ქართული უნივერსიტეტის ანსამბლი “ჰერიო” 10 წლისაა

ანსამბლ ,,ჰერიოს" სახელი კარგა ხანია გასცდა ქართულ უნივერსიტეტს, მას  კარგად იცნობს ქართული სიმღერის მოყვარული საზოგადოება. რეპერტუარში ქართულ ხალხურ სიმღერებსა და საგალობლებთან ერთად შედის ქალაქური, თანამედროვე ქართული სიმღერებიც, რომლებიც იმდენად არის პოპულარული, რომ ძნელია მათი ახლებურად შესრულება, თუმცა ანსამბლს თავისი გამორჩეული ხელწერა აქვს. ამასთან, ,,ჰერიო" ისეთ სიმღერებსაც ასრულებს, რომლებიც საგანგებოდ მისთვის დაწერეს ცნობილმა ქართველმა კომპოზიტორებმა.

ახლახან ანსამბლმა ხალხური სიმღერების დისკი გამოუშვა და საგაზაფხულოდ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სოლო კონცერტისთვის ემზადება, რომელიც კონსერვატორიაში გაიმართება. თუმცა ,,ჰერიოსთვის" არც სოლო კონცერტია უცხო. 2016 წელს ქართული უნივერსიტეტის მხარდაჭერით, რუსთაველის თეატრის სცენაზე წარდგა ფართო მაყურებლის წინაშე. ეს იყო პირველი სერიოზული გამოსვლა ქართველი მაყურებლის წინაშე. შემდეგ იყო კონცერტები: ჩეხეთში, ჩინეთში, ყაზახეთში. დიდი გამოხმაურება მოჰყვა 2019 წლის 10 ნოემბერს, პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, გასვლით თამაშზე მატჩის წინა ჰიმნის შესრულებას, რომელიც ანსამბლმა შვიდკაცასთან ერთად შეასრულა. საქართველოდან ეროვნული ჰიმნი ფლორენციაში პირდაპირ რესპუბლიკის მოედნიდან „არტემიო ფრანკის“ სახელობის სტადიონზე აჟღერდა. ბიჭებმა ჩეხეთის ელჩის მიწვევით პრაღაში ყოფნისას ქართულად შეასრულეს ჩეხეთის ჰიმნი, მათ ისეთი მოწონება დაიმსახურეს, რომ შემოთავაზება მიიღეს მეფის სასახლის დაგეგმილი გახსნა სწორედ ამ ჰიმნით დაწყებულიყო.

ყველაფერი კი დაიწყო ძალიან ადრე, ბავშვობიდან, ოჯახებიდან, საიდანაც მომავალი ანსამბლის წევრებს გამოჰყვათ სიმღერის სიყვარული, რამაც მათ ერთად მოუყარა თავი და ანსამბლის ჩამოყალიბება გადააწყვეტინა. ბიჭები თავდაპირველად ანსამბლის ერთ-ერთი წევრის, გივიკო სირბილაძის ოჯახში იკრიბებოდნენ სარეპეტიციოდ. სწორედ გივიკოს ოჯახი იყო ყველაფრის საწყისი, მაგრამ ანსამბლის ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული როლი ნიკოლოზ კერვალიძემ ითამაშა, რომელმაც გივიკოს ძმის, დათუნა სირბილაძის თხოვნით ხმები შეუმოწმა ბიჭებს და მისი დიდი ხნის ოცნების, ჰყოლოდა საკუთარი ანსამბლი, განხორციელებას შეუდგა.

ნიკოლოზ კირვალიძის პირველი ნაბიჯები ამ სფეროში მალხაზ ერქვანიძის სახელს უკავშირდება, მიუხედავად იმისა, რომ, რაც თავი ახსოვს, სულ მღერის. 6 წლიდან 28-ე მუსიკალურ სკოლაში დაიწყო სიარული, ბედმა გაუღიმა და ბატონ მალხაზთან მოვხვდა, სადაც ბავშვთა გალობის პირველ გუნდში გალობდა. ნიკოლოზი თვლის, რომ მალხაზ ერქვანიძის დამსახურებით მან ბევრი ისეთი რამ ისწავლა ბავშვობაში, რაც დიდობაშიც არ იცის ბევრმა. შემდეგ იყო ანსამბლი ,,მთიები“ და შესანიშნავი ლოტბარი ედიშერ გარაყანიძე, შემდეგ ,,ფესვები“, ტექნიკური უნივერსიტეტის კაპელა და ბოლოს ,,შვიდკაცა”.

სწორედ ნიკოლოზის მრავალწლიანი გამოცდილება გახდა ბიჭების წარმატებისა და წინსვლის საფუძველი. თავდაპირველად ის დაეხმარა მათ სხვადასხვა კონცერტებში მიეღოთ მონაწილეობა. განსაკუთრებით გაუმართლა ანსამბლს, როდესაც ქართულმა უნივერსიტეტმა ნდობა და მხარდაჭერა გამოუცხა და ჯგუფის წევრებს უნივერსიტეტის დარბაზი დაუთმო სარეპეტიციოდ. 2013 წლიდან ბოდბელი ეპისკოპოსის, ქართულ უნივერსიტეტში მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, ილია II-ის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, მეუფე იაკობის ლოცვა-კურთხევით ანსამბლი “ჰერიო” ოფიციალურად გახდა ქართული უნივერსიტეტის ანსამბლი.

ასე მოხვდა ,,ჰერიო" იმ დიდ ოჯახში, რომელსაც ქართული სიმღერა ჰქვია. თვით ანსამბლიც მისი წევრებისთვის ერთ დიდ ოჯახად იქცა. დროთა განმავლობაში თანდათან იცვლებოდა ჯგუფის შემადგენლობა, ზოგი მიდიოდა, ზოგი მოდიოდა. დღეს ანსამბლ ,,ჰერიოს" შემადგენლობაში 10 წევრია: დავით ჩხაიძე, ავთო ლურსმანაშვილი, ზუკა ბახტაძე-ბალანჩივაძე, თორნიკე მაისურაძე, ბაქარ ლუტიძე, შოთა ავალიანი, გივიკო სირბილაძე, ზუკა გიორგაძე, ლუკა წიკლაური, ლაშა ლუტიძე.

მათ ერთმანეთთან მეგობრობის გარდა ნათელმირონობა, მეჯვარეობა აკავშირებთ და თვლიან, რომ ერთ ოჯახად არიან შეკრული. უნდა აღინიშნოს, რომ არცერთი მათგანი არ არის პროფესიით მუსიკოსი, მათ უმრავლესობას ტექნიკური განათლება აქვს და პროფესიით მუშაობს, სამსახურის შემდეგ კი იკრიბებიან სარეპეტიციოდ და როგორც თავად ამბობენ, თავიანთ ტკივილს, სიხარულს, ემოციებს აქსოვენ სიმღერაში და სიმღერით უმკლავდებიან ცხოვრებისეულ პრობლემებსა და გამოწვევებს, ემსახურებიან საყვარელ საქმეს საყვარელ ადამიანებთან ერთად.

ვულოცავთ მათ 10 წლის იუბილეს და კიდევ მრავალ წარმატებას ვუსურვებთ.

მოამზადა ნინო აბრამიშვილმა
ფოტოს ავტორი: ნუგზარ შონია