მენიუ

პროექტის მესამე (დასკვნითი) პერიოდი

2022 წლის 16-26 ივლისს, თურქეთის რესპუბლიკის ბურსისა და დუზჯეს ილებში შედგა ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ქართველოლოგიის ცენტრის სამეცნიერო-კვლევითი ექსპედიცია, რომელიც დაიგეგმა და განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „ქართველურ-თურქულ სამეტყველო კოდთა შერევის კანონზომიერებები ქართველურენოვანი მუჰაჯირების შთამომავალთა მეტყველების მიხედვით“ (შიფრი: FR-18-14869; ხელმძღვანელი 2021 წლამდე - პროფ. ტარიელ ფუტკარაძე, 2021 წლიდან - პროფ. მანანა ტაბიძე; კოორდინატორი: ფილ. დოქტ. მიხეილ ლაბაძე, ძირითადი პერსონალი: ფილ. დოქტ. სოფიო კეკუა, ფილ. დოქტ. კესო გეჯუა, დოც.-დოქ. მაკა სალია-ბეშიროღლუ, დოც.-დოქ. ფევზი ჩელები) მესამე კვლევითი პერიოდის ფარგლებში.

სამეცნიერო-კვლევითი ექსპედიციის მიმდინარეობისას, მკვლევარებმა იმუშავეს ბურსას ილის ინეგოლის ილჩეს ქართულ სოფლებში: ჰასანფაშა, თუფექჩიყონაღი, სულჰიე, ბაჰჩექჲოი, ჰილმიე, ფაზარალანი/საადეთი, მურათბეჲ, ჰაირიე, გჲულბაჰჩე, ფევზიე... ასევე - უშუალოდ ქ. ინეგოლშიც. შემდეგ გადაინაცვლეს ბურსას ილისავე ბურსას ილჩეს სოფლებში: საიფიე, ალაჩამი, ბურჰანიე, ოსმანიე, გჲოზედე, გემლიქი, ორჰანიე, ოდუნლუქი... იმუშავეს აგრეთვე უშუალოდ ქ. ბურსაშიც. ექსპედიციის ბოლო 3 დღე დაეთმო დუზჯეს ილის ილჩეების ქართულ სოფლებს (ჰაჯი-იაქუფი, ჰამამუსტი, მელენიპირი, ქარასუ, აზიზიე, დემირაჩმა, გურჯუ ჩიფთლიქი, დოქუზქჲოი და ა.შ.) და ქ. დუზჯეს, სადაც ჩაწერილ იქნა ახალი ტექსტები, მთქმელებთან შეჯერდა და შემოწმდა 2021 წელს, დისტანციურ რეჟიმში ჩაწერილი საკვლევი მასალა.
გარდა ეთნიკური ქართველებისა (აჭარლებისა, ქობულეთლებისა, ლივანელებისა, ლაზებისა...) ექსპედიციის წევრებმა მოინახულეს მათივე მეზობლად მოსახლე აფხაზ, ჩერქეზ, ბოსნიელ თუ ბულგარელ მუჰაჯირთა შთამომავლებიც, გაეცნენ მათ ენობრივ ვითარებას, ყოფა-ცხოვრებასა და კულტურას. ასევე, განხორციელდა საქმიანი ვიზიტები ქ. ინეგოლისა და ქ. დუზჯეს ქართულ სათვისტომოებში, ქ. საქარიის ქართველთა (გურჯთა და ლაზთა) კულტურულ გაერთიანებაში და დუზჯეს უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრაზე.

სამეცნიერო-კვლევითი ექსპედიციის მიმდინარეობისას მოპოვებული მასალა (დაახლოებით 35 საათის მოცულობის ვიდეო- და აუდიოფაილები) სათანადოდ დამუშავდება, გაიშიფრება (იქცევა ბეჭდურ ტექსტებად) და შევა სამეცნიერო მიმოქცევაში. პროექტის დასრულებისას, დაიწერება შემაჯამებელი მონოგრაფია „ქართველურ-თურქულ სამეტყველო კოდთა შერევის კანონზომიერებები ქართველურენოვანი მუჰაჯირების შთამომავალთა მეტყველების მიხედვით“, რომელშიც ვრცლად იქნება განხილული და გაანალიზებული საკვლევი თემა. აღსანიშნავია, რომ ქართველურ-თურქულ სამეტყველო კოდთა შერევის კანონზომიერებანი აქამდე არათუ ქართულ, არამედ - თურქულ და უცხოურ ენათმეცნიერებაშიც არავის უკვლევია. არადა, როგორც ცნობილია, სამეტყველო კოდთა შერევა თანამედროვე ენათმეცნიერების ერთ-ერთი აქტუალური თემაა. შესაბამისად, პროექტის მონაწილეთა შემაჯამებელი მონოგრაფია მნიშვნელოვანი იქნება როგორც ქართველოლოგიისა და თურქოლოგიისთვის, ისე - ზოგადი ენათმეცნიერებისათვის. ეს იქნება ინტერდისციპლინარული ნაშრომი.
16-26 ივლისის სამეცნიერო-კვლევითი ექსპედიციის წევრები მადლობას ვუხდით შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდს, ქართულ უნივერსიტეტს, აგრეთვე -ყველა იმ ადამიანს, რომელმაც საველე მუშაობაში რაიმე ფორმით ხელი შეგვიწყო. მათ შორის გამოვყოფდით დუზჯეს უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის დოცენტ-დოქტორს, ქ-ნ შორენა ლომაიას, ქ. ინეგოლის ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელს - ბ-ნ მენნან ფორთოქალს (ფუტკარაძეს), ბურსის ილის ქართულ სათვისტომოთა გაერთიანების ხელმძღვანელს - ბ-ნ ომერ ფარუქ დემირთაშს (მიქელაძეს), ცნობილ კულტურის მოღვაწეს - ბ-ნ მეჰმედ-ნური თაიარს (მამია დუმბაძეს), ინეგოლის ილჩეს სოფ. ჰასანფაშას მკვიდრს - ქ-ნ შუქრიე ქუშს (ბეჟანიძეს), ქ. საქარიის ქართველთა (გურჯთა და ლაზთა) კულტურულ გაერთიანების ხელმძღვანელებს - ბ-ნ მუსტაფა ქოლათს (კოლატაშვილს), ბ-ნ ერდოღან შენოლს (ერეკლე დავითაძეს), დუზჯეს უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის სრულ პროფესორს - ბ-ნ ალი ერთუღრულსა და სხვებს, რომლებთანაც ექსპედიციის 10 დღის განმავლობაში ვიმუშავეთ და დავმეგობრდით.

ბურსას ილის ინეგოლის ილჩეში მოსახლე ქართველთა მეტყველების ნიმუშები:

ბურსა-ინეგოლის ქართველთა მეტყველების ტექსტური ვერსიები

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა