ტრენერთა ტრენინგი დამწყებთათვის წელს ონლაინ სივრცეში წარმატებით განხორციელდა


ქართული უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული ტრენერთა ლაბორატორია უკვე მრავალი წელია ახორციელებს ტრენერთა ტრენინგებს დამწყებთათვის, რომელიც მონაწილეებს ეხმარება აღმოაჩინონ შესაძლებლობა და იპოვონ საკუთარი თავი არაფორმალური განათლების სფეროში. „არ არსებობს აბსოლუტური და უნივერსალური კრიტერიუმები, რომელთა არ ქონა შეიძლება იყოს ტრენერის პროფესიაზე უარის თქმის საფუძველი“ - აღნიშნავს კურსის ერთ-ერთი ტრენერი ნინო სალაძე, რომელიც ნიკოლოზ გაბლიშვილთან ერთად ტრენერობის მსურველ გამოცდილ და გამოუცდელ მონაწილეებს პროფესიონალად ჩამოყალიბებაში ეხმარება.

როგორ ჩაიარა პირველმა ონლაინ ტრენინგმა, რას მოიცავდა, როგორ დაიგეგმა და რადენად წარმატებულად ჩატარდა იგი, ნინო სალაძის და ნიკოლოზ გაბლიშვილის მონათხრობიდან და მონაწილეთა კომენტარებიდან შეიტყობთ.

პანდემიის პორობებში ტრენერთა ლაბორატორიამ განახორციელა პირველი ონლაინ ტრენერთა ტრენინგი. როგორ წარმოგედგინათ მისი წარმართვა და რა შედეგი მიიღეთ, რა შეფასებას მისცემთ მის მიმდინარეობას?
ნინო - ონლაინ სწავლება მნიშვნელოვნად განსხვავდება აუდიტორული მეცადინეობისაგან, შესაბამისად მისი დაგეგმვისას მრავალი ფაქტორის გათვალისწინება მოგვიწია. დაახლოებით 2 კვირა ვგეგმავდით ტრენინგს. თითოეული დეტალი რამდენჯერმე გავიარეთ, რომ დავრწმუნებულიყავით ტრენინგის გამართულობაში.  ვიცოდით, რომ რთული იქნებოდა მონაწილეთა მართვა, ტექნიკურ სირთულეებთან გამკლავება, მაგრამ შედეგმა ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა. მთავარი მიზანი იყო სწავლების პროცესი ყოფილიყო აქტიური, საინტერესო და ეფექტიანი, რაც ვფიქრობ შევასრულეთ. ამაზე მონაწილეების ჩართულობის ხარისხი და კურსის დასასრულს  მათ მიერ ჩატარებული ტრენინგები მოწმობს.

რას მოიცავს ონლაინ ტრენერთა ტრენინგის კურსი?
ნიკოლოზი - ონლაინ ტრენერთა ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებს შევასწავლეთ ისეთი საკითხები და პლატფორმები, რომლებიც მათ დაეხმარებათ ეფექტიანად წარმართონ როგორც ონლაინ, ასევე აუდიტორული მეცადინეობები. კურსის ფარგლებში მონაწილეებს შევასწავლეთ: ტრენინგისა და სესიის დაგეგმვა, მონაწილეთა მართვა, აქტიური სწავლების მეთოდები, აქტივობების ჩატარების ტექნიკები და სხვა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი, ვფიქრობ, აქტივობებისა და ტრენინგის ჩატარების შესაძლებლობაა, რომელიც მონაწილეებს ეძლევათ კურსის ფარგლებში.

