უჩა მაჭარაშვილი

ucha-macharashvili

"მიეცით ადამიანს თევზი და ის დაპურდება ერთი დღე. ასწავლეთ მას თევზისჭერა და ის გამოიკვებება მთელი ცხოვრება!"- ლაო ძი

ასწავლო ადამიანს რაიმე ღირებული, ადვილი სულაც არაა. ვფიქრობ,  საქმეს განსაკუთრებით ართულებს ის ფაქტი, რომ ადამიანი ამის საჭიროებას არ განიცდის. როგორ დავაღწიოთ თავი ამ დილემას? როგორ ვუთხრათ ადამიანებს, რომ შემეცნება ყველა მათგანის განვითარებისთვის აუცილებელია, თანაც ვუთხრათ ისე, რომ ეს გაიგონ? ამ კითხვაზე მეტად პრაქტიკული პასუხი მივიღე სწორედ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში.

ასეთ მნიშვნელოვან დასკვნამდე ადამიანი თავად უნდა მივიდეს. თუ მისი დახმარება გვინდა, უბრალოდ, უნდა შევუქმნათ ისეთი გარემო, რომელიც მასტიმულირებელი იქება მისთვის. ასეთი გარემო მე სწორედ ამ უნივერსიტეტში დამხვდა და მას შემდეგ ჩემში რაღაც შეიცვალა, რაღაც, რაც მიჩენდა სურვილს, რომ ვყოფილიყავი უკეთესი. ასეთი განწყობით მოგვიანებით უკვე აღარ ეჩვენება ადამიანს, რომ ძალიან რთულია რამე ღირებულის მიღწევა ცხოვრებაში, საზოგადოებისთვის, საკუთარი ქვეყნისთვის,  რაიმე ახლის შექმნა. პირიქით, ეს ყველაფერი პირდაპირ მოტივაციის წყაროდ შეიძლება იქცეს, რომლის წინააღმდეგ ცოტა რამე ან ვინმე თუ გაბედავს დადგომას. როდესაც სტუდენტი ამ ყველაფრის ნაწილად იქცევა, მნიშვნელოვანია ის, თუ ვინ იქნება მისი მასწავლებელი. პირადად მე ვამბობ, რომ გამიმართლა, რადგან შემხვდნენ ისეთი პროფესორ-მასწავლებლები, რომელთა გვერდითაც ზრდა-განვითარება დიდი პატივია ჩემთვის. როგორც სენეკა ამბობს: „ადამიანისთვის საჭიროა იმისთანა კაცი, რომ მის მიხედვით და მაგალითით შევძლოთ საკუთრი ხასიათის გაწვრთნა და განმტკიცება“. მე ვფიქრობ, რომ ასეთი ადამიანები მრავლად არიან ამ უნივერსიტეტში. მე ვარ ბაკალავრიატის მე-4 კურსის სტუდენტი და ვფიქრობ, რომ ეს სამ წელიდაწდზე ცოტა მეტი, ყველაზე ნაყოფიერი წლებია ჩემს ცხოვრებაში განათლების თვალსაზრისით.

რაც შეეხება სტუდენტობის ავკარგიანობას, მინდა აღვნიშნო, რომ ეს ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. სწორედ ჩვენი მოქმედებები ბადებს სიავესაც და სიკეთესაც ჩვენს ცხოვრებაში. ყოველ მოცემულ მომენტში, როდესაც და სადაც ვიმყოფებით, უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს: „რა შემიძლია გავაკეთო მე?“ - ეს შეკითხვა პირველად ჩემთვის ძვირფასი ადამიანისგან მოვისმინე და მას შემდეგ ვცდილობ, რომ ჩემი ცხოვრებაც ამ პრინციპით წარვმართო. როდესაც ყოველ მოცემულ მომენტში ვაკეთებთ ჩვენს გასაკეთებელს, აღარ გვინდება საკუთარი თავის შეფასება, იმის აღნიშვნა,  რომ „კარგი იყო“ თუ „ცუდი“. პირიქით, ყოველთვის ვაცნობიერებთ იმას, რომ რაც იყო, იყო ჩვენი ქმედებების ლოგიკური გაგრძელება და თუ „ცუდი იყო“ ამაში დამნაშავენი მხოლოდ ჩვენ ვართ. ასე რომ „CARPE DIEM” მეგობრებო.