SANGU-მდე და SANGU-ს შემდეგ

საქართველოში იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიო, საკუთარი შემოსავალი გქონდეს და აკეთებდე იმას, რაც გიყვარს, აუცილებლად გჭირდება „დიდ ავიაციაში“ მოსვლა. ეს მარტივად გულისხმობს საჭირო ადამიანების, კომპანიების, საგანმანათლებლო პროგრამების თუ სხვა აქტივობების გაცნობას იმისათვის, რომ განვითარდე, შეგამჩნიონ და შემდეგ საჭირო დროს საჭირო ადგილას მოხვდე. SANGU ამაში ძალიან დამეხმარა.

უნივერსიტეტში მოსვლის პირველი დღე ახლაც მახსოვს. ვიცოდი, ეს დღე ჩემს ცხოვრებაში აუცილებლად გარდამტეხი იქნებოდა და ამიტომაც, როგორც კი პირველი ნაბიჯი შემოვდგი შენობაში ყველაფერს კადრებად ვიმახსოვრებდი და ვცდილობდი, პირველი შთაბეჭდილება დაუვიწყარი ყოფილიყო. პატარა უნივერსიტეტს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს, რასაც 4 წლის შემდეგ ბევრად უკეთ ვხვდები და ვაანალიზებ. პირველივე წელს მიზნად დავისახე ჩემი სიტყვა მეთქვა საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, რაღაც შემეცვალა უკეთესობისკენ. გამეცნო საინტერესო ადამიანები, მემეგობრა მათთან და, რაც მთავარია, მიმეღო ისეთი განათლება-გამოცდილება, რომელიც დამეხმარებოდა საკუთარი თავის რეალიზებაში.

ხშირად გვგონია, რომ ბევრი დრო გვაქვს და ყველაფერს „ხვალაც მოვასწრებთ“, მაგრამ სინამდვილეში დრო ბევრად უფრო ჩქარა გადის ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ, მეტიც, დრო სინათლის სისწრაფით მიფრინავს და მას ვერასდროს ვერ დავეწევით. ამიტომაც ხშირად ნახევრად ხუმრობით ვამბობ, რომ ყველაზე მეტად დროის მეშინია. არის მომენტები, როდესაც გვგონია, ჩვენს ოცნებებს აუცილებლად ავიხდენთ, ოღონდ ამის გასაკეთებლად დღეს არაფერს ვაკეთებთ, ნაბიჯსაც არ ვდგამთ. ეს არასწორია და ამაში უფრო მეტად მაშინ ვრწმუნდები, როდესაც გარშემო ადამიანებს ვაკვირდები და დასკვნები გამომაქვს.


უნდა ვისწავლოთ საკუთარი ოცნებებისთვის ბრძოლა და გავთავისუფლდეთ კომფორტის ზონისგან, რომელიც შესაძლოა დამღუპველიც კი აღმოჩნდეს. ტყუილად ხომ არ უთქვამს ზვიად გამსახურდიას - „დინების მიმართულებას მხოლოდ მკვდარი თევზები მიჰყვებიანო“.

ამ 4 წლის განმავლობაში მქონდა რამდენიმე მნიშვნელოვანი პერიოდი, რთულიც, სასიამოვნოც. არ ვაპირებ იმის თქმას, რომ ყველაფერი „გათენებული ღამეების“ შედეგებია. ხშირად ადამიანებს არ ესმით, რომ მხოლოდ ბევრი შრომა არაფერს არგებთ და აუცილებელია შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავება. მხოლოდ 500 გვერდიანი წიგნის წაკითხვა არაფერს მოგცემს თუ ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი, ადამიანებთან ურთიერთობა, ინფორმაციის მოძიება, საკუთარი აზრის ლაკონიურად გადმოცემა და წაკითხულის გააზრება არ ვისწავლეთ. დღეს განათლების მიღების ფორმები რადიკალურად შეცვლილია. ჩემი აზრით, ლექტორები მხოლოდ მიმართულებას უნდა აძლევდნენ სტუდენტებს, აჩვენებდნენ კომპეტენტურ წყაროებს, უქმნიდნენ ღირებულებათა ფუნდამენტს და აძლევდნენ მოტივაციას, დანარჩენში მათი ჩარევა უბრალოდ შედეგის მომტანი არ იქნება და შესაძლოა უარყოფითი პროცესებიც კი გამოიწვიოს. ადამიანი ყველაზე ბევრს მხოლოდ საკუთარ თავზე მუშაობის დროს სწავლობს. აღარაა აუცილებელი ვიცოდეთ რამდენია ამა თუ იმ ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა, ან მთლიანი შიდა პროდუქტი, ამ ყველაფრისთვის Google არსებობ. მთავარი ახლა ღირებულებები, თანამედროვე ტექნოლოგიების ცოდნა და რაიმე ინოვაციურის შექმნაა. არ აქვს მნიშვნელობა იურისტი ხარ, IT სპეციალისტი, ეკონომისტი, ბიზნესმენი თუ ფილოლოგი, ტექნოლოგიებთან წვდომა, სიახლეების დანერგვა ყველასთვის სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში წარმატების მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია და თუ პროცესებს ფეხი ვერ ავუწყეთ, მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დავაბრალოთ და არა სხვას.

სწორედ ეს აზროვნება ჩამომიყალიბდა SANGU-ში 4 წლიანი სწავლის შემდეგ.  მიხარია, რომ გამორჩეული ჯგუფი შემხვდა, ასევე ლექტორები თუ ჩვეულებრივი ადამიანები, რომელთაგანაც ყოველთვის ვგრძნობდი მხარდაჭერას და მათი თითოეული გამამხნევებელი სიტყვა დიდ ძალას მაძლევდა, რის გამოც მათ მინდა მადლობა გადავუხადო, საბოლოო ჯამში ხომ მთავარი ადამიანია და ყველაფერი მეორე ხარისხოვანია. SANGU-მ მომცა საშუალება დავსწრებოდი უამრავ ღონისძიებას, ხშირად სწორედ მე მაძლევდნენ შანსს ფართო საზოგადოებისთვის წარმედგინა წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სახელი და ამით ყოველთვის ამაყი ვიყავი. ცხადია, გული მწყდება, რომ ჩვენი ცხოვრების ეს ეტაპი დასრულდა, თუმცა იწყება ახალი, სავსე გამოწვევებით და თავგადასავლებით. ის ფაქტი მახარებს, რომ ჩემი დაც სწორედ ამ უნივერსიტეტში, ჩემს ფაკულტეტზე აბარებს. 

აქვე ვისარგებლებ და მადლობას გადავუხდი ჩვენს პატრიარქს, ილია მეორეს, რომლის სიტყვებმაც აბიტურიენტობის დროს გადამაწყვეტინა სწორედ ამ უნივერსიტეტში ჩამებარებინა. მას ჩვენი ქვეყნის წინაშე ენით აღუწერელი დამსახურება აქვს და მინდა იცოდეს, რომ ახალგაზრდა თაობა ყველაფერს ვხედავთ, ვაფასებთ და ვცდილობთ შევინარჩუნოთ ღირებული ტრადიციები, განვავითაროთ ისინი და პარალელურად ვისწავლოთ რაღაც ახალი, რათა ეს ყველაფერი ისევ ჩვენი ქვეყნის წინსვლას მოვახმაროთ.

ლევან თაღიაშვილი
საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის კურსდამთავრებული