არის თუ არა საჭირო განსაკუთრებული უნარები პროფესიონალ ტრენერად ჩამოყალიბებისთვის, რა დოზით უნდა ფლობდეს კურსის გავლის მსურველი საჭირო უნარ-ჩვევებს?
ნინო - კურსში მონაწილეები შევარჩიეთ გასაუბრების შედეგად, სადაც მთავარი შერჩევის კრიტერიუმი მონაწილეთა მოტივაცა იყო. შესაბამისად კურსში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდათ, როგორც გამოცდილ ლექტორებსა და ტრენერებს, ასევე გამოუცდელ სტუდენტებს. ვთვლით, რომ თითოეულ ადამიანს გააჩნია შედარებით ძლიერი და სუსტი მხარეები. არ არსებობს აბსოლუტური და უნივერსალური კრიტერიუმები, რომელთა არ ქონა შეიძლება იყოს ტრენერის პროფესიაზე უარის თქმის საფუძველი. კურსის განმავლობაში მუდმივად ვცდილობთ აქცენტი გავაკეთოთ მონაწილის ძლიერ მხარეებზე და დავანახოთ მიმართულებები, რომ იპოვოს თავისი ნიშა არაფორმალური განათლების სფეროში.

როდის იგეგმება შემდეგი ონლაინ ტრენინგი და ვინ შეძლებს მასში მონაწილეობას?
ნიკოლოზი - წელს, მაღალი დაინტერესების გამო ტრენინგი პარალელურად ჩატარდა ორ ჯგუფთან. თუკი მოთხოვნა გაჩნდება, ჩვენი გუნდი მუდმივად მზადყოფნაშია.
მომდევნო ტრენინგზე, შესაძლოა მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება, რომ არამხოლოდ წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტთან აფილირებული პირებისთვის, არამედ, ზოგადად, ყველა დაინტერესებული პირისთვის გამოცხადდეს მიღება.


ონლაინ ტრენინგმა რომ წარმატებულად, ნაყოფიერად, საინტერესოდ და ხალისიანად ჩაიარა, ამას მოწმობს მონაწილეთა მოსაზრებები.


ქეთი კაცელაშვილი - ორი თვის წინ სრულიად შემთხვევით წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ოფიციალური გვერდიდან გავიგე ტრენერთა ტრენინგის შესახებ. როდესაც  სააპლიკაციო ფორმას ვავსებდი, ვფიქრობდი, რომ მომეცემოდა საშუალება გამევლო ეს კურსი, მაგრამ გასაუბრების დროს ვნერვიულობდი, რადგან  დარწმუნებული არ ვიყავი ჩემ შესაძლებლობებში. ჩემდა სასიხარულოდ შემარჩიეს და საკამოდ წარმატებითაც გავიარე იგი. კურსის განმავლობაში გავიგე სხვადასხვა მეთოდების შესახებ: თუ როგორ უნდა დავგეგმო ტრენინგი, როგორ უნდა გავცე სწორი უკუკავშირი, გავეცანი სხვადასხვა ინსტრუმენტებს, რომლებიც როგორც ონლაინ, ისე აუდიტორიული ტრენინგის ჩატარებისას დამჭირდება. ვისწავლე თუ როგორ უნდა ავაწყო სწორად პრეზენტაცია, რომ არ იყოს დამღლელი და მოსაბეზრებელი აუდიტორიისათვის. სხვადასხვა აქტიური სწავლების მეთოდებსაც გავეცანი, რაც სამომავლოდ ძალიან გამომადგება და მადლობა ამისათვის ჩვენს ტრენერებს და თითოეულ მონაწილეს. ბოლოს კი ყველას მოგვეცა საშუალება დაგვეგეგმა და ჩაგვეტარებინა წყვილებში ტრენინგი, რასაც, ვფიქრობ, საკმაოდ წარმატებით გავართვი თავი ჩემს მეწყვილესთან ერთად. მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ კურსმა მომცა ის ყველაფერი, რაც სჭიროა საუკეთესო ტრენერისა და ტრენინგისათვის.


ლანა ადამაშვილი - ტრენერთა ლაბორატორია ერთ-ერთი  მნიშვნელოვანი ადგილია, რომელმაც მომცა მიზანმიმართული და საჭირო ინფორმაცია, ცოდნა, გამოცდილება  და უნარები, რომლებიც სამომავლოდ აუცილებლად დამეხმარება საკუთარი თავის კარგ ტრენერად ჩამოყალიბებაში.  12 შეხვედრის განმავლობაში ტრენერებმა მკაფიოდ დაგვისახეს მიზანი, რომ აგვეთვისებინა აუდიტორიის მართვის, ტრენინგის თემის არჩევის, დაგეგმვისა და ჩატარების მეთოდები. გაგვაცნეს უამრავი მნიშვნელოვანი  ვებ-ინსტრუმენტი, რომლებიც ხელს უწყობენ როგორც ტრენინგის დაგეგმვისა და გადანაწილების პროცესებს, ისე გამოსადეგია ონლაინ სწავლების დროს, რაც ვფიქრობ, დღევანდელ ეპიდ-სიტუაციაში ნამდვილად ხელშემწყობი ფაქტორია. განწყობისათვის და მონაწილეებს შორის კარგი ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად ტრენინგი გაჯერებული იყო საინტერესო და სახალისო სავარჯიშოებითა და აქტივობებით, რამაც ჯგუფის წევრები ონლაინ სივრეშიც კი მჭიდროდ დაგვაახლოვა ერთმანეთთან და მეგობრული განწყობა შეგვიქმნა.
მომეწონა, რომ ტრენინგის 12 შეხვედრა დაყოფილი იყო ლოგიკურად გათვლილ ნაბიჯებად და განკუთვნილი იყო იმ ადამიანებისათვის, რომლებიც ახლა იწყებენ თვითგამორკვევას სატრენერო სივრცეში და აუდიტორიაში. შესაბამისად, ჩემთვის როგორც მონაწილისათვის, ნდობის ფაქტორი ნიკამ და ნინომ პირველივე შეხვედრისას მოიპოვეს, რაც როგორც მათი პროფესიონალიზმის, ასევე  ჩვენდამი კეთილგანწყობის დამსახურებაა. 
ის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც პირადად ჩემთვის ძალიან ნაყოფიერი, დასამახსოვრებელი აღმოჩნდა და, ვთვლი, რომ მომავალში აუცილებლად გამოვიყენებ, ჯგუფური მუშაობის გამოცდილება, ადეკვატური შეფასების უნარი და ტრენინგის სწორად დაგეგმვის ეტაპებია. ვფიქრობ, რომ  ტრენერთა ლაბორატორია სწორი თანამედროვე ხედვით წარმატებით ახოციელებს იმ მიზანს, რომელსაც ასე აქტიურად, დადებითად და შემართებით ემსახურება.


მარიამ გელაშვილი - “ტრენერთა ტრენინგის” მეშვეობით ქართულმა უნივერსიტეტმა მომცა შესაძლებლობა ჩავრთულიყავი ძალიან საინტერესო და ნაყოფიერ აქტივობაში. სატრენინგო პროცესი იყო საკმაოდ დატვირთული, მრავალფეროვანი და სასიამოვნო. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ტრენერების ძალისხმევა და დაუღალავი მცდელობა, რომ თითოეული ჩვენგანი აქტიურად ჩართულიყო პროცესში და გამოგვემუშავებინა კონკრეტული, ჩვენთვის საჭირო უნარები. ასევე განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ტრენინგის მონაწილე სტუდენტები, რომლებიც ნამდვილ საგანძურს წარმოადგენენ უნივერსიტეტისთვის. იმედი მაქვს, რომ მიღებულ უნარებსა და ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებთ ჩვენი პროფესიული მიზნებისთვის.

წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი ულოცავს მონაწილეებს ონლაინ ტრენინგის წარმატებით დასრულებას, ტრენერებს კი სააუდიტორიო სივრცეში მალე დაბრუნებას უსურვებს.

მოამზადა ნინო აბრამიშვილმა