საქართველოს ობიქტური ისტორიის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი

ცენტრის ხელმძღვანელი: მიტროპოლიტი, პროფესორი ანანია ჯაფარიძე 
ცენტრის მკვლევარი: მარიამ თოღუზაშვილი
 

2012 წლის საშობაო ეპისტოლეში უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II ბრძანებს - "ჩვენი უძველესი ისტორიის ზოგიერთი საკვანძო საკითხი, რაც ქართველთა წარმომავლობასა და ერის ერთიანობას უკავშირდება რეალური სახით თანამედროვე საზოგადოებამ ნაკლებად იცის... ცენსურას განიცდიდა ქართული ისტორიოგრაფია... ახლა აუცილებელია შეგნებულად დაფარული წარსულის წარმოჩენა და საქართველოს ობიქტური მატიანის დაწერა უხსოვარი დროიდან დღემდე. აღნიშნულ საკითხზე ბოლო სხდომაზე (2011 წლის 20 დეკემბერს) იმსჯელა წმიდა სინოდმა და მიიღო გადაწყვეტილება" (საშობაო ეპისტოლე, 2012 წელი).

წმიდა სინოდის 2011 წლის 20 დეკემბრის დადგენილების ერთ-ერთი (2.დ.) მუხლი ასეთია: - "საბჭოთა პერიოდში ხდებოდა საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის გაყალბება. შეცდომების გამოსასწორებლად შეიქმნას ისტორიკოსთა ჯგუფი მანგლისისა და წალკის მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძის ხელმძღვანელობით" (საპატრიარქო უწყებანი, 2011 წლის დეკემბერი).

ამავე საკითხისათვის მისმა უწმიდესობამ და უნეტარესობამ გამოსცა ბრძანება #76 (1979 წ.), რომლითაც შექმნა მუდმივმოქმედი საგანგებო საპატრიარქო კომისია. ამ ბრძანებაში კერძოდ აღნიშნულია: "XIX-XX საუკუნეებში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებისა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გაუქმების პერიოდში მიზანმიმართულად ყალბდებოდა საქართველოს ისტორია და ენათმეცნიერების საფუძვლები".

ამასთან დაკავშირებით ვბრძანებ:
საქართველოს საპატრიარქოსთან შეიქმნას საქართველოს რეალური ისტორიის დამდგენი მუდმივმოქმედი კომისია მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის, მაგლისისა და წალკის მიტროპოლიტ ანანიას (ჯაფარიძის) ხელმძღვანელობით. (ბრძანება # 76, 10 ივლისი, 1979 წ.).
მისი უწმიდესობის #76 ბრძანებისა და წმიდა სინოდის 2011 წლის 20 დეკემბრის დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საკითხის გამოსაკვლევად საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში შეიქმნა საქართველოს რეალური ისტორიის დამდგენი სამეცნიერო-საკვლევი ცენტრი.

შესაბამისად ცენტრის მიზანია:

  1. საქართველოს ეკლესიის იურისდიქციის საზღვრების დადგენა IV-XVIII   სს-ში (შესაბამისად ეპარქიათა საზღვრების დადგენა);
  2. საქართველოს საეკლესიო კრებების სამართლის კვლევა;
  3. საქართველოს ეკლესიის კანონების კრებულის მომზადება;
  4. საქართველოს ეკლესიის ვითარცა ქართული კულტურის ერთ-ერთი შემოქმედის წარმოჩენა;
  5. საქართველოს ეკლესიის ვითარცა ქართველი ერის ისტორიული მაკონსოლიდირებელი ძალის წარმოჩენა;
  6. საქართველოში უცხო რელიგიების გავრცელებისა და ამის შედეგად ქართველთა დენაციონალიზაციის საკითხის კვლევა (ქართველთა გამაჰმადიანება, არმენიზაცია და სხვა);
  7. სხვა მნიშვნელოვანი საკითხების კვლევა.

საქართველოს რეალური ისტორიის დამდგენ ცენტრში დაიგეგმება, როგორც ითქვა:
საქართველოს ეკლესიის იურისდიქციის ფარგლების კვლევა. 

