SANGU-ს წარმატებული სტუდენტები

რუბრიკაში SANGU-ს წარმატებული სტუდენტები ძალიან საინტერესო და ყველაზე არაორდინალურ გოგონას, მარიამ მიხელიძეს გაგაცნობთ, რომელსაც გარდა სწავლისა უამრავი გატაცება აქვს და რომლისთვისაც არ არსებობს დაბრკოლება, რომელიც გადაულახავია.
მარიამი SANGU-ს ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ფსიქოლოგიის მიმართულების კურსდამთავრებული და ახლა უკვე ფსიქოდიაგნოსტიკისა და კონდულტირების მაგისტრატურის სტუდენტია.

მოგესალმები მარიამ.
მოგესალმებით.

რატომ აირჩიე პროფესიად ფსიქოლოგია?
ჩემი პროფესიის ქართველი ვარსკვლავების - თეა გოგოტიშვილის და დიმიტრი ნადირაშვილის გამო, თუმცა, ბაკალავრიატზე სწავლისას აღმოვაჩინე, რომ კიდევ ძალიან ბევრი საინტერესო და ღირსეული პიროვნება მოღვაწეობს ამ სფეროში ჩვენს უნივერსიტეტში, ჩემთვის დიდი პატივი იყო მათთან საუბარი, თანამშრომლობა.

გარდა ამისა, ალბათ, არანაკლებ სიამოვნებას და სიხარულს განიჭებდა ის აქტივობები,  რომლებშიც სტუდენტობის წლებში იყავი ჩართული.
დიახ, წილად მხვდა ბედნიერება, სანგუში მოწვეული თორნიკე სხიერელის მოსწავლე ვყოფილიყავი ორი წელი და მასთან ერთად მემღერა ჩვენი უნივერსიტეტის ანსამბლში. პარალელურად, ტანგოს ვცეკვავდი. ორჯერ გავუკეთე ორგანიზება ტანგოს გაცნობით საღამოს SANGU-ში ქართველი და არგენტინელი მოცეკვავეების მონაწილეობით.

ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ შენს შემდგომ განათლებაზე ზრუნვა ისევ ქართულ უნივერსიტეტს ანდე.  ახლა, როცა დისტანციურად აგრძელებ  სწავლას მაგისტრატურაში, როგორია  ვირტუალური SANGU?
სწავლის ვირტუალური პროცესი დროის მენეჯმენტს მიადვილებს, სამსახურიდან ლექციაზე დროულად დასწრება ბევრად უფრო მარტივი გახდა, - უკვე მეორე სემესტრია, ამ მოდელს ვიყენებთ, დასაწყისში ცოტა მერთულა და მეუცნაურა, მაგრამ შემოქმედებითი ადაპტაცია ამ სიტუაციაშიც დამეხმარა.

პირველივე კურსიდან სანგუში ველოსიპედით გამოჩნდი, ალბათ არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ გამორჩეული და ყველაზე საყვარელი ადგილი შენთვის კავკასიის ველო ქსელია, რომელიც  გასულ წელს  მეგობრებთან ერთად  დააფუძნე.
კავკასიის ველო ქსელს ვეძახი ჩემს შვილს და ყველა ნაბიჯს, ღონისძიებას, აქტივობას, - რომელთაც ვახორციელებთ, ვაკეთებთ მთელი გულით და ძალიან ყურადღებით. მე და ჩემი მეგობრები წლებია გადავადგილდებით ველოთი ქალაქში, ასევე, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. არსებობს ბევრი პრობლემა და დაბრკოლება, რომლებიც გვაერთიანებს და ამ საკითხების გადასაჭრელი ჩვენეული ფორმა მოვიფიქრეთ - ჩვენს რეგიონში ველოკულტურის განვითარების და პოპულარიზებისთვის შევქმენით "კავკასიის ველო ქსელი" საზოგადოება, რომელიც დღითიდღე იზრდება. ვავრცელებთ იმ ძირითად ინფორმაციას, რომელიც ველოთი უსაფრთხოდ გადაადგილებისთვისაა საჭირო. ვატარებთ არაკომერციულ ველო ტურებს და საინფორმაციო შეხვედრებს.

როგორც ვიცი, შენმა  პროექტმა იდეების კონკურსში გაიმარჯვა და დაფინანსდა.
დიახ, ასეა, დაგვაფინანსეს და ვემზადებით ველო შეჯიბრისთვის, რომელიც 1 ნოემბერს გაიმართება, ეს იქნება პირველი ველო შეჯიბრება „კავკასიის ველო ქსელისთვის“.

გარდა ამ საქმიანობისა მუშაობ საბავშვო ბაღში.
ბაღში ადრეული განათლების სპეციალიზაციით ვარ - ჩემს პროფესიასთან ყველაზე ახლოსაა, სადაც კი ოდესმე მიმუშავია, ჩემს სამსახურებს ძირითადად, ბავშვები აერთიანებდნენ. პანდემიით გამოწვეული კარანტინის დროს გლოვოში დავიწყე მუშაობა, რადგან იძულებული გავხდი, რამე გამოსავალი მომეძებნა იმ პირობებში, როცა ყველაფერი დაიკეტა, მათ შორის ბაღიც. ველოთი კურიერობა ჩემთვის მაინცდამაინც გამოწვევა არ ყოფილა - ველოზე ცხოვრება შემიძლია, ძირითად პრობლემას ჩანთის სიმძიმე და საზოგადოების უკონტროლო ინტერესი წარმოადგენს, რომელსაც გოგო კურიერის დანახვისას იჩენენ და საკმაოდ შემაწუხებელია.

რა გეგმები გაქვს სწავლის დასრულების შემდეგ?
ვგეგმავ ველოთი მოგზაურობას ისეთ ადგილებში, სადაც ტანგოს ცეკვაც იქნება შესაძლებელი. მოგზაურობის შემდეგ კი ვაპირებ ფსიქოლოგიურ კვლევით ცენტრში მუშაობას, თუ  უკვე არსებულში  ვერ ჩავერთვები,  რამე "ახლის" შექმნაზე ვიზრუნებ.

საუბრის დასასრულს გამიჩნდა შეგრძნება, რომ ძალიან უშიშარი და მიზანდასახული გოგო ხარ,  ყველა სიტუაციიდან პოულობ გამოსავალს და ნებისმიერი წვრილმანი გაბედნიერებს...
მთავარია არ შეგვაშინოს არსებულმა პრობლემებმა. იმ გარემოს, იმ ადამიანებს, რაც და ვინც არიან ჩვენ გარშემო, განსაკუთრებულად გავუფრთხილდეთ, ნებისმიერი წინააღმდეგობის შეხვედრისას  გვჯეროდეს, რომ უკეთესი გამოსავალი არსებობს და არასდროს შევწყვიტოთ ამ უკეთესის ძიება ჩვენს თავში და ჩვენ გარშემო.

დიდი მადლობა მარიამ, წარმატებებს გისურვებ.
გმადლობთ.


მოამზადა ნინო აბრამიშვილმა