მენიუ

ქართველოლოგიის ცენტრი: პროექტის მეორე საკვლევი პერიოდი

ჩვენი პროექტის მეორე საკვლევ პერიოდში ვიმუშავეთ თურქეთის დუზჯე-საქარიას რეგიონში, რომელიც ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. იქ სახლობენ აჭარელი, მაჭახლელი, ნიგალელი და ლაზი მუჰაჯირების ქართველურენოვანი შთამომავლები.

ამ ტერიტორიაზე, 1878 წლამდე, ეთნიკური თურქების გარდა, განსახლებულნი იყვნენ თრაკიიდან მოსული მართლმადიდებელი ბულგარელები, ასევე - ბერძნები და ბოსნიელებიც. ომის შემდგომ პერიოდში, ამ ეთნოსთა წარმომადგენლების უმეტესობამ რეგიონი დატოვა და ისტორიულ სამშობლოს მიაშურა. სწორედ მათ ყოფილ საცხოვრისზე დაასახლეს სამხრეთ-დასავლეთი საქართველოდან (კერძოდ- ლაზეთიდან, აჭარიდან, მაჭახლიდან, ნიგალიდან...) წასული მუჰაჯირები.

ქართველ მუჰაჯირთა პირველი ნაკადი ამჟამინდელ დუზჯეს ილში მიუღიათ 1881 წლის 18 აგვისტოს, მაჭახლელი ალი-მუსტაფა ბალჯიოღლის წინამძღოლობით. ეს ხალხი ბათუმიდან გემებით ჩამოუყვანიათ.

1883 წელს, დუზჯეს ვილაიეთში უკვე არსებობდა დიდი სოფელი, სადაც იყვნენ აჭარიდან წამოსული („ბათუმელი“) მუჰაჯირები, ბულგარეთიდან 1878 წელს გადმოყვანილ აფხაზებთან ერთად. ოსმალურ დოკუმენტთა მიხედვით, სოფელს ერქვა ბიჩქი-ი ათიქი (Biçki-i Atık) და მდებარეობდა ახლანდელ ქ. დუზჯეს ჩრდილო-დასავლეთით, ექვს-ნახევარი საათის სავალზე.

1899 წლისთვის, ამ სოფლის უბნები ცალ-ცალკე სოფლებად გამოუცხადებიათ: ქართული უბნისთვის უწოდებიათ ბიჩქი-ი ათიქ გურჯი, აფხაზურისთვის - ბიჩქი-ი ათიქ აბაზა. ქართული სოფლის გამგებლად (მუხტარად) დაუნიშნავთ შაჰინ-აღა აბდულაჰოღლი, აფხაზური სოფლის გამგებლად კი - ნური ბეშლია-ფაშა.

ბიჩქი-ი ათიქ გურჯის თავდაპირველი მოსახლენი აჭარელი, მაჭახლელი და ნიგალელი მუჰაჯირები იყვნენ. ამასთან, აჭარლები უფრო მეტობდნენ. 1902-1911 წლებში, ხსენებული სოფლის მკვიდრებმა თანდათან შეიძინეს სამოსახლო მიწები დუზჯე-საქარიას სხვადასხვა მხარეში. მერე და მერე, მათ დაემატნენ ის თანამემამულეები, რომლებმაც იმჟამად რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მყოფი საქართველო სხვადასხვაგვარი მიზეზით დატოვეს და ოსმალეთში გადმოიხვეწნენ, ანდა ოსმალეთის შუა შავიზღვისპირეთიდან (გირესუნი, ფაცა, ორდუ, უნიე, სინოპი...) თანამედროვე დუზჯე-საქარიას ტერიტორიაზე გადმოინაცვლეს.

ქალაქ დუზჯეს გარდა, დღეისათვის აჭარელ, მაჭახლელ და ნიგალელ მუჰაჯირთა შთამომავლები სახლობენ რეგიონის შემდეგ სოფლებში:

დუზჯეს ილჩე: აჲდიფინარი (Aydınpınar), ასარი (Asar), გოლორმანი (Gölormanı), დოღანლი (Doğanlı köyü), ჲეშილჩამი (Yeşilçamı), მუნჯურლი (Muncurlu), მუსაბაბა (Musababa köyü), ფუნდუკლი-აქსუ (Fındıklı-aksu), ჩაქირჰაჯი-იბრაჰიმი (Çakır Hacı İbrahim köyü), ჩიფთლიქქოი (Çiftlikköyü), შიმშირი (Şemşir köyü).
აქჩაქოჯას ილჩე: დოღანჯილარი (Doğancılar köyü), ესმეჰანიმი (Esmehanım köyü), მელენაღზი (Melenağzı), უღურლი (Uğurlu), ჩიჩექფინარი (Çiçekpınar).
ჩილიმლის ილჩე: ჲეშილ მაჰალესი (Yeşil mahallesi), ჲეშილთეფე (Yeşiltepe), მაჰირაღა (Mahirağa), ჰიზარდერე (Hızardere).
გოლიაქას ილჩე: ჰამამუსტი (Hamamüstü), ჰაჯი-ჲაქუფი (Hacı Yakup köyü).
იღილჯას ილჩე: ქირიქქოი (Kırıkköyü).

დუზჯეს ილში აჭარელ, მაჭახლელ და ნიგალელ მუჰაჯირთა შთამომავლებს შორის განზოგადებულია ქართული ენის აჭარული დიალექტი. მასობრივი ორენოვნების შედეგად, დასტურდება ქართულ-თურქულ სამეტყველო კოდთა აღრევა. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დიალექტური მეტყველება უმეტესად დამახასიათებელია 40 წელზე უფროსი თაობისთვის. იმავდროულად, ქართულის კარგად მცოდნენი 40 წელზე უმცროს თაობაშიც საკმაოდ გვხვდებიან, თუმცა ისინი მეტყველებენ სამწიგნობრო ენაზე - ქართული სამწიგნობრო ენის კურსები დუზჯეში გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან არსებობს.

აჭარიდან წასულ მუჰაჯირთა ხნიერი შთამომავლის მეტყველების ნიმუში:

მაჭახლიდან წასულ მუჰაჯირთა ახალგაზრდა შთამომავლის მეტყველების ნიმუში:

რაც შეეხება ლაზეთიდან წასულ მუჰაჯირებს, მათი ერთი ნაწილი დუზჯეში ოსმალური გემებით გადაუყვანიათ 1878 წლის შემდგომ. უმეტესწილად, ესენი იყვნენ დღევანდელი სარფისა და მაკრიალის მკვიდრნი, რომლებიც დაასახლეს ორ სოფლად თანამედროვე ქ. დუზჯეს ტერიტორიაზე. სოფლების სახელები იყო ოზბაჲ (Özbay) და ბალფინარი (Balpınar).
1890-1895 წლებში, თანამედროვე დუზჯესა და საქარიის ილების ტერიტორიაზე დაასახლეს ჩხალისა და ბეღლევანის ხეობათა (ორივე ხეობა მდებარეობს თურქეთში, ართვინის ილის ბორჩხის ილჩეში) მკვიდრნი, რომლებიც მუჰაჯირად 1878 წელსვე წამოვიდნენ, მაგრამ 1890 წლამდე ძირითადად სტამბოლის გარეუბნებში სახლობდნენ. რამდენადაც ქალაქში ცხოვრება არ სურდათ, მათ ოსმალეთის მთავრობას თხოვნით მიმართეს და მოითხოვეს ქალაქგარეთ, სოფლად დასახლება. მათ ეს თხოვნა მალევე დაუკმაყოფილეს და დუზჯეში გადმოიყვანეს.

დღესდღეობით, ლაზეთიდან წამოსულ მუჰაჯირთა შთამომავლები სახლობენ როგორც თვით ქ. დუზჯეში (უბნები: ოზბაი [Özbay], ბალლარი [Ballar], ჩაილიქი [Çaylık] და ა.შ.) ისე დუზჯეს ილჩეს სოფლებში: ბეჩი ქჲოჲ (Beçi köyü), ჲაქა ქჲოჲ (Yaka köyü), დუზქოი (Düzköy), ოსმანჯა (Osmanca), სუნჯუღი (Suncuk), შექერფინარი (Şekerpınar), დოქუზფინარი Dokuzpınar, ბალფინარი (Balpınar), კაბალაღი (Kabalak), ებია (Enbiya Köyü).
მათივე ერთი სოფელი - ჲაზლუღი (Yazlık Köyü) არის დუზჯეს ილის გოლიაქას ილჩეში, ერთიც - ჲეშილქჲოჲ (Yeşilköy) - აქჩაქოჯას ილჩეში.

ლაზ მუჰაჯირთა შთამომავლები მეტყველებენ ხოფური დიალექტის სარფულ და ჩხალურ კილოკავებზე. მათ შორისაც, მასობრივი ორენოვნების შედეგად, დასტურდება ქართულ-თურქულ სამეტყველო კოდთა აღრევა. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ლაზური კარგად იცის უმეტესად 40 წელზე უფროსმა თაობამ.

სარფიდან წამოსულ მუჰაჯირთა შთამომავლის ლაზური მეტყველება:

ჩხალის ხეობიდან წამოსულ მუჰაჯირთა შთამომავლის ლაზური მეტყველება:


დუზჯეს რეგიონში მცხოვრებ აჭარელ და ლაზ მუჰაჯირთა მეტყველების ნიმუშების ტექსტური ვერსიები
დუზჯეს რეგიონში მცხოვრებ აჭარელ მუჰაჯირთა შთამომავლების სოფლები და ენობრივ-ეთნიკური იდენტობა 
დუზჯეს რეგიონში მცხოვრებ მუჰაჯირთა შთამომავლების აჭარული მეტყველების ფონეტიკური თავისებურებანი 
ქართული ანთროპონიმები დუზჯეს რეგიონში

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა