16 ნოემბერი მსოფლიო ტოლერანტობის დღეა » რექტორის სვეტი » ქართული უნივერსიტეტი
რექტორის სვეტი

16 ნოემბერი მსოფლიო ტოლერანტობის დღეა

ვულოცავ საქართველოში მცხოვრებ ყველა ერისა და ეროვნების წარმომადგენელს ამ დღეს. გთავაზობთ ნაწყვეტს ნაშრომიდან "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II"

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ისტორიულად, ქვეყნის გეოსტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა განსხვავებულ რელიგიურ კონფენსიებთან ურთიერთობას, რომელიც ურთიერთპატივისცემის პრინციპებს ეყრდნობოდა.

ბევრი უბედურება გადაიტანა საქართველომ XVI-XIX საუკუნეებში: მასობრივი ხოცვა-ჟლეტა, ეკლესია-მონასტრების რბევა, მაგრამ მტკიცედ შეინარჩუნა მართლმადიდებლური სარწმუნოება. XVI-XVIII საუკუნეებში ირან-ოსმალეთის მიერ დაპყრობილ ქართულ მიწა-წყალზე რომის პაპის მიერ გამოგზავნილმა მისიონერებმა მოახერხეს ქართველთა მცირე ნაწილის კათოლიკურ სარწმუნოებაზე გადაყვანა... XIX საუკუნეში სომხებმა, რუსეთის საიმპერატორო ხელისუფლებაში თავიანთი მომხრეების მეშვეობით, იმპერატორ ნიკოლოზ II-ს გამოაცემინეს კანონი, რომლის თანახმადაც ქართველი კათოლიკეები სომხეთის მონოფიზიტური ეკლესიის იურისდიქციაში უნდა გადასულიყვნენ, ე.ი. გასომხებულიყვნენ. ამ ვითარებაში ქართველი მართლმადიდებლები გამოესარჩლნენ ისტორიული ძნელბედობის ჟამს სარწმუნოებაშეცვლილ თანამოძმეებს. ეს დავა გაგრძელდა XX საუკუნის პირველ მეოთხედშიც. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა კირიონ II-მ წერილი გაუგზავნა რომის პაპს. "განგებამან ღმრთისამან, - აღნიშნავდა უწმიდესი კირიონ II, - არა უცხო ქმნა ეკლესიაი ჩუენი ჰრომთათვის დიდისა, პეტრე და ანდრია პირველწოდებულთა,  მათ მოწაფეთა ქრისტეისათა, რომელთა თესლი უბიწოდ განაბნიეს, მართალსა სარწმუნოებისაი არს სიყვარული და თვისობაი ორთა ამათ ეკლესიისთაი." უწმიდესი კირიონ II ესარჩლებოდა ქართველ კათოლიკეებს, რომელნიც იდევნებოდნენ რუსულ-სომხური პოლიტიკის გამო საკუთარ სამშობლოში. "ვსასოებ, ვითარმედ უწმიდესობაი შენი არა უგულებელყოფს ქართველ კათოლიკეთა ეროვნულ-სარწმუნოებრივ ხასიათს" - წერდა მისი უწმიდესობა. მართლმადიდებელი ქართველი პატრიარქი გამოესაჩრლა რა კათოლიკური აღმსარებლობის ქართველებს, რომის პაპს მეგობრობა და თანამშრომლობა შესთავაზა.

საქართველოსა და რომაულ-კათოლიკურ ეკლესიათა შორის ურთიერთობა ეპისტოლარულ ფორმას არ გასცილებია 1917-1977 წლებში. 1978 წელს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის საგარეო განყოფილების თავმჯდომარე, ცხუმ-აფხაზეთის მთავარეპისკოპოსი ნიკოლოზი (მახარაძე) ესწრებოდა რომის პაპის პავლე II-ის დაკრძალვას, ხოლო 1980 წლის 5-6 ივნისს უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II  ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ვატიკანში, სადაც შეხვდა რომის პაპს. Uუწმიდესისა და უნეტარესის ჩანაწერებში ვკითხულობთ: "პაპი იოანე პავლე II შემხვდა კარებთან. გადავეხვიეთ ერთმანეთს, ქართულად მივმართე: "ქართველი ერისა და საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის სახელით გულითადად მოგესალმებით. საქართველოს ეკლესია დიდი სიხარულითა და კმაყოფილებით შეხვდა იმ ფაქტს, რომ პაპი პოლონელია, მცირე ერის წარმომადგენელი. იგი უფრო გაიგებს მცირე ერების პრობლემებს თანამედროვე მსოფლიოში". პაპი ყურადღებით მისმენდა (თარჯიმანი თარგმნიდა), შემდეგ სხვა მაგიდასთან მივიდა, საიდანაც მოიტანა რუკების ატლასი, გადაშალა ევროპის რუკა, სადაც საქართველოც ჩანდა. დახედა და მერე მომმართა:  ჩვენი ქვეყნები ძალიან ჰგვანან ერთმანეთს თავისი წარსულით. მოხაზა საქართველო და თქვა: სამხრეთით ძლიერი მუსლიმანური ქვეყნებია. მე დავუმატე: მათგან ბევრი განსაცდელი გვინახავს. პაპს აინტერესებდა ეკლესიისა და ხელისუფლების, კონსტანტინოპოლისა და რუსეთის საპატრიარქოსთან ურთიერთობის საკითხები."

საქართველოს ეკლესიის დელეგაციამ დაათვალიერა ვატიკანის ბიბლიოთეკა, პაპის პირადი სამლოცველო, ვატიკანის ღირსშესანიშნაობანი. გადაწყდა, რომ ქართველი მეცნიერები დაეშვათ ვატიკანის არქივებში ქართულ დოკუმენტებზე სამუშაოდ. რომის პაპმა მის უწმიდესობას გადასცა ვატიკანის არქივებში დაცული იმ საბუთების მიკროფილმები, რომელნიც საქართველოს ისტორიას ეხებოდა. უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ განაცხადა: ჩვენი ეკლესიების გაყოფის მიუხედავად, ყოველთვის გვქონდა კულტურული და მეცნიერული თანამშრომლობა, საქართველოს ეკლესია და ქართველი ხალხია  ის დიდი ხიდი, რომელიც აერთიანებდა ევროპისა და აზიის ორ დიდ კულტურას.

გამართლდა უწმიდესი და უნეტარესი ილია II-ის მოსაზრება. პოლონური წარმოშობის ახალმა პაპმა დიდი როლი შეასრულა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში კომუნისტური იდეოლოგიისა და სოციალისტური სისტემის რღვევის საქმეში. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ თბილისში გაიხსნა ვატიკანის საელჩო, კავკასიაში რომაულ-კათოლიკური ეკლესიის საეპისკოპოსო.

1999 წელს საქართველოს პრეზიდენტისა და პატრიარქის მოწვევით საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა რომის პაპი. უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ თბილისის აეროპორტში რომის პაპთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ეს ვიზიტი დიდი მნიშვნელობისაა როგორც საქართველოსათვის, ისე - მთლიანად კავკასიისათვის. უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ და რომის პაპმა იოანე პავლე II-მ შეიმუშავეს ერთობლივი მიმართვა, რომელშიც აღნიშნული იყო: "ჩვენ ვიმყოფებით კავკასიის რეგიონში, საქართველოში, ამ განსაკუთრებული გეოპოლიტიკური და ისტორიული მნიშვნელობის მქონე რეგიონში, რომელიც აერთიანებს ევროპისა და აზიის, დასავლეთისა და აღმოსავლეთის კულტურებს. დღეს ამ რეგიონში, ისევე როგორც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, სიტუაცია მეტად დაძაბულია. ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე მსოფლიო ვალდებულია მოახდინოს თავისი სულიერი, ინტელექტუალური და ფიზიკური ძალების მობილიზება გლობალური კატასტროფის თავიდან ასაცილებლად. რომის ეკლესიასა და საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიებს შორის ურთიერთობა ძირითადად პოლიტიკურ, კულტურულ სფეროში ვითარდება"[27, 16469].

