თათა ქუტიძე

tata-kutidze

როგორც ყოველთვის ბევრი მაქვს სათქმელი, მაგრამ მიჭირს დაწყება. მგონია ვერასდროს დავასრულებ. მერე ასოები ფურცლებიდან ნელ-ნელა, რიგრიგობით გადმოცვივდებიან, გაცოცხლდებიან და არასდროს მომასვენებენ.  ასოები, რომლებიც დროს ინახავენ... მემატიანე ასოები...

ჩემი ცხოვრება? ჩემი ცხოვრება დღითიდღე იმაზე საინტერესო და მრავალფეროვანი ხდება, ვიდრე წარმოვიდგენ ხოლმე, ანდა მქონდა გეგმაში... ყოველ დღე ვეზიარები სტუდენტობის ციებ-ცხელებას და რაც უფრო წინ მივიწევ, კიდევ წინ მინდა ყოფნა... ყოველი წუთი, ყოველი წამი აზარტია, და შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა დაკარგო.

როგორ მოვედი და რა გრძნობები მაკავშირებდა სტუდენტობის და ზოგადად უნივერსიტეტის მიმართ, იმდენჯერ შევიმჩნიე, იმდენჯერ დავწერე და ვაღიარე, ახლა მიჭირს რაიმე ახლის თქმა... ბოლო პერიოდში ყველაფერი ამოტრიალდა და თავიდან დაიწყო ისევ... ახალი შეგრძნებებით, ახალი იდეებით, ემოციებით, შემართებით, და მთავარი... შეგრძნებით იმისა, რომ ხანდახან გეძლევა შანსი საკუთარ თავთან ერთად გარშემომყოფებზე იფიქრო... მერე ხვდები, რომ ყველაფერი ერთად მოქმედებს შენზე, ნელ-ნელა ყალიბდები, ნელ-ნელა ეჩვევი პასუხისმგებლობას, ვალდებულებებს, ეს სუბორდინაციის ამბებიც მხიბლავს ხანდახან და ეს ტონუსიც, კრიტიკულ მომენტებში...

სტუდენტობა საკუთარი თავის აღმოჩენაა, პირისპირ შეხვედრა მასთან და პირობა იმისა, რომ შეძლებ...! რომ იშრომებ საკუთარი მიზნისთვის და არასდროს უღალატებ პრინციპებს. ეს ის ოთხი წელიწადია, ყველაზე მაღლა რომ ააგდებ ქუდს და სანამ უკან დაგიბრუნდება, თვალებგაბრწყინებულს და გულაჩქარებულს რომ გადაგირბენს ერთბაშად.

დღეს უნივერსიტეტში ყოფნის მეორე წელს ვითვლი, ეს იყო პერიოდი, რომელიც მთელი სულით და სხეულით ვიგრძენი, გადაფასება და  შემოტრიალება სრულიად სხვა რაკურსით... შეგრძნება იმისა, რომ შენი დრო უაზროდ არ გადის და სინანული იმ წლებისა, სხვათაშორის რომ გაატარე, თითქოს არც ყოფილა...

მინდა გამოგიტყდეთ, ბოლო ხანებია დროზე დამჩემდა ფიქრი, რომელიც ეხლა დავაფასე, და ყველაფერს, რასაც ამ თუ პირად დღიურში ვწერ, გონებაში წითელ ზოლად გასდევს იმის შეგრძნება, რომ დრო ცოტაა და ვეღარ ვასწრებ რაღაცეების თქმას... სწორედ მის მნიშვნელობას მინდა ვხედავდეთ სტუდენტობის პერიოდში, თორემ რამდენიმეჯერ ამოვა მზე, და რა გზასაც უნდა დაადგე, რასაც უნდა მიაღწიო, ასეთი წოდება აღარ გექნება... და ვერ დაბრუნდები, კიბის იმ საფეხურზე, დიდი ხნის წინ რომ უნდა აგერბინა.

სტუდენტურ დღიურში ალბათ ვისაუბრებდი სილამაზეზე, მზეზე, რომელიც უნივერსიტეტის ფანჯრებიდან ამოდის, ურთიერთობებზე, ადამიანებზე, რომლებიც ბოლომდე რჩებიან ჩემს მეხსიერებაში, ამ ყველაფერს ბედნიერების სუნი აქვთ, რომელიც იწყება და აღარ მთავრდება, მთავარია არ ჩამორჩე, არაფერი შეგეშალოს, დააფასო და გაითავისო...

სტუდენტობა გზაა, რომელზეც ამაყად მიაბიჯებ და ცდილობ ბოლომდე დაიხარჯო, თავი იპოვო ამხელა აურზაურში... ცოცხალი ორგანიზმია და ყოველდღე წყლის დასხმას ითხოვს, გაფურჩქვნისთვის, გალამაზებისთვის...