კომპიუტერული მეცნიერების საგანმანათლებლო კვირეული

9-15 დეკემბერი კომპიუტერული მეცნიერების საგანმანათლებლო კვირეულია, რომელიც მსოფლიო მასშტაბით 2014 წლიდან აღინიშნება და მიზნად ისახავს კომპიუტერული მეცნიერების პოპულარიზაციას, ახალგაზრდების დაინტერესებას პროგრამირებით და თანამედროვე ტექნოლოგიებით. 

კვირეული ეძღვნება კომპიუტერული მეცნიერების პიონერის - ადმირალ გრეის ჰოპერის დაბადების დღეს. გრეის მიურეი ჰოპერი იყო  ამერიკელი გამომგონებელი, მეცნიერი და საზღვაო ფლოტის ადმირალი,  ამავე დროს  ერთ-ერთი პირველი პროგრამისტი, რომელმაც შექმნა კომპიუტერული პროგრამირების ენის პირველი კომპილატორი. გრეის ჰოპერმა, კარიერის მანძილზე, საკუთარი გამოგონებებისთვის უამრავი ჯილდო დაიმსახურა, მათ შორის ტექნოლოგიების ეროვნული მედალი. 2019 წლის კვირეულის დევიზია: "ისწავლე კომპიუტერული მეცნიერება. შეცვალე სამყარო!" (Learn computer science. Change the world!)

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე და  წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი წელს მეორედ შეუერთდნენ კომპიუტერული მეცნიერების საგანმანათლებლო კვირეულს, რომლის ფარგლებში კომპიუტერული მეცნიერების წამყვანმა სპეციალისტებმა წაიკითხეს სამეცნიერო-პოპულარული ლექციები: კომპიუტერული 3D გრაფიკა (კახაბერ რევაზიშვილი, ქართული უნივერსიტეტის IT სამსახურის უფროსი), ხელოვნური ინტელექტი (პაატა გოგიშვილი, ქართული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი), ჩვენი სამყარო და ციფრული წარმოდგენები სამყაროს შესახებ (გიორგი ჯავახიშვილი, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის პლანეტარიუმის კონსულტანტი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი). ასევე ჩატარდა კოდირების საათისა და რობოტიკის პრაქტიკული გაკვეთილები (კობა გელაშვილი, ქართული უნივერსიტეტის პროფესორი, ნანა ნოზაძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი და მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურს „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებული მოსწავლეები, ქეთი კახნიაშვილი, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ამერიკული კუთხის STEM-კლუბის ხელმძღვანელი).  

ღონისძიებებს ესწრებოდნენ თბილისისა და სხვადასხვა რეგიონების სკოლის მოსწავლეები. 

იხილეთ ფოტოალბომი ფეისბუქზე