მრავალსაუკუნოვანია ქართველი და სომეხი ხალხების ურთიერთობა. ამ ურთიერთობებში ნეგატიურს პოზიტიური სჭარბობს. VII საუკუნის დასაწყისიდან ქართულ და სომხურ ეკლესიებს შორის მოხდა ევქარისტული კავშირის გაწყვეტა, ვინაიდან სომხურმა ეკლესიამ არ მიიღო 451 წლის ქალკედონის საეკლესიო კრების გადაწყვეტილებანი; მიუხედავად ამისა, ქართველი და სომეხი ხალხი ერთად იბრძოდა არაბი, თურქ-სელჩუკი, მონღოლი, ირანელი და ოსმალო დამპყრობლების წინააღმდეგ. შუა საუკუნეებში ქართული სახელმწიფო და ქართველი მეფეები - ბაგრატ IV, დავით IV, გიორგი III, თამარი, გიორგი ბრწყინვალე, ალექსანდრე I, ვახტანგ V, ვახტანგ VI, ერეკლე II, თეიმურაზ II - ყოველნაირად ეხმარებოდნენ მტრებისგან შევიწროებულ სომხებს, რომლებიც ტოვებდნენ თავიანთ სამშობლოს და საქართველოს აფარებდნენ თავს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ 1917 წლის 25 სექტემბერს თბილისში ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის გევორქ V-ის (თბილელის) დეპეშა მოვიდა. იგი უწმიდესსა და უნეტარეს კირიონ II-ს ულოცავდა კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას. საქართველოს ეკლესია თვლიდა, რომ, კონფენსიური სხვაობის მიუხედავად, სომხურ სამოციქულო ეკლესიასთან ნორმალური ურთიერთობა აუცილებელი იყო. უწმიდესმა და უნეტარესმა კირიონ II-მ წერილით მიმართა ყოველთა სომეხთა კათოლიკოს გევორქ V-ს. ეს წერილი, ერთი მხრივ, დახვეწილი დიპლომატიისა და მეორე მხრივ, მართლმადიდებელი პატრიარქის არამართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურისადმი დამოკიდებულების ბრწყინვალე ნიმუშია. უწმიდესი კირიონ II წერდა: "მიმოვიხილავ გარემოსა ჩემსა და თვალთა გონებისა ჩემისა შევაყენებ ღვთისმოშიშსა ერსა ზედა ჰაიკანისასა ძმური ნათესაობით ქართლოსიან-ჰაოსიანთა... მოგიკითხავ, უწმიდესო მეუფეო, რათა წრფითა და ღვაწლითა ჩუენითა აღდგენილ იქნას ერთობა ჩვენდამი რწმუნებულთა  ერთა. ერთობას ვიტყვი არა სარწმუნოებრივ-დოგმატურსა, არამედ მოქალაქეობრივ-განმათლებლობისასა, რათა დაემყაროს ჩუენ შორის ძმობაი და ურთიერთს გულისხმავყოთ. და რაითა სამშობლოს შინა ჩუენისა დაამკვიდროს სასუფეველი ღმრთისაი."

1922 წელს თბილისში ჩამოვიდა აქ დაბადებული და თბილისის ნერსესის სახელობის სომხური სემინარიის ყოფილი სტუდენტი კათოლიკოსი გევორქ V. იგი შეხვდა და ქართულ ენაზე ესაუბრა უწმიდესსა და უნეტარეს ამბროსის. 1923-1940-იან წლებში ქართულ-სომხური საეკლესიო ურთიერთობა ეპისტოლარული ხასიათისა იყო. 1945 წლიდან ინტენსიური გახდა ურთიერთობები უწმიდეს კალისტრატესა და თბილისის სომხური ეპარქიის ყოფილ ეპისკოპოსს, იმხანად ყოველთა სომეხთა კათოლიკოს გევორქ VI-ს შორის. სომხური ეკლესიის ახალი მეთაური კათოლიკოსი ვაზგენ I ხშირად სტუმრობდა საქართველოს. გასაოცარი იყო მისი ინტუიცია და დიპლომატიური ნიჭი. უკვე 1962 წლიდან იგი საახალწლოდ მისალოც ბარათებს უგზავნიდა ჯერ იღუმენ, შემდეგ არქიმანდრიტ, შემდეგ კი - მღვდელმთავარ ილია შიოლაშვილს. ვაზგენ I 1961  წელს პირველად შეხვდა არქიმანდრიტ ილიას და განჭვრიტა მისი დიდი მომავალი. 1977 წლის 25 დეკემბერს კათოლიკოსმა ვაზგენ I-მა მცხეთაში განაცხადა: "ქართული ეკლესია მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური ძეგლია... ძეგლი, რომელიც ქართველი ერის სულს განასახიერებს. მე მწამს ამ სულის უკვდავება, როგორც მწამს უკვდავება თვით ქართველი ერისა."

1978 წლის 12-14 მაისს უწმიდესი და უნეტარესი ილია II სომხეთს სტუმრობდა. ეჩმიაძინში კათოლიკოსმა ვაზგენ I-მა თავის ხალხს შემდეგი სიტყვებით მიმართა: "ჩვენთან იმყოფება უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. უნდა აღინიშნოს, რომ იგი ახალი არჩეულია პატრიარქად. ამ უმაღლესი და უწმიდესი მსახურებისათვის საგრძნობლად ახალგაზრდაა, მხნე, ჯან-ღონით სავსე და, რაც მთავარია, დიდი ცოდნითა და გამოცდილებით შეიარაღებული... თავის სამშობლოში მას ყურს უგდებენ, მისი სწამთ, მისი სჯერათ, მას აფასებენ. ასეთი დიდი სიყვარული თავისი ერისა ბევრს არ ერგება წილად. ეს მან დიდი სულიერი სიმაღლით მოიპოვა." უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მადლობა მოახსენა სომეხთა კათოლიკოსს და უთხრა, რომ ის, რაც  XII საუკუნეში დავით აღმაშენებელმა გააკეთა საქართველოსათვის, ის თქვენ სომხეთის ეკლესიაში XX საუკუნის 50-70-იან წლებში შეძელითო.

 უწმიდესი და უნეტარესი ილია II ამის შემდეგ არაერთხელ ესტუმრა სომხეთს ისევე, როგორც კათოლიკოსი ვაზგენ I სტუმრობდა საქართველოს.

1978 წლის ნოემბერში ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში, სადაც სომეხთა მეორე რელიგიური ცენტრი, კილიკიის სომეხთა საკათოლიკოსოა, მაჰმადიანმა ტერორისტებმა სომხების მასობრივი ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. მისმა უწმიდესობამ ოფიციალურ განცხადებაში დაგმო ეს ვანდალური აქტი და სომეხ ხალხს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. "ჩვენ, ქართველები, - აღნიშნა მან, - ისტორიის დასაბამიდან ვცხოვრობთ უძველესი კულტურისა და ტრადიციის მქონე სომეხი ხალხის მეზობლად. ამ ხნის მანძილზე ერთად გადაგვიტანია მრავალი განსაცდელი, მტერთა შემოსევა და სხვა ბედუკუღმართობანი, და არ შეგვიძლია გულგრილი დავრჩეთ მათ თანამემამულეთა ტრაგედიის მიმართ."

პატრიარქის ამ განცხადებამ საქართველოში მცხოვრები სომხების დიდი კმაყოფილება გამოიწვია. ამის დასტური იყო ახალქალაქელი ხ. ოვსეპიანის გამოხმაურება: "ვბედავ და მოგახსენებთ უდიდეს მადლობას თქვენ, საქართველოს დიდებულ კათოლიკოს-პატრიარქს. სომეხი ხალხი არასოდეს არ დაივიწყებს თქვენს მაღალადამიანური და მოქალაქეობრივი სიყვარულით სავსე თანაგრძნობას."

 უწმიდესი და უნეტარესი ილია II გამოესარჩლა ეჩმიაძინის საკათოლიკოსოს 1980 წელს, როდესაც საზღვარგარეთელი სომეხი კათოლიკენი ლანძღავდნენ და ამცრობდნენ მის მნიშვნელობას. ყოველივე ამას კარგად ხედავდა კათოლიკოსი ვაზგენ I და ცდილობდა, საქართველოს სამოციქულო ეკლესიასთან ურთიერთობაში დაეცვა ტაქტი და ყოფილიყო მისი პატივისმცემელი. უწმიდესმა ილია II-მ სათანადო პატივი მიაგო კათოლიკოს ვაზგენ I-ის ხსოვნას 1994 წელს ეჩმიაძინში და საგულისხმო სიტყვა წარმოთქვა: "დიდია მწუხარება სომხეთის სამოციქულო ეკლესიისა და სომეხი ხალხისა, იგი ემშვიდობება თავის ღირსეულ და ბრძენ მამამთავარს, რომელიც 39 წლის მანძილზე, ურთულეს პირობებში, იყო საჭეთმპყრობელი ეჩმიაძინის უძველესი საკათოლიკოსო ტახტისა... იმ დროს, როდესაც შეზღუდული იყო კავშირი უცხოეთთან, მან მოახერხა ურთიერთობა დაემყარებინა იქ მყოფ სამწყსოსთან, გაეღრმავებინა მათში სამშობლოს სიყვარული, გაემთლიანებინა ერი... შევთხოვ უფალს, რათა მისი უკვდავი სული დააწესოს იმ სავანეში, რომელშიც სომეხი ხალხის დიდებული წინაპარნი განისვენებენ."

ქართველ ხალხს ისტორიულად ახასიათებს სჯულშემწყნარებლობა და ტოლერანტობა. ამის დასტურია თუნდაც ის, რომ ნახევარმილიონიან სომხურ დიასპორას საქართველოში აქვს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სკოლები, თეატრი, პრესა, უმაღლეს სასწავლებელში - სომხურენოვანი განყოფილება,  სომხური ეპარქია. ისტორია არ გვაპატიებს ჩვენი ორი ქვეყნისა და ხალხის ურთიერთობის გართულებას. Mმეცნიერებმა, პოლიტიკურმა და რელიგიურმა მოღვაწეებმა უნდა გავითვალისწინოთ მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის გამოცდილება და შევინარჩუნოთ ურთიერთნდობა და ურთიერთპატივისცემა.

ისტორიულად საქართველო თავის თავს ევროპის ნაწილად მიიჩნევდა და ცდილობდა, მჭიდროდ დაჰკავშირებოდა ევროპულ ცივილიზაციას. მიუხედავად იმისა, რომ რელიგიურ-კონფენსიური თვალსაზრისით ევროპის განვითარებული ქვეყნები - ინგლისი, საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, იტალია, პორტუგალია - სრულიად განსხვავებულნი იყვნენ საქართველოსაგან, მონღოლების, ირანისა და ოსმალეთის დამანგრეველი ლაშქრობების წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მაინც ევროპის ქვეყნების დახმარების იმედი ჰქონდა. მართალია, XVI-XX საუკუნეებში ეს დახმარება სიტყვიერ მხარდაჭრას არ გასცილებია, მაგრამ ქართველობის ორიენტაცია არ შეცვლილა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ილია II, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ევროპის ქვეყნებთან კონტაქტებს იმ დროს ახერხებდა, როდესაც საბჭოთა კავშირი ჩაკეტილი სახელმწიფო  იყო და საზღვარგარეთის ქვეყნებთან ურთიერთობა - საგრძნობლად შეზღუდული.

1979 წლის 15 იანვარს იამაიკის დედაქალაქ კინგსტონში უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II არჩეულ იქნა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს პრეზიდენტად. ამან მას საშუალება მისცა მონაწილეობა მიეღო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკურ და რელიგიურ ლიდერთა შეხვედრებში. უწმიდესი და უნეტარესი ყველგან საუბრობდა საქართველოზე, მის ისტორიაზე, უძველეს სამოციქულო ეკლესიაზე. ამ შეხვედრებით მან მეგობრული ურთიერთობა დაამყარა მსოფლიოს მართლმადიდებელი ავტოკეფალიური ეკლესიების მეთაურებთან და მოიწვია ისინი საქართველოში. ამ შეხვედრებმა და პირადმა კონტაქტებმა გადამწყვეტი როლი შეასრულეს მართლმადიდებელ ეკლესიათა მიერ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალიის  აღიარების საქმეში. უწმიდესი და უნეტარესი ილია II 1963-1997 წლებში  საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში წევრობის პერიოდს ასე აფასებს: "საბჭოთა იზოლაციის დროს ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში ყოფნამ  ჩვენს ეკლესიას საშუალება მისცა, რომ იგი მსოფლიოს გაეცნო, როგორც დამოუკიდებელი ეკლესია. ასე რომ, ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში მართლმადიდებელი ეკლესიების ყოფნა ერთგვარად მათი მისიონერული მოღვაწეობის გაგრძელებასაც წარმოადგენდა“.

უწმიდესი და უნეტარესი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, საფრანგეთში, იტალიაში, შვეიცარიაში, ნიდერლანდებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ინგლისში სხვადასხვა დროს შეხვდა პროტესტანტული, ლუთერანული, ანგლიკანური  ეკლესიების მეთაურებს, ამ ქვეყნების პოლიტიკურ მოღვაწეებს, მეცნიერების, ხელოვნების წარმომადგენლებს. მისმა შეხვედრებმა ახალი სტიმული მისცა ევროპაში ქართველოლოგიური მეცნიერების განვითარებას. ევროპის ქვეყნების პოლიტიკური და რელიგიური ლიდერები აღტაცებას ვერ ფარავდნენ: მათ წინაშე მანამდე უცნობი ქრისტიანული აღმოსავლეთის დიდი ცივილიზაციისა და უძველესი მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მეთაური იყო. მომხიბლავი გარეგნობა, დახვეწილი მანერები, ევროპული ცივილიზაციისა და თანამედროვე მსოფლიო წესრიგის ზოგადი პრინციპების ღრმა ცოდნა მათ ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მეთაურისადმი უდიდესი პატივისცემით განაწყობდა.

უწმიდესი და უნეტარესი სტუმრობდა აზიის ქვეყნებსაც. იგი შეხვდა და საქართველოს სამოციქულო ეკლესია გააცნო ეგვიპტის კოპტთა პატრიარქს შენუდა III-ს, მალაბარიის ინდოელთა მონოფიზიტ პატრიარქ-კათოლიკოსს ბასილ მართომა მათე I-ს, ეთიოპიის მონოფიზიტ პატრიარქს აბუნა თეკლე-ჰაიმანოტს, სირიელ იაკობისტთა პატრიარქს მარი იაკობ III-ს,  აღმოსავლეთის მონოფიზიტ პატრიარქს მაქსიმე V-ს. უწმიდესმა და უნეტარესმა ქართული სტუმართმოყვარეობით უმასპინძლა საქართველოში საპასუხო ვიზიტით ჩამოსულ სხვადასხვა ქვეყნის რელიგიურ და პოლიტიკურ ლიდერებს, მეცნიერების, ხელოვნების თვალსაჩინო წარმომადგენლებს. საქართველოს, ქართველების შესახებ საინფორმაციო მასალებს ბეჭდავდნენ ევროპის, აზიის, აფრიკის, ამერიკის ქვეყნების წამყვანი გამოცემები.

უწმიდესი და უნეტარესი ილია II მსოფლიოში ცნობილი რელიგიური ლიდერია, მას დიალოგი შეუძლია არა მარტო არამართლმადიდებლური ქრისტიანული კონფენსიების წარმომადგენლებთან, არამედ სხვა აღმსარებლობის ადამიანებთანაც. ამის დასტურია კავკასიის მუსლიმანთა ლიდერის შეიხ ალახ შუქურ ფაშა ზადესა და უწმიდესი და უნეტარესი ილია II-ის მეგობრული ურთიერთობა, რომელიც აისახება ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხის მეგობრობაში.

2001 წელს ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის მუჰამედ ჰათამის მიწვევით უწმიდესი და უნეტარესი ილია II ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ირანში, შეხვდა პრეზიდენტ ჰათამსა და ირანის ისლამური რესპუბლიკის სულიერ ლიდერს ალი ჰამეინეს. პატრიარქმა შემდეგი სიტყვებით მიმართა მათ: "მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნების - ირანისა და საქართველოს - რელიგიური ლიდერები და სასულიერო მოღვაწენი, ჩვენი ხელისუფალნი და საზოგადოება მზად არიან, რათა მსოფლიოს ვუჩვენოთ მაგალითი იმისა, რომ რელიგიური განსხვავებულობისა და წარსულში დაპირისპირების მიუხედავად, შეგვწევს უნარი პატივისცემისა, უნარი მშვიდობიანი და მეგობრული თანაარსებობისა. 2014 წლის 16 ნოემბერს სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ აღნიშნა: `ქართველი ხალხი მუდამ შემწყნარებელი იყო სხვა რელიგიების და სხვა ეროვნების წარმომადგენლების მიმართ, დღეს არის დღე, რომელსაც ეწოდება ტოლერანტობის დღე. შემწყნარებლობა, ტოლერანტობა - ეს ახალი სიტყვაა და ხალხმა უკვე იცის რას ნიშნავს. ქართველი ხალხი მუდამ შემწყნარებელი იყო სხვა რელიგიების, სხვა ეროვნების წარმომადგენლების მიმართ. თქვენ იცით, რომ 26 საუკუნეა ებრაელები ჩვენთან არიან, ასევე მუსულმანები და სხვა რელიგიის, თუ ეროვნების წარმომადგენლები. ქართველი ადამიანი მუდამ შეიწყნარებდა ამას და პატივს სცემდა მათ რელიგიას და ეროვნებას. დღეს არის საერთაშორისო დღე და ღმერთმა ინებოს მშვიდობა იყოს".

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში არაერთი საინტერესო კონფერენცია, შეხვედრა ჩატარდა სხვადასხვა კონფესიათა წარმომადგენელთა მონაწილეობით. გთავაზობთ ამ შეხვედრათა ამსახველ ფოტომასალას.

ნავიგაცია
კალენდარი
ბანერები