ხერხია სიზარმაცის დასაძლევად...

მეორე კურსზე ვარ, სექტემბერია, სწავლა დაიწყო, მოტივირებული მივედი უნივერსიტეტში. ვიცოდი, რომ წინ დაბრკოლებები და კონსპექტები მიხმობდნენ, თუმცა დღედაღამ საკუთარ თავს ვეუბნებოდი: ,,შენ შეძლებ! შენ გამოგივა!” ყველაზე მტკივნეული კი მეცადინეობის პროცესთან ხელახლა შეჩვევა აღმოჩნდა, წარმოვიდგენდი ჩემი ცხოვრების ყველაზე საშინელ შედეგებს იმ შემთხვევაში, თუ არ ვისწავლიდი და, დაღლილობის მიუხედავად, ისევ ვაგრძელებდი, არადა, ამ დროს ძილი ყველაფერს მერჩივნა.

მე მაინც შევძელი, არ დამიმთავრებია და წინ კიდევ გრძელი გზა მაქვს გასავლელი, მაგრამ შევძელი შემეცვალა საკუთარი მე!

დიახ, ბევრი მარცხი განვიცადე, მაგრამ ეს არ იყო ტრაგედია! გახსოვდეთ, დამარცხებას ეწოდება გამოცდილება, რომელიც მომავალში ძალიან გამოგადგებათ!

სტუდენტებო, თანატოლებო, მეგობრებო, მინდა ჩემი დღიურის ამ ერთმა უბრალო ისტორიამ მოტივაცია გაგიძლიეროთ! გახსოვდეთ, თქვენ ყველას გაქვთ მდიდარი გონებრივი რესურსები და შანსი იმისა, რომ ხვალ იყოთ იმაზე უკეთესები, ვიდრე დღეს ხართ! „არავის ათქმევინო, რომ რამე არ შეგიძლია! შენს ოცნებას უნდა გაუფრთხილდე, როცა რაღაცას თვითონ ვერ აკეთებენ, გეუბნებიან, რომ შენც არ შეგიძლია, თუ რამე გინდა, ამისთვის იბრძოლე! წერტილი!“ (ამონარიდი ჩემი ყველაზე საყვარელი ფილმიდან - ბედნიერების კვალდაკვალ, The Pursuit of Happyness).