პროფ. სერგო ვარდოსანიძის ვიდეო ლექციები

ლექციის თემა: "საქართველოს ისტორიის შესავალი“. ლექციაში საუბარია ზოგადად ისტორიის როგორც სასწავლო დისციპლინის მნიშვნელობაზე და კონკრეტულად საქართველოს ისტორიის როლზე. თანამედროვე გლობალიზაციის ეპოქაში მცირერიცხოვანი ერები, მათი ტრადიციები, ღირებულებები სერიოზული საფრთხის წინაშე დგას. საქართველოს ისტორია ქართული ეროვნული ცნობიერებისა და ქართველობისათვის განსაკუთრებულია, რომლის მეშვეობით წარსულს, აწმყოსა და მომავალს შორის მუდმივი კავშირია. 

ლექციის თემა: "საქართველოს ეკლესიის ისტორიის შესავალი". საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალური სამოციქულო ეკლესიის ისტორიის შესწავლაში საუბარია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიის წყაროებზე, ისტორიოგრაფიაზე. სამწუხაროდ ჟამთა ვითარების გამო ბევრი უნიკალური საეკლესიო დოკუმენტი, ქრონიკები განადგურდა, როგორც შუა საუკუნეებში, ასევე XIX-XX საუკუნეებში, მაგრამ ის, რაც გადარჩა ფასდაუდებელი მნიშვნელობისაა, რომელიც მკვლევარებს საშუალებას აძლევს აღადგინონ ჩვენი დედა ეკლესიის ისტორიის საინტერესო ფურცლები. ისტორიოგრაფიული თვალსაზრისით XIX საუკუნის II ნახევრიდან არაერთი საინტერესო ნაშრომი შეიქმნა საქართველოს ეკლესიის ისტორიაზე, ავტორები განსაკუთრებით ყურადღებას ამახვილებდნენ რუსეთის საიმპერატორო ხელისუფლების იმ გადაწყვეტილების უკანონობაზე, რომლითაც 1811 წელს გაუქმდა პატრიარქობა და დაწესდა საეგზარქოსო მმართველობა. XX საუკუნის 20-80-იან წლებში საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე დაწერილი ნაშრომები ათეისტური ხელისუფლების შეკვეთით იქმნებოდა. ვითარება შეიცვალა XX საუკუნის 90-იანი წლებიდან, როდესაც მკვლევარებს საშუალება მიეცათ საქართველოს ეკლესიის ისტორიაზე დაეწერათ სიმართლე.

ლექციის თემა: ”საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა”. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიის ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული პერიოდია 1811-1917 წლები. ამ დროს რუსეთის საერო და სასულიერო ხელისუფლების მიერ გაუქმებული იყო ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალია. ეკლესიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქების ნაცვლად ხელმძღვანელობდნენ რუსეთის სინოდს დაქვემდებარებული ეგზარქოსები, რომლებიც გამოხატავდნენ რა რუსეთის იმპერიულ ინტერესებს დევნიდნენ ქართულ საღვთისმსახურო ენას, ქართულ გალობას და ცდილობდნენ მოსახლეობის გარუსებას. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის ბრძოლა XIX საუკუნის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის განუყოფელი ნაწილი იყო, რომელიც XX საუკუნის დასაწყისში წარმატებით დაგვირგვინდა, 1917 წლის 12 (25) მარტს მცხეთაში შეკრებილმა ქართველმა სამღვდელოებამ საზეიმოდ გამოაცხადა ავტოკეფალიის აღდგენა... 1917 წლის 8-17 სექტემბერს თბილისში გამართულმა საეკლესიო კრებამ დაამტკიცა საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება, განსაზღვრა ეპარქიების რაოდენობა, გამოარჩია საეპისკოპოსო კანდიდატები, 17 სექტემბერს აირჩია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. „არ ვართ მონა, არამედ აზნაურ“ - ამ სიტყვებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა კირიონ II-მ საქართველოს.