მენიუ

ისტორია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მეცნიერებისა და ეკლესიის ურთიერთობას. სწორედ მისი უწმიდესობის ლოცვა-კურთხევით გადაწყდა, შექმნილიყო უმაღლესი განათლების ახალი კერა, რომელიც დაიცავდა ქართული მეცნიერების საეკლესიო ტრადიციებსა და მემკვიდრეობას და ამავე დროს თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იქნებოდა. ასე დაფუძნდა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი, რომელიც ეროვნულ ღირებულებებზეა დამკვიდრებული, სულიერებისა და თავისთავადობის გაფრთხილებასა და მომავლის მეცნიერების აღზრდას ემსახურება.

ქართულ უნივერსიტეტს 2008 წელს ჩაეყარა საფუძველი და პირველი დოქტორანტები ფიზიკა-მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო სპეციალობებზე მიიღო. 2010 წლის სექტემბრიდან უნივერსიტეტის კარი უკვე ღიაა სხვადასხვა სპეციალობის ბაკალავრებისთვის, მაგისტრებისა და დოქტორანტებისთვის.

სასწავლებელში ამჟამად ორი სკოლაა: 

  • ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლა 
  • ბიზნესის, კომპიუტინგის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა

ქართული უნივერსიტეტი ახლად დაფუძნებული უმაღლესი სასწავლებელია, რომელიც განათლების სამინისტროს მიერ დადგენილ ყველა სტანდარტს ითვალისწინებს. უნივერსიტეტი საუკეთესო ინფრასტრუქტურით გამოირჩევა. აქ თანამედროვე აუდიტორიები და უმაღლესი დონის ტექნიკით აღჭურვილი კომპიუტერული კაბინეტებია. ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა; უნივერსიტეტში ფუნქციონირებს უცხო ენათა შემსწავლელი ცენტრი.

ქართული უნივერსიტეტის სრული და ასოცირებული პროფესორები არიან ამა თუ იმ დარგში ავტორიტეტული პროფესორ-მასწავლებლები – როგორც ძველი, ისე ახალი თაობის წარმომადგენლები. ამასთან, სასწავლო პროცესში აქტიურად არიან ჩართული საზღვარგარეთ მოღვაწე წარმატებული ქართველი მეცნიერები, ლექციებს ასევე კითხულობენ წამყვანი უცხოელი სპეციალისტები.

საგანგებოდ უნდა ითქვას, რომ ქართულ უნივერსიტეტში მაღალი ხარისხის სწავლება შეხამებულია დროის ოპტიმალურ ხარჯვასთან. ძველი სალექციო სისტემის ნაცვლად დანერგილია თანამედროვე სასწავლო პროგრამები, და სალექციო კურსი სრულიად მოდერნიზებულია. ჩვენ ორიენტირებული ვართ არა სტუდენტთა რაოდენობაზე, არამედ ცოდნის ხარისხზე. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა დასავლეთის უმაღლეს სასწავლებლებთან კავშირს. დოქტორანტებისთვის დანერგილია ინტერნეტ-დისტანციური სწავლების მეთოდი.

დღეს უნივერსიტეტის მაგისტრატურისა და დოქტურანტურის სტუდენტები ჩართულნი არიან მაღალი რანგის მეცნიერულ კვლევებში, რომლებიც უცხოეთის სერიოზულ სამეცნიერო ცენტრებთან ერთად მიმდინარეობს. საერთაშორისო კვლევითი პროექტები იგეგმება სამართალმცოდნეობის, ფსიქოლოგიის, ეკონომიკისა და სხვა სფეროებში.

უნივერსიტეტში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სტუდენტურ ცხოვრებას. ხორციელდება სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტები სტუდენტებისთვის, ტარდება კონფერენციები და კონკურსები; ეწყობა სპორტული ღონისძიებები და ექსკურსიები როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ასევე ქვეყნის გარეთ.

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა