“ქართული უნივერსიტეტის სტიპენდიანტები”

წარმოგიდგენთ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის სამართლის მიმართულების სტიპენდიანტს, მარიამ ქაშიაშვილს, რომელიც სკოლიდანვე წარმატებული - ოქროს მედალოსანი, სახელმწიფო და შიდა საუნივერსიტეტო გრანტის მფლობელია.

- მარიამ მოგესალმები.
- მოგესალმებით.

- სტიპენდიანტობა ცხოვრების ახალი ეტაპი არ არის, მაგრამ შედეგის დადგომას ნამდვილად ნიშნავს. როგორ მოხვედი აქამდე, ამ გადასახედიდან როგორ აფასებ უნივერსიტეტამდელ ცხოვრებას?
- უნივერსიტეტში მოსვლამდე ყველაზე მნიშვნელოვანი - ბავშვობის პერიოდი, ჩემთვის, ისევე, როგორც, ალბათ, ყოველი ადამიანისთვის, თბილი და ღიმილით მოსაგონებელია. იგი განუმეორებელია თავისი სიწრფელით, ბავშვური გულუბრყვილობითა და სიმართლით. ,,ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ“- ტყუილად კი არ ამბობდა სენტ-ეგზიუპერი. ბავშვობა გვასწავლის სილაღეს, ოცნებას, გვასხამს ფრთებს. რაც შემეხება მე, განვეკუთვნები იმ ადამიანთა რიცხვს, რომელთაც ცხოვრება მალე ზრდის და სხვა ცოდნას აძლევს. ბავშვობაში მიღებულმა ტკივილმა მე გამაძლიერა და განსაკუთრებული შემართება მომცა ცხოვრებისთვის. სკოლის წარჩინებით, ოქროს მედალზე დამთავრებამ ასევე დიდი სტიმული მომცა. შემდეგ იყო ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარება და უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული "გრანტს+გრანტი"-ს პროგრამა, რომელიც ჩემ მიერ აღებულ სახელმწიფო გრანტს უმატებს უნივერსიტეტის შიდა გრანტს, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობელი ვარ.

- როგორ მიიღე ქართულ უნივერსიტეტში ჩაბარების გადაწყვეტილება?
- ქართული უნივერსიტეტის შესახებ გავიგე ჩემი ქართულის პედაგოგისგან, შემდეგ პირადადაც ვეწვიე უნივერსიტეტს, მივიღე ამომწურავი ინფორმაცია სწავლების მეთოდებზე, ლექტორების პროფესიონალიზმზე და გადავწყვიტე აქ ჩაბარება. იმედები ნამდვილად არ გამცრუებია, ეს ის უმაღლესი სასწავლებელია, სადაც ლექტორები დაუზარებლად, დიდი ენერგიით ცდილობენ მოგვცენ მაქსიმალური ცოდნა, ადგილი, სადაც შენი შრომა აუცილებლად ფასდება. პროფესიის არჩევისას ბევრი არ მიფიქრია, ერთადერთი, სადაც ჩემი თავი წარმომედგინა, ეს იურისპრუდენცია იყო.

- და ახლა, როცა სწავლობ იურისპრუდენციას, რა არის შენთვის მნიშვნელოვანი ამ ფაკულტეტზე, თუ ხარ ჩართული სტუდენტურ აქტივობებში?
- ჩვენ ხშირად ვატარებთ იმიტირებულ სასამართლო პროცესებს, რომლებიც ძალიან გვეხმარება პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში. ასევე უნივერსიტეტში ტარდება სხვადასხვა სახის ტრენინგები საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების წესზე, ხელშეკრულების შედგენასა თუ სხვა საკითხებში, რაც ძალიან ბევრის მომცემია პირადად ჩემთვის.

- სტიპენდიანტობა არის ის დიდი პასუხისმგებლობა...
- როცა ფაკულტეტზე გამოგარჩევენ, თანაც უკვე მეორედ და სხვას კი არა, მაინცდამაინც შენ მოგანიჭებენ რაიმე ჯილდოს, ფულადი იქნება ეს თუ სხვა სახის. ცხადია, საამაყოც არის და დასაფასებელიც. მე ვგრძნობ, რომ ფაკულტეტი ხედავს ჩემს მონდომებას და მომავალი პროფესიის დაუფლებისკენ სწრაფვის სურვილს შესაბამისად აფასებს კიდეც, ეს დამატებითი მოტივაციაა სტუდენტისთვის.

- არ გამიკვირდება, თუ მეტყვი, რომ დროის ამ საყოველთაო დეფიციტის ფონზე მაინც ყველაფერს ასწრებ, რადგან ის, ვინც სწავლაშია წარჩინებული, ყოველთვის ახერხებს დროის სწორ გადანაწილებას...
- მართლაც ასეა, მიუხედავად იმისა, რომ სასწავლო მასალა ნამდვილად დიდია და ბევრ შრომას მოითხოვს, ყოველთვის ვცდილობ დრო სწორად გადავანაწილო, რაც ძალიან მეხმარება ყველაფრის მოსწრებაში. რისთვის მრჩება დრო? მრჩება დრო ფილმის საყურებლად, სასეირნოდ, ლიტერატურის წასაკითხად... მთავარია, სწორად განსაზღვრო პრიორიტეტები და დროც ამის მიხედვით გაანაწილო.

- უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, რომელიც მდიდარია არა მხოლოდ სასწავლო, არამედ მხატვრული ლიტერატურითაც, რამდენად გეხმარება?
- ბიბლიოთეკას ხშირად მივმართავ, როგორც სამეცადინოდ, ასევე ჩემთვის სასურველი ინფორმაციის მოსაძიებლად. ჩვენი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა გამორჩეულია თემატური მრავალფეროვნებით ნებისმიერ დარგში, მათ შორის, სამართალშიც, არის როგორც ქართული, ასევე უცხოენოვანი მსოფლიო დონის ლიტერატურა.

- რას ურჩევ იმ ახალგაზრდებს, რომელთაც სურთ იყონ წარმატებული, რეალიზებული ადამიანები?
- იმ სტუდენტებს, რომლებიც მოწადინებულნი არიან მაქსიმალურ წარმატებებს მიაღწიონ ცხოვრებაში, ვურჩევ აქცენტი გააკეთონ სწავლაზე. ვუსურვებ, რომ მალე მათაც გაეზიარებინოთ ის სიხარული, რასაც სტიპენდიანტობა ჰქვია. დარწმუნებული ვარ, თუ ბევრს იშრომებენ, ასეც მოხდება, რადგან შრომა ყოველთვის ფასდება. ასევე ვურჩევ, რომ იკითხონ, რაც შეიძლება მეტი, რადგან დღევანდელ კონკურენტუნარიან გარემოში ერთადერთი რაც გამოგარჩევს, სწორედ განათლებაა.

- დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებ.
- გმადლობთ.

მოამზადა ნინო აბრამიშვილმა
ფოტოს ავტორი: ნუგზარ შონია