გამოცდები დაიწყო, ვინ მოხვდება ობიექტივში?

gamotsdebi-daitsqo-vin-mokhvdeba

ის ხმაურიანი პერიოდი დაიწყო ჩვენს უნივერსიტეტში, ყველანი რომ ვამბობთ: "აუ, რამდენი საკითხია, ამდენს რა ისწავლის!" ჯგუფელებისგან კონსპექტებს, ქსეროქსებს და ფოტოებს რომ ვითხოვთ, ჩვენს ჯგუფებში დღეში 10 პოსტი რომ იწერება... რა თქმა უნდა, ყველა ერთნაირად იწყება: "აუუ, ბავშვებო..." ერთ დღეში რომ ვსწავლობთ მთელი ორი თვის მასალას, აი, ეგ პერიოდია... გამოცდები... გამოცდები, რომელიც ყველას ერთ ოთახში გვაერთიანებს, გვაფორიაქებს და გვაიძულებს წინა ღამით ყველაფერი გადავიკითხოთ.

ლექტორები ცოტა ხნით ისვენებენ, აღარ უყურებენ ამდენ განსხვავებულ ახალგაზრდას. ალბათ, რა დიდი ნებისყოფა უნდა გქონდეს, რომ აიტანო სტუდენტთა ის სულელური კითხვები, რომელთა სულელობასაც ჩვენ ვერ აღვიქვამთ, ვერაფერს ვატყობთ, ან უყურო, როგორ თამაშობს ნახევარი აუდიტორია მობილურით, როცა შენ იმას უხსნი, რასაც წლების განმავლობაში სწავლობდი, იკვლევდი და ღამეებს ათენებდი, მათ კი ეს სულ არ აინტერესებთ. პირველი 20 წუთი თვალებში გიყურებენ, თუმცა დარწმუნებული მაინც არ ხარ, გისმენენ თუ ფიქრებით სხვაგან არიან. გამოცდების წინა კვირას კი ცდილობენ საკითხები დაგტყუონ, ტესტებს თუ შეუდგენ და თან მისცემ, ყველაზე მაგარი ლექტორი იქნები მათ თვალში. ურჩევნიათ 150 ტესტის პასუხი დაიზეპირონ, ვიდრე განვლილი მასალის შინაარსი წერონ... სტიპედიანტებისთვისაც არ არის ადვილი გამოცდები, მაშინღა აღმოაჩენენ ხოლმე, რომ რაღაცეები ცოტა ზედაპირულად უსწავლიათ, ამიტომ გამოცდები ყველასთვის გამოცდებია...

ისედაც დაძაბულ სტუდენტებს (ზოგი ძალიან დაძაბულია, ზოგი ცოტათი) მკაცრი დამკვირვებლებიც არ გვაკლებენ ნერვიულობას, რომლებიც სინამდვილეში სულ არ არიან მკაცრი... ისინიც დაძაბული არიან, იმიტომ რომ ვერ გადავეჩვიეთ შპარგალკებს... რეალურად კი, ძალიან თბილი, მხიარული და მეგობრული არიან, ოღონდ ამ ოთახის გარეთ და ამ პერიოდის გარდა... მათ სამუშაო ოთახში სანამ არ შეიხედავთ, ვერ დააფასებთ მათ მუშაობას. მთელი 2 კვირა არეულობა აქვთ, ტესტებით აქვთ სავსე მაგიდები, აჯგუფებენ, ალაგებენ, საგნების მიხედვით, დღეების მიხედვით, უსახელო ნაწერების მიხედვით... ქსეროქსის აპარატის სუნი კარის გამოღებისთანავე იგრძნობა, მთელი დღე ტესტებს გვიბეჭდავენ. ნეტავ იმდენი გამოსხივებისგან დღის ბოლოს თავი არ სტკივათ?! ან იმისგან, ასი კაცი რომ ითხოვს გამოცდის გადატანას?...

დამკვირვებლები ჩვენ გვაკვირდებიან, ჩვენ კი ფოტოგრაფს ვაკვირდებით, ხომ არ გვიახლოვდება, თუ ახლოს არის, მაშინ დროა წელში გავიშალოთ და ისე გავაგრძელოთ წერა, ან სახეზე ავიფაროთ ხელი, ან თავი ისე დავხაროთ, რომ ვერ ამოგვიცნონ, ეს უკვე ჩვენი გემოვნების ამბავია. საღამოობით უნივერსიტეტის გვერდს ვამოწმებთ, შემთხვევით ჩვენი ფოტო ხომ არ დევს, ახლოდან ვათვალიერებთ სტუდენტებს, რომლებსაც არ ვიცნობთ, ხოლო რომლებსაც ვიცნობთ, მათ ფოტოებს ვალაიქებთ... ფოტოგრაფიც, ძალიან კარგი ადამიანია, ჯერ ვერავინ გავიგეთ, რის მიხედვით არჩევს, თუ ვის მოახვედრებს თავის ობიექტივში... მოკლედ, ვინც პირველ კურსზე ხართ, იცოდეთ, რომ ერთი კარგი ფოტო მისგან თქვენც გექნებათ...

ისევ ლექტორებს უნდა დავუბრუნდე, იმიტომ, რომ გამოცდების მერეც მათზე ვბრაზობთ, დაბალ ქულას რომ გვიწერენ, თითქოს მეტს ვიმსახურებდეთ... იშვიათად ვართ კმაყოფილი, ძირითადად მაშინ, თუ ადრე 30 ქულა დაგვიწერეს და ახლა 29-ს გვიწერენ. ასეთ დროს ვამბობთ, რომ რაღაც დაგვაკლეს. იმაზე კი არავინ ვფიქრობთ, მათაც მთელი ღამის გათენება რომ მოუწიათ ჩვენი ნაჯღაპნების შესასწორებლად. ალბათ, რამდენ დაულაგებელ წინადადებაზე იფიქრეს, ნეტავ რისი დაწერა უნდოდაო, ან რამდენ არასწორ ტერმინსა ან წინადადებაზე გაეღიმათ, 30 ან შეიძლება 50 განსხვავებული კალიგრაფიის წაკითხვა მოუწიათ, 3-4 ისეთიც იქნებოდა, პატრონიც რომ ძლივს კითხულობს ხოლმე. ალბათ, ასეთ შემთხვევებში ლექტორები თავიანთ მეუღლეებს ან შვილებს ეკითხებიან, აქ რა უწერიაო. ზოგ ლექტორს, ალბათ, გული წყდება, ყველა ლექციას კარგად გვიხსნიდა, ენერგიას არ იშურებდა, ჩვენ კი მაინც ვერ დავუწერეთ კარგად.

დამიჯერეთ, ძალიან გაგიმართლათ ამ უნივერსიტეტში რომ მოხვდით, იმიტომ რომ ეს ერთი დიდი ოჯახია. აქ ყველა ყველას ვიცნობთ, ვმეგობრობთ, თბილად ვსაუბრობთ, დაწყებული ბატონი იურათი, ჩვენს ყვავილებზე რომ ზრუნავს და დამთავრებული ჩვენი უმაგრესი რექტორით - ბატონი სერგოთი.

პირადი გამოცდილებიდან გეუბნებით, შეგიყვარდებათ აქაური გარემო და ის ხალხი, რომელიც აქ თითქმის ყოველ დღე გხვდებათ..

მე ის გოგონა ვარ, რომელსაც ყველაზე მეტად მეშინოდა და არ მინდოდა სიარული, მაგრამ ყველაფერი მაშინვე შეიცვალა, როცა უნივერსიტეტში პირველად შემოვგორდი ჩემი ეტლით.