SANGU-ს სტიპენდიანტები

წარმოგიდგენთ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ლიტერატურის მიმართულების ერთ-ერთ წარმატებულ სტუდენტს, მარიამ ჯიშკარიანს.
როგორი იყო მარიამის ცხოვრება სტუდენტობამდე, როგორია ახლა, რამ განაპირობა პროფესიის არჩევა და რა მიზნები აქვს მომავალში, ინტერვიუდან შეიტყობთ.

მოგესალმები მარიამ.
მოგესალმებით.

როგორი იყო შენი ცხოვრება SANGU-მდე და როგორია მასთან ერთად?
SANGU-მდე ჩემი ცხოვრება ვერ ვიტყვი რომ ბანალური იყო, თუმცა ბევრად უკეთესია დღეს, SANGU-თან ერთად.  სასკოლო მეცადინეობებში და ღონისძიებებში აქტიურად ვიყავი ჩართული. ყველა საგანს თანაბარი მონდომებით ვსწავლობდი, თუმცა მეტ უპირატესობას ვანიჭებდი ქართულ ენას და ლიტერატურას. ამას ხელს უწყობდა, რაღა თქმა უნდა, ამ საგნის პედაგოგი, ჩემთვის გამორჩეული ადამიანი, ნინელი ობგაიძე და მამა, რომელიც ბავშვობიდან მიწვეთებს გულში ლიტერატურის სიყვარულს. სწავლასთან ერთად  დაკავებული ვიყავი მუსიკით. მაქვს დამთავრებული მუსიკალური ცხრაწლედი და ვაპირებდი კიდეც ჩემი მომავალი ამ სფეროსთან დამეკავშირებინა, ჩამებარებინა კონსერვატორიაში და განმევითარებინა ის რაც კარგად გამომდიოდა და ძალიანაც მიყვარდა. მაგრამ საბოლოოდ რადიკალურად განსხვავებული გადაწყვეტილება მივიღე, რაშიც დედაც დამეხმარა და ჩავაბარე SANGU-ში,  ფილოლოგიის ფაკულტეტზე. ამის მიუხედავად მუსიკასთან განშორება მაინც არ დავუშვი და ორივე პროფესიას წარმატებით ვინარჩუნებ დღემდე.

ლიტერატურის სიყვარულმა მუსიკისას სძლია, რა გხიბლავს მასში ყველაზე მეტად?
ლიტერატურის არჩევა განაპირობა მისმა სიყვარულმა, სკოლის სხვა საგნებთან შედარებით თავს ყველაზე კომფორტულად ამ მიმართულებით ვგრძნობდი და ასეა დღესაც. ეს სიყვარული და ინტერესი კი მაძლევს მეტ სტიმულს და ძალას, რომ რაც დავიწყე და რა გზაზეც დავდექი, ბოლომდე საფუძვლიანად მივიყვანო. ყველაზე ძალიან, რაც ამ პროფესიაში მომწონს არის ის, რომ მაძლევს ზღვა ცოდნას, ვეცნობი მსოფლიო დონის მოაზროვნე ხალხის დანატოვარს, იმ დიდ საგანძურს რომელსაც ლიტერატურა ჰქვია. სხვადასხვა მკვლევრებისა და მეცნიერების მოსაზრებებს, საფუძვლიანად შევისწავლი ჩვენს ენას, გრამატიკას და ა.შ. ძალიან ბევრი რამით შეიძლება მოიწონოს თავი ამ პროფესიამ და მხოლოდ ერთს ვერ გამოვყოფდი.

მომავალში იქნები პრაქტიკოსი მასწავლებელი, მეცნიერი თუ სხვა გეგმები გაქვს?
როცა ჩემს პროფესიას ვასახელებ, ყოველთვის იქმნიან შთაბეჭდილებას, რომ მომავალში ვიქნები მასწავლებელი და ჩემი მოღვაწეობა შემოიფარგლება სკოლით. თუმცა ეს ასე არ არის, მე უფრო მეტის ამბიცია, უფრო დიდი მიზნები მაქვს,  ვიდრე სკოლაში პედაგოგობაა, მაგრამ ამ პროფესიასაც, რა თქმა უნდა, პატივს ვცემ. თავადაც უკვე მივიღე სკოლაში მუშაობის გამოცდილება და ძალიან ბევრი საინტერესო და ძვირფასი დღეები გავატარე ჩემს პატარებთან ერთად  ევროპულ სკოლაში. მაგრამ მაინც  მინდა მუდმივად განვითარების პროცესში  და რაღაც ახლის ძიებაში  ვიყო. ბაკალავრიატის შემდეგ ვაპირებ მაგისტრატურაზე ჩაბარებას, ამის შემდეგ ვგეგმავ დოქტორანტურასაც, ჩემს თავს ამ ეტაპზე მომავალში  ვხედავ კარგ ლიტერატორად და ლექტორად.

რას გავალებს სტიპენდიანტობა?
იყო სტიპენდიანტი ნიშნავს კეთილსინდისიერად ასრულებდე შენს, როგორც სტუდენტის ვალდებულებებს და მუდმივად, აქტიურდ იყო ჩართული საკუთარი თავის განვითარებასა და წარმოჩენაში. სტიპენდიანტობა არის დადასტურება ჩემი შრომისმოყვარეობისა, ეს არის სტატუსი, რომელიც მეტი პასუხისმგებლობით განმაწყობს როგორც სხვების, ასევე საკუთარი თავის მიმართ. იყო სტიპენდიანტი, ნიშნავს გამოიყენო შენი შესაძლებლობების მაქსიმუმი, აკეთო ბევრად მეტი და იყო გამორჩეული.

როგორ ფიქრობ, რა არის საჭირო წარმატებისთვის?
წარმატების მისაღწევად ბევრი შრომა, საკუთარი თავის რწმენა, მიზანდასახულობა და მისკენ უშიშრად სწრაფვაა საჭირო. სირთულეების გადალახვაში მეხმარება ჩემს გონებაში  მუდმივად  მოძრავი ფრაზები დავით გურამიშვილის „სწავლა მოსწავლეთადან“, რომ - „თუ კაცსა ცოდნა არა აქვს გასტანჯავს წუთისოფელი“, „სწავლის ძირი მწარე არის კენწეროში გატკბილდებისო“ ამბობს იგი,  ხოდა მეც ვუმკლავდები სირთულეებს, „კენწეროში გატკბილების“ იმედით.


დიდი მადლობა მარიამ, წარმატებებს გისურვებ.
გმადლობთ.
 

მოამზადა ნინო აბრამიშვილმა