  • საბჭოთა ეპოქის ისტორიოგრაფიის მიხედვით IV-IX საუკუნეებში დასავლეთ საქართველო თითქოსდა არ შედიოდა ზოგადქართული (მცხეთის) იურისდიქციის სფეროში, მაშინ, როცა რუის-ურბნისის საეკლესიო კრების “ძეგლისწერისა” და “ქართლის ცხოვრების” მიხედვით წმ. ანდრიას და წმ. ნინოს ეპოქიდანვე ეს მიწა-წყალი ეჭვმიუტანლად მოიაზრებოდა ქართული კულტურის ეკლესიისა და სახელმწიფოებრივი გავლენის სფეროდ. საჭიროა ამ საკითხის კვლევა.
  • ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის შემდეგ საინტერნეტო ქსელით ვრცელდება მტკიცებები, რომ ქართლის მთიანეთი,  თრუსოს ხეობა და ყაზბეგის რაიონი, ჩრდილო ოსეთთან  და ისტორიულ ინგუშეთთან ერთად თითქოსდა შედიოდა ალანიის მიტროპოლიაში კონსტანტინოპოლის იურისდიქციის ქვეშ. საჭიროა შესაბამისი კვლევა.
  • დავით გარეჯას სამონასტრო კომპლექსის მონასტრები, ნათლისმცემელი, აღმოსავლეთ კახეთი, ბოდბის რეგიონიდან საინგილოს ჩათვლით “Православная Энциклопедия”-ს XIII ტომის და საბჭოთა ეპოქის შესაბამისი რუკების მიხედვით შეყვანილია `ალბანეთის საკათალიკოსოში~. მაშინ, როცა ქართული წყაროები არ ადასტურებს ასეთ ფაქტს. საჭიროა შესაბამისი სამეცნიერო კვლევა. 
  • “გაქართველებული სომხების” კულტურის ძეგლებად მიიჩნევა ოშკი, ბანა, სამხრეთ საქართველოს მრავალი ეკლესია-მონასტერი, საერთოდ საბჭოთა ეპოქის ისტორიოგრაფიის მიხედვით ქვემო ქართლის მოსახლეობაც კი მიიჩნევა იმ ეთნიკურ სომხებად, რომელთაც თითქოსდა კირიონ I კათალიკოსის რეფორმის შედეგად დაენერგათ ქართულენოვანი წირვა-ლოცვა და ისინი თითქოსდა გაქართველდნენ ქალკედონიტური აღმსარებლობის მიღების შემდეგ. საჭიროა ამ საკითხის რკვევა და სიმართლის დადგენა.
  • აგრეთვე, ცენტრის მიზანია ეკლესიის ისტორიის კვლევა წარმართოს თანამედროვე სამეცნიერო დონის შესაბამისად და პარალელურად კვლევის საქმეში ჩართოს სტუდენტობა.

ცენტრი გეგმავს აქტიურად იმუშაოს დასავლეთ საქართველოს საეკლესიო იურისდიქციის საკითხებზე, რადგანაც, როგორც აღინიშნა, ამჟამინდელი მცდარი შეხედულებით დასავლეთ საქართველო თითქოსდა 500 წლის მანძილზე კონსტანტინოპოლის იურისდიქციაში იმყოფებოდა (IV-IX სს-ში). და მხოლოდ IX-X სს-დან თითქოსდა პროზელიტური ქართული ეკლესია შეიჭრა კონსტანტინოპოლის იურისდიქციის სფეროში და გააუქმა დასავლეთ საქართველოში 500-წლოვანი ბერძნული საეპისკოპოსო კათედრები (ფაზისი-ფოთის სამიტროპოლიტო და სხვა) და ამის შედეგად განავრცო იქ თავისი იურისდიქცია. XX ს-ში დანერგილი ეს თვალსაზრისი საერთოდ უცნობია ძველქართული ისტორიისათვის, პირიქით ამ საკითხის შესახებ რუის-ურბნისის კრება წერდა - "წმიდა ნინომ მოაქცია ყოველი სავსება ყოველთა ქართველთა ნათესავისა~, ხოლო ანდრია მოციქულმა `იქადაგა ყოველსა ქვეყანასა საქართველოისასა". მაშასადამე, ძველი ქართული ისტორიოგრაფია მიიჩნევდა, რომ დასავლეთ საქართველო მუდამ იმყოფებოდა მცხეთის ქართული ეკლესიის იურისდიქციაში.

ცენტრის მიზანია აგრეთვე წყაროების გამოცემა:

  • ბერძნულ-ლათინური წყაროების თარგმნა და გამოცემა.
  • ქართული საეკლესიო წყაროების ხელახლა გამოცემა.
  • სომხური წყაროების გამოცემა.
  • რუსული წყაროების გამოცემა (ათონისა და სხვა ქართული ცენტრების აღწერილობანი) და სხვა.

საჭიროა შესწავლილ იქნას საინტერნეტო სივრცეში:

  • აზერბაიჯანის ოფიციალური დამოკიდებულება აღმოსავლეთ კახეთის, დავით-გარეჯას სამონასტრო კომპლექსის, ბოდბისა და საინგილოს წარსულის მიმართ.
  • სომხეთის ოფიციალური დამოკიდებულება სამხრეთ საქართველოს ძეგლებისა და ხალხის მიმართ.
  • ალანიის მიტროპოლიის საკითხი, რადგანაც ამ საკითხით ვრცელი მასალები გადაიცემა საინტერნეტო სივრცით ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის შემდეგ.
  • ლაზიკის ეპარქიების განლაგების საკითხისადმი ძველი და ახალი  დამოკიდებულება თვით ბერძნულ საისტორიო-საეკლესიო წრეებში.
  • აფხაზეთის ეკლესიის ე.წ. “ავტოკეფალიის” საკითხის რკვევა და სხვა.
  • სხვა საკითხების შესწავლა.