"სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებების წლის საუკეთესო მიღწევის" წარდგენა

21 იანვარს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში "სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებების წლის საუკეთესო მიღწევის" წარდგენა გაიმართა. საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის წლის საუკეთესო ღონისძიება - „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა - 100“ დამსწრე საზოგადოებას ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანმა ისტორიის დოქტორმა ლევან ჯიქიამ წარუდგინა. სამდღიანი სამეცნიერო კონფერენცია საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა 2018 წლის 15-17 მაისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტთან ერთად ჩაატარა. 15 მაისს კონფერენცია გაიხსნა საქართველოს პარლამენტში, სხდომას უძღვებოდა საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე. კონფერენციას მიესალმნენ ქართული უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი სერგო ვარდოსანიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი გიორგი შარვაშიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი გიგა ზედანია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი. მოგვიანებით კონფერენცია ქართულ უნივერსიტეტში გაგრძელდა. 16 მაისს კონფერენციას უმასპინძლა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა, 17 მაისს - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა. დასკვნითი სხდომა ჩატარდა და კონფერენციის მუშაობა შეჯამდა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, სადაც 1918 წლის 26 მაისს გამოცხადდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა.