ინტერვიუ ნუცა გრიგალაშვითან

თავისთავად განუმეორებელი და საინტერესოა თითოეული სტუდენტის შეხედულებები და მოსაზრებები, მათი პირადი ცხოვრება, აზროვნება, საგნებისა და მოვლენებისადმი დამოკიდებულება, მსოფლმხედველობა, მაგრამ ყოველივე ეს განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, როდესაც რამდენიმეგზის სტიპენდიანტი გვაცნობს თავის გეგმებსა და მიზნებს და გვახედებს თავის სამყაროში. 
- ნუცა მოგესალმები.
- მოგესალმებით.
- პირველი კურსიდან სტიპენდიანტი ხარ, მეტად მნიშვნელოვანი სახელობის სტიპენდიების მფლობელი იყავი, ალბათ, ძალიან ამაყი ხარ ამით?
- პირველ რიგში, მოკრძალებულ მადლიერებას გამოვხატავ დაინტერესებისა და მხარდაჭერისთვის. არასდროს ვყოფილვარ საკუთარი თავით კმაყოფილი და თითქოს ვაუფასურებდი ჩემს მიღწევებს. თუმცა ახლა, როდესაც უკვე ბაკალავრიატის დასასრულს მივუახლოვდი, მალე აღარ ვიქნები სტუდენტი და აღარც სტიპენდიანტი, ვგრძნობ, რომ ეს მდგომარეობა ძალიან, ძალიან დიდი მოტივატორი და ბევრი ენერგიის მომცემი იყო ჩემთვის. თითქოს, ჩემს ყოველდღიურობას პოზიტივს მატებდა. როგორც ჰილი იტყოდა: „ყველაფერი მიღწევადია, რაც კი ჩვენს გონებას შეუძლია წარმოიდგინოს“, მეც ამის მჯერა და ყოველ დილით საკუთარ თავს ვთხოვ იმოქმედოს, აღმოაჩინოს და იოცნებოს. გარდა სიამაყისა და სიხარულისა, სტიპენდიანტობა ჩემთვის არის პასუხიმგებლობა.
- პირველად მოხდა, რომ სტუდენტი ორჯერ გახდა ფონდ „იავნანას“ სახელობის სტიპენდიანტი, რაზე იყო დამოკიდებული და რატომ დაუშვეს ეს პრეცედენტი?
- დიახ, უკვე მეორედ ვარ ფონდ „იავნანას“ სახელობის სტიპენდიანტი, პირველად პირველი კურსის მეორე სემესტრის მაღალი აკადემიური მოსწრების გამო დამინიშნეს. ეს დამოკიდებულია იმაზე, რომ უნივერსიტეტის მაშტაბით ყველა სტუდენტს შორის უნდა გქონდეს უმაღლესი შეფასება. ამჯერად ჩემი საშუალო ქულა 100-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა საგანი 100 ქულაზე დავხურე და, შესაბამისად, კვლავ მერგო ეს ჯილდო.
- უკვე ოთხი წელია ფსიქოლოგის პროფესიას ეუფლები, როგორ შეაფასებ  განვლილ პერიოდს. პროფესიულად, ალბათ, ძალიან გაიზარდე...
- სხვადასხვა ასაკში განსხვავებული პროფესიები მიზიდავდა და ვცდილობდი უფრო ახლოს გავცნობოდი მათ, უშუალოდ ჩართული ვყოფილიყავი ჩემს მომავალ საქმიანობაში. თუმცა, გადამწყვეტი ფაქტორი მაინც პუბერტულ პერიოდში მიღებული გამოცდილება აღმოჩნდა. საკუთარ თავს და გარემოს, ჩემს რეალობას მუდმივად ვაკვირდებოდი და როდესაც აღმოვაჩინე, რომ მე ისეთი არ ვიყავი, როგორსაც „სამყარო“ აღმიქვამდა, გადავწყვიტე მეტად გამერკვია და ღრმად შევხებოდი ამ საკითხს. დამეთანხმებით, რომ საკუთარი თავის შეცნობა უპირველესია ადამიანისთვის, რათა საკუთარი მთლიანობა გააცნობიეროს, „მე“-ში იპოვოს საყრდენი და თავად იყოს ცხოვრების დირიჟორი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ფსიქოლოგიურზე მესწავლა. განვლილი პერიოდის „გაშინაგანებას“, ვფიქრობ, კიდევ დიდი დრო დასჭირდება. ოთხი წლის განმავლობაში ფსიქოლოგიის სხვადასხვა მიმართულებით მივიღე გამოცდილება, უნივერსიტეტის ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის ლაბორატორიაში ვატარებდი კვლევებს, ასისტირებას ვუწევდი ლექტორებს, გავიარე სტაჟირება დიმიტრი უზნაძის სასწავლო-საკონსულტაციო ცენტრში და, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერმა პროფესიულადაც გამზარდა. თუმცა, მიმაჩნია, რომ მთავარი არა თეორიული ცოდნის მიღება და პროფესიული პრაქტიკაა, არამედ ამ ცოდნის პიროვნულ ზრდაში ასახვა. ვგრძნობ, რომ გავიზარდე, ვგრძნობ, რომ დავიწყე აუთენტური მე-ს გამოხატვა, ნელ-ნელა მოლოდინებისგან ვთავისუფლდები და ზრდასრულობას ვუახლოვდები. ზრდასრულობა რაში გამოიხატება? „ამაზე თავის დროზე ერთმა ინგლისელმა ფილოსოფოსმა თქვა: ზრდასრული ხარ, როცა იცი, რომ სამყაროს არ გააჩნია შენს მიმართ განზრახვები.“ (მერაბ მამარდაშვილი) ეს გათავისუფლებს და გაძლევს შანსს სრულად გამოხატო შენი შესაძლებლობები.
- ერთი წელია დასაქმებული ხარ ქართული უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების რეგულაციისა და სტუდენტთა მომსახურების სამმართველოში, შენი საქმიანობის შესახებ გვიამბე.
- სამართლიანი იქნება, თუ ჩემი თანამშრომლების მიმართ მადლიერებით დავიწყებ, მათი ხელშეწყობით ვუთავსებ სწავლას და სამსახურს ერთმანეთს.  მნიშვნელოვანია, აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ამავე განყოფილებაში შევძელი პროფესიული ზრდა და დაწინაურება. ჩემი საქმიანობა მოიცავს საჭირო ინფორმაციის მიწოდებას სტუდენტებისთვის და მათ მომსახურებას, კომუნიკაციას ლექტორებთან, სასწავლო ცხრილების დაგეგმარებას, შიდა რეგულაციების კონტროლს და უნივერსიტეტის სხვადასხვა განყოფილებებთან თანამშრომლობას.
- არასამთავრობო ორგანიზაცია „ფსიქოლოგიის სახლი“, რომელიც მეგობრებთან ერთად სულ ახლახან ჩამოაყალიბე, რა სახის საქმიანობას გეგმავს?
- “ფსიქოლოგიის სახლი“-ს დაარსება არის ჩემი და ჩემი  მეგობრების, ამასთან, ჯგუფელების და ახლა უკვე კოლეგების, ოთხწლიანი სწავლის ნაყოფი. „ფსიქოლოგიის სახლი“ ჩვენთვის ასოცირდება სიმყუდროვესთან, სიხარულთან, სიყვარულთან, სითბოსთან, თავისუფლებასთან, მიმღებლობასთან, შემოქმედებითობასთან, განათლებასთან, მრავალფეროვნებასთან, მხარდაჭერასთან, სტაბილურობასთან და საყრდენთან. გვინდა ეს მთლიანობა ყველა ახალგაზრდას მთელი ჩვენი რესურსის ჩადებით სათანადოდ გავუზიაროთ. ამ ეტაპზე ვიკვლევთ სკოლის მოსწავლეთა საჭიროებებს, ვგეგმვათ სხვადასხვა ტრენინგს ყველასთვის აქტუალურ საკითხებზე და კიდევ ბევრ სხვა ინოვაციურ პროექტს. „ფსიქოლოგიის სახლი“ ჩემთვის ყველაზე დიდი მონაპოვარია. მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველასთან, ვისაც საზოგადოების ცხოვრებაში პოზიტიური წვლილის შეტანა უნდა და რა თქმა უნდა, გვსურს და ველით ქართულ უნივერსიტეტთან კიდევ უფრო მეტ სიახლოვეს.
- რა გზავნილი გექნება თანატოლებისთვის...
- „ერთადერთი ადამიანი, ვისაც თავი უნდა შეადაროთ, ეს არის ის, ვინც იყავით ადრე და ერთადერთი ადამიანი, ვისზე უკეთესიც უნდა იყოთ, ეს არის ის, ვინც ხართ ახლა.“ (ზიგმუნდ ფროიდი) სწორედ, ეს გაგვხდის ჩვენი საქმიანობის პროცესზე ორიენტირებულებს და არა შედეგზე, რაც იმას გულისხმობს, რომ ჩვენი საქმით მივიღებთ სიამოვნებას და მივაღწევთ წარმატებას. აგრეთვე, წარმატებისთვის, როგორც დ. უზნაძე მიიჩნევს, საჭიროა „პატარა საქმეების ისეთივე სერიოზულობით კეთება, როგორც დიდი საქმეების.“ თქვენი მიზნის მისაღწევად ყოველთვის იქონიეთ ალტერნატიული საშუალება და გახსოვდეთ, რომ მცდელობა  ქმედებებს შორის, ერთადერთი სწორი გზაა.
- დიდი მადლობა ნუცა, წარმატებებს გისურვებ.
- გმადლობთ.


მოამზადა ნინო აბრამიშვილმა
ფოტოს ავტორი: ნუგზარ